ხათუნა ლაგაზიძე: „პრევენციისთვის აუცილებელი იყო ირაკლი ალასანიას მხრიდან ამ თემის გახმაურება“

ხათუნა ლაგაზიძე: „პრევენციისთვის აუცილებელი იყო ირაკლი ალასანიას მხრიდან ამ თემის გახმაურება“

სამეგრელოში შეიარაღებული ფორმირებების თემა ახალი სკანდალის საფუძველი ხდება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა ჟენევის მოლაპარაკებათა მე-17 რაუნდის კომენტირებისას განაცხადა, რომ თბილისი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან აგრძელებს სამხედრო ძალისა და ტექნიკის მობილიზებას და ახდენს დივერსიულ-დაზვერვითი ჯგუფების შეგზავნას ამ ტერიტორიებზე სიტუაციის დესტაბილიზების მიზნით.

„ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ თბილისი აგრძელებს თავისი სამხედრო და პოლიციური პოტენციალის სრულყოფას და გაძლიერებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების უშუალო სიახლოვეს. კვლავინდებურად გრძელდება ქართული საფრენი აპარატების ფრენა მეზობელი რესპუბლიკების ახლომდებარე ტერიტორიებზე. ასევე აღინიშნება დივერსიულ-დაზვერვითი ჯგუფების შეგზავნა და აქტიურობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე“, - განაცხადა კარასინმა.

მისივე თქმით, ქართული მხარს ამგვარი ქმედებები ხელს უშლის სიტუაციის სტაბილურობას და „გამორიცხავს რაიმე სახის ნდობის გაჩენის მასშტაბური ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას“.

კარასინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკვე დროა თბილისმა ახალი რეალობა მიიღოს - „აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და მათთან ნორმალური, სახელმწიფოებრივი ურთიერთობები დაამყაროს.“

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე კარასინის ამ განცხადებაში რაიმე განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. „რომ გითხრათ, რაიმე კონკრეტულს ველოდები ამ განცხადებისგან-მეთქი, გაზვიადებული მოლოდინი იქნება. ასეთ განცხადებებს რუსები პირველად არ აკეთებენ, მაგრამ მეორე თემაა, რომ ამისი საბაბი ჩვენ არ უნდა მივცეთ. ეს უფრო არსებითია, ვიდრე ამ შემთხვევაში კარასინის განცხადება. ამიტომაც ვშიშობდი, როდესაც ამ თემამ წამოიწია ჯერ კიდევ ორი თვის წინ“, - აცხადებს ლაგაზიძე.

ლაგაზიძე ამბობს, რომ მოსალოდნელი იყო, ეს რეალურ საფრთხედ ქცეულიყო, ისევ ამ კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში.

„ეს არ არის პრობლემა, რომელიც რუსეთიდან მოდის, ეს არის საპასუხო რეაქცია. სწორედ ამიტომაა ეს სათუთი თემა, რომელსაც უნდა მიხედვა და საკანონმდებლო ფარგლებში მოქცევა. პასუხი სჭირდება კითხვას, ეს ფორმირებები, საბოლოო ჯამში, ქვეყნის თავდაცვისნარიანობას შეუწყობენ ხელს თუ პირიქით, თავდასხმის მაპროვოცირებლად შეიძლება იქცნენ“, - აცხადებს ლაგაზიძე.

კარასინის ამ განცხადებას საქართველოს ხელისუფლება მყისიერად გამოეხმაურა და აქცენტი ირაკლი ალასანიას „ანტისახელმწიფოებრივ“ განცხადებაზე გადაიტანა.

ხელისუფლება მიიჩნევს, რომ რუსულ მხარეს ისევე როგორც, აფხაზურ მხარეს მისცა შესაძლებლობა გამოექვეყნებინა ასეთი პროვოკაციური ბრალდებები, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული

„ვფიქრობ, პოლიტიკოსმა, რომელიც ასეთ, მგრძნობიარე თემას ეხება, გაცილებით უფრო დიდი პასუხისმგებლობით უნდა იფიქროს იმ შედეგებზე, რომელიც, შესაძლოა, ასეთ განცხადებას მოჰყვეს. თუმცა, ამასთანავე არ შემიძლია გამოვრიცხო ისიც, რომ „ქართული ოცნებისა“ და ირაკლი ალასანიას განცხადება თავიდან ბოლომდე, შეთანხმებული იყო რუსულ მხარესთან“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა.

