ზვიად ძიძიგური: არა მგონია, ლუის ნავარო NDI-ის კვლევების გამო კომფორტულად გრძნობდეს თავს

ზვიად ძიძიგური: არა მგონია, ლუის ნავარო NDI-ის კვლევების გამო კომფორტულად გრძნობდეს თავს

კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურიPresage.tv-სთან საუბარში აცხადებს, რომ NDI-ის კვლევები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს გულს ვერ გაუტეხს, რადგან იმ დროს, როცა თავად იგი თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო, ერთი თვით ადრე, NDI-მ ერთ-პროცენტიანი შედეგი დაუწერა, თუმცა თბილისის არჩვენებში მან 8% აიღო.

რა შთაბეჭდილება დაგრჩათ პარლამენტში სამთავრობო საათის გამართვის შემდეგ, რომელსაც შსს მინისტრი ფორსმაჟორული ვითარების გამო ვერ დაესწრო?

- ყველამ ვნახეთ, რასაც წარმოადგენდა სამთავრობო საათი. მუდმივად გვიცხადებენ, რომ ჩვენი მინისტრები შეუპოვარნი არიან, რომ ოპოზიციის არა ეშინიათ, მაგრამ მინისტრმა მერაბიშვილმა გაიმეორა პრეზიდენტ სააკაშვილის ქმედება - დეპუტატებს დაჰპირდა, რომ სამთავრობო საათზე მივიდოდა, მაგრამ არ მივიდა. ვფიქრობ, ეს არ არის ჩვენი „დემოკრატიული“ ხელისუფლებისთვის მთავარი საკითხი, რადგან ეს არის მთავრობა, რომელსაც ეშინია საკუთარი მოსახლეობის. ოპოზიციის მიერ დასმული კითხვები არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან დასმული საკითხები, არამედ სწორედ ეს თემები აწუხებს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს. ამ კითხვებზე პასუხის გაცემის ვალდებულება საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ძალას არ გააჩნია, მინისტრი იქნება, უმრავლესობის წევრი თუ პრეზიდენტი. ფაქტია, რომ დღეს ხელისუფლების ერთ-ერთი სახე, ხერხემალი, როგორც თვითონ ამბობს მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, გაექცა მოსახლეობის მხრიდან წამოსულ შეკითხვებს.

არის ასეთი მოსაზრებაც, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ბიძინა ივანიშვილი მოახერხებს ვანო მერაბიშვილის დაყოლიებას და თავის მხარეს დაყენებას, მაშინ, შესაძლოა, უსისხლოდ დამთავრდეს მოვლენები.

- ბევრი მოსაზრება გამოითქმის ამა თუ იმ მიმართულებით, მაგრამ ამ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის მიღება არ მინდა. მე ვფიქრობ, პოლიტიკოსის მხრიდან ეს არ არის განსახილველი თემა. თუ რაიმე მსგავსი ტიპის ფაქტი იქნება სახელისუფლო წრეებიდან, ვგულისხმობ, რომელიმე მათგანის ოპოზიციაში წასვლას, უკვე კონკრეტული ფაქტების შემდეგ იქნება შესაძლებელი შეფასებების გაკეთება. ასეთ თემაზე წინმსწრებად კომენტარის გაკეთება ძალიან უმადური საქმეა და არ მინდა, ამ უმადურ საქმეში არც მე გავეხვიო, არც თქვენ ჩართვას ვისურვებდი.

რისთვის ემზადებიან ნაციონალები? იმ შემთხვევში, თუკი არჩევნებში ივანიშვილის ძალა ვერ გაიმარჯვებს, რა იქნება ამის მიზეზი - ნაციონალების მხრიდან გააქტიურებული კამპანია?

- ერთ რამეს გეტყვით, ჩვენ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის ვემზადებით. პირადად მე საარჩევნო შტაბში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საორგანიზაციო სამსახურის ხელმძღვანელი გახლავართ და მინდა გითხრათ, რომ ასი ათასი კაცი იქნება ჩვენგან ჩართული ამ არჩევნებში. ეს კი იმის გარანტიას იძლევა, რომ მილიონ ხმაზე მეტს ავიღებთ. ეს საპარლამენტო უმრავლესობაში მოსვლას ნიშნავს. „ქართული ოცნება“ ავტომატურად გახდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამისთვის ვმუშაობთ 24-საათიან რეჟიმში რამდენიმე ასეული ადამიანი, რაც, სადღაც, ერთ თვეში რამდენიმე ათასი გახდება და შემდეგ, უკვე, გეომეტრიული პროგრესით მოიმატებს იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც არჩევნებზე ასეთი ტემპითა და ენერგიით იმუშავებენ. ზუსტად ვიცი, რა პოლიტიკური გეგმები გვაქვს. ის, რომ ნაციონალური მოძრობა შეეცდება, გააყალბოს არჩევნები, დააშინოს მოსახლეობა, მოისყიდოს ამომრჩევლები, ეს ჩვენთვის ახალი ამბავი არ არის. ყველა ამ ტიპის საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პასუხები გვაქვს და აუცილებლად გამოვიყენებთ პრევენციულ ზომებს.

პრევენციის თვალსაზრისით, რა ზომებს მიმართავთ, რათა არჩევნები არ გაყალბდეს?

- იმისთვის, რომ არჩევნები გაუყალბებლად ჩატარდეს, მთავარი პრევენცია არის ის, რომ საქართველოს ყველა უბანში სოლიდური წარმომადგენლობა გვეყოლება, რათა არჩევნების შედეგების დაცვა მოვახერხოთ და გაყალბების საშუალება არ მივცეთ ხელისუფლებას არც საარჩევნო ყუთებთან, არც საარჩევნო უბნებში, ეზოებში და - არსად.

მაგრამ რას მოუხერხებთ ე.წ. ბანდფორმირებებს, რომლის შესახებაც ირაკლი ალასანიამ განაცხადა? არჩევნების დღეს ეს ფორმირებები „ქართული ოცნებისთვის“ ხელის შემშლელი არ გახდება?

- ძალიან დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ირაკლი ალასანიას იმისთვის, რომ პრევენციულად საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გამახვილდა ამ საკითხზე. არ ვაპირებთ, გულხელდაკრეფილებმა ვუყუროთ იმ სამართალდარღვევებს, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან წამოვა. ასევე, ჩვენს მხარეს იქნება საერთაშორისო მხარდაჭერა, ვინაიდან საქართველო დღეს დიდი გამადიდებელი შუშის ქვეშ არის მოქცეული და ნებისმიერი გაყალბების მცდელობა, კანონდარღვევა, ოპოზიციისთვის ხელის გადაგრეხვა საერთაშორისო რეაგირების გარეშე არ დარჩება. რეაგირების ის რეჟიმი, რომელიც აქვს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კოალიციას, ძალიან ეფექტურია. თქვენ ნახეთ, რომ ბანკების დაყაჩაღების, კონტროლის პალატის შემოტევის, მოქალაქეობის აღდგენის საკითხებზე - ყველაფერმა შედეგი გამოიღო. ახლა ჩვენ ველოდებით ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას, რადგან ეს უკვე საერთაშორისო მოთხოვნის თემად გადაიქცა. ეს მხოლოდ საქართველოს შიდა საქმე არ გახლავთ და ერთი კონკრეტული პირისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევა-არჩამორთმევის საზღვრებს, კარგა ხანია, გასცდა. ყველანი ერთად ვნახავთ, თუ რა ნაბიჯი იქნება გადადგმული ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო ზეწოლის შედეგად. ამერიკის კონგრესი, საფრანგეთის მთავრობა, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები - ყველანი ბიძინა ივანიშვილისა და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარეს არიან. გარწმუნებთ, რომ კოალიცია, რომელსაც სათავეში ბიძინა ივანიშვილი უდგას, უსერიოზულესი ძალაა, მისი არც იგნორირება, არც მისი საქმიანობის შეჩერება საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია.

იმ შემთხვევაში, თუ 5 აპრილსაც ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეობა ვერ მიიღო, მისთვის მოქალაქეობის მინიჭების ლოდინის რეჟიმში უსასრულოდ იქნებით? არადა, პარტია შესაქმნელია. უკვე ცნობილი იყო, რომ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ აპრილში უნა დაფუძნებულიყო.

- ჩვენი გეგმები როგორიც იქნება, ამის შესახებ 5 აპრილის შემდეგ მოგახსენებთ. ფაქტია, რომ 5 აპრილის დადგომას ველოდებით და გვაინტერესებს, საქართველოს ხელისუფლება როგორ ეტყვის უარს მთელ საერთაშორისო საზოგადოებას. დარწმუნებულები ვართ, მათთვის ამ უარის თქმა ურთულესი იქნება.

ჩვენი ხელისუფლების თავდასხმა საელჩოებზე რით არის განპირობებული? 2004 წელსაც სააკაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში პლამენ ნიკოლოვი პერსონა ნონ-გრანტად გამოაცხადა. ხომ არ ფიქრობთ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას უფრო მყარი დამოკიდებულება აქვს აშშ-ის სენატთან, კონგრესთან და ამის გამო მისთვის დასაშვებია ხმის ამაღლება ელჩებთან მიმართებით?