იგივე ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა:

„როდესაც შენ ემსახურები კრემლს და ატარებ რუსეთის ინტერესებს, იძულებული ხარ, სინქრონში ისაუბრო და გააკეთო ისეთი განცხადებები, რაც მათ ასიამოვნებთ“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთს საქართველოში ინსტრუმენტად ჰყავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციას არ იზიარებს ხათუნა ლაგაზიძე:

„სულ რომ არ გაკეთებულიყო ეს განცხადება, გარწმუნებთ, რუსეთს ეს ინფორმაცია ექნებოდა და ქართულ ოპოზიციაზე უფრო ინფორმირებულები არიან. რამდენიმე კილომეტრში ამ ფორმირებებისგან მათი ჯარები დგანან და მათი დაზვერვის შესაძლებლობებზე ნუ ვილაპარაკებთ. ელემენტარულია, რომ რა ხდება მოსაზღვრე რეგიონში, მათ ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონოდეთ. ეს ინფორმაცია გაჟღერდებოდა თუ არა, ოპოზიციის მიერ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა რუსეთის მხრიდან რეაქციისთვის“, - მიიჩნევს ლაგაზიძე.

ლაგაზიძე ასევე დარწმუნებულია, რომ ეს განცხადება ირაკლი ალასანიამ გააკეთა იმ პროცესების თავიდან ასაცილებლად, რომელიც ამ ფორმირებების უკანონო მოქმედებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა.

„ამ კუთხით თუ შევხედავთ ეს აუცილებელი იყო, რადგან პრევენცია იმისა, რაც შეიძლება მოხდეს, აუცილებელია. და მაინც, მთავარია, მივიღოთ ამ კითხვაზე პასუხი, ვინ არის გარანტი იმისა, რომ ეს ფორმირებები კონკრეტულად ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას მოემსახურებიან და არ იქცევიან ქვეყანაზე თავდასხმის მაპროვოცირებელ ფაქტორად. ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას? - ეს არის აქ მთავარი კითხვა, თორემ ქვეყანას რომ რეზერვი სჭირდება, ამაზე არავინ არ დავობს. მაგრამ არის კი ეს რეზერვი იმდენად კონტროლირებადი, რომ პირიქით არ მოხდეს? ამისი პრევენციისთვის გაკეთდა ის განცხადებები, რაც გაკეთდა, და ამაზე დაბეჯითებით პასუხს თუ მივიღებთ, არანაირი პრობლემა არ შეიქმნება არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ“, - აცხადებს ლაგაზიძე.

ლაგაზიძის მოსაზრებით, თუ იმ კითხვებს, რაც ამ შეიარაღებულ ფორმირებებთან არსებობს, ხელისუფლების მხრიდან ჯეროვანი პასუხი გაეცემა, სრულიად გასაგები იქნება მათი არსებობა ერთი მხრივ, ქვეყნის მოსახლეობისთვის, ხოლო მეორე მხრივ იგივე დასავლეთისთვის. ყველას ეცოდინება, რომ ეს არის სრულიად ბუნებრივი, კანონის ფარგლებში მოქმედი მართლაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის ჩამოყალიბებული ფორმირებები და არა - პირიქით.

მიიღებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება გონივრულ გადაწყვეტილებას ძნელი სათქმელია, ჯერჯერობით, ეს თემა შესაძლოა, მხოლოდ ხელისუფლებასა და ოპოზიციასა შორის ახალი ბრალდებების საგანი გახდეს და რეალურად არაფერი შეიცვალოს, ამასობაში კი გაურკვეველი შეიარაღებული ფორმირებები რუსეთისთვის საქართველოზე თავდასხმის საბაბად იქცეს.

„აქამდე ასეთი ნოტები ისმოდა, როგორ განვითარდება პროცესები, ამ წუთას ამისი თქმა მიჭირს, იმიტომ, რომ ხელისუფლება გარკვეულწილად ლავირებას მუდმივად ახერხებს-ხოლმე. იმ საკითხებთან მიმართებაში, რასთან დაკავშირებითაც ბოლო პერიოდში დიდი აჟიოტაჟი ატყდა, განსაკუთრებით დასავლეთის მხრიდან, ხელისუფლებამ მისთვის წინა წლებში ჩვეული ლავირების უნარი კვლავ გამოამჟღავნა. ანუ არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლების რეაქცია ადექვატური იყოს იგივე დასავლეთის მოთხოვნების მიმართ, თუ მსგავსი მოთხოვნები დასავლეთის მხრიდან წამოვა“, - ვარაუდობს ხათუნა ლაგაზიძე, თუმცა მაინც ფიქრობს, რომ ამ ხელისუფლების პროგნოზირება მაინც რთულია, რადგან რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, დასავლეთის მოთხოვნებისადმი ლოიალურობა გამოიჩინა, ხოლო რაღაც საკითხებისადმი ძალიან გაამკაცრა ტონი. „ამდენად, გამიჭირდება პასუხის გაცემა, როგორი იქნება ხელისუფლების რეაქცია“, - ამბობს ლაგაზიძე.