- საელჩოებთან პრეტენზიის გამოთქმა, რომ თურმე იქ მოქალაქეებს ცუდად ექცევიან, სრული შეუსაბამობაა, ვინაიდან ის პრეტენზიები, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა, შესაძლოა, საკონსულოებთან ჰქონოდა. საელჩოები და საკონსულოები ქვეყნის პირველ პირებს არ ეშლებათ ხოლმე. არც სააკაშვილს არ მოსვლია შეცდომა. უბრალოდ, მას ვითომ შეეშალა. სინამდვილეში, თავისი გაღიზიანებული დამოკიდებულება, რომელიც დიპლომატიური კორპუსის მიმართ აქვს, საჯაროდ და ღიად დააფიქსირა. არადა, წლების განმავლობაში გვესმის, რომ, ვინც ამერიკის შეერთებული შტატების რაიმე ქმედებას ან გამონათქვამს გააკრიტიკებს, ან ევროპული სახელმწიფოების პოზიციების გაკრიტიკებას შეეცდება, ყველა, თურმე, რუსეთის აგენტი, საქართველოს მტერი და ოკუპანტების მხარეს მყოფია. დღეს კი თვითონ არიან ასეთ მდგომარეობაში, რაც კიდევ ერთელ ადასტურებს, რომ მათ დაკარგული აქვთ სიმშვიდე, წინასწორობა, პოლიტიკური სიმყარე და ხან მარჯვნივ აწყდებიან კედლებს, ხანაც - მარცხნივ. ეს მათ კარგ მდგომარეობას არ ადასტურებს. ამიტომ, რამდენიც არ უნდა უქნიონ მუშტები აშშ-ის საელჩოს თუ სხვადასხვა საერთშორისო ორგანიზაციებს, ამით ვერავის შეაშინებენ.

ძალიან სწორად ითქვა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში აშშ-ს საქართველოში მრავალმილიარდიანი ინვესტიცია აქვს ჩადებული. ეს ის ქვეყანა არ არის, რომელიც ამდენ ფულს ქარს გაატანს და შემდეგ ავტორიტარიზმის ნარჩენების მცდელობას დატოვებს იმ ადგილას, სადაც მან ამდენი კაპიტალი დააბანდა. რა თქმა უნდა, მათი მხრიდან სერიოზული მონიტორინგი განხორციელდება, რათა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან ხელისუფლების ჩანაცვლება სამართლიანი არჩევნებით მოხდეს.

NDI-ის კვლევებით განაწყენებული ჩვენი მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ეს კვლევა საქართველოში არსებულ რეალობას აცდა, ამიტომაც NDI-ის ოფისთან საპროტესტო აქციების მოწყობას გეგმავენ. რატომ დადო ლუის ნავარომ ასეთი ურთიერთგამომრიცხავი ციფრები, მაშინ, როცა საკუთარ კვლევაში არც მალავს, რომ საქართველოში ადამიანები პოლიტიკაზე საუბარს მხოლოდ ოჯახებში ამჯობინებენ.

- ძალიან წინააღმდეგობრივია, რომ თურმე გიორგი თარგამაძე ქვეყანაში 55 %-ს მოსწონს, ამ დროს კი მის პარტიას 3 %-იანი რეიტინგი აქვს, ინგა გრიგოლია მოსწონს 52%-ს და ასევე მისი პარტიის რეიტინგი დაბალია. ასევე, 70% ითხოვს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებას, ამ დროს კი ივანიშვილისა და მისი პოლიტიკური კოალიციის მიმართ სიმპათია 10%-ით განისაზღვრება. ეს ყველაფერი ძალიან სასაცილო წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან. ამიტომ არა მგონია, რომ ბატონი ლუის ნავარო ამის გამო კარგად და კომფორტულად გრძნობდეს თავს. როდესაც სოციოლოგიურ კვლევას უკვეთავს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, მან კარგად უნდა იცოდეს, რომელ ქვეყანას აძლევს ასეთ დაკვეთს.

ახლა ლევან თარხნიშვილის სახელი და გვარი რომ გამოჩნდება სოციოლოგიური კვლევის მიდამოებში, როგორ შეილება, იქ რაიმე ობიექტურობაზე იყოს საუბარი? მინდა შეგახსენოთ, ადგილობრივი არჩევნების წინ, როდესაც მე თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ვიყავი, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე NDI-იმ კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ერთი პროცენტი დამიწერეს. არადა, თბილისში 8% ავიღე. ასე რომ, თუ NDI-ის კვლევებს რვაზე გავამრავლებთ, შესაძლოა, უფრო რეალური ციფრისკენ გადავიხაროთ. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში NDI-ის კვლევები ყოველთვის საშინლად იყო რეალობას აცდენილი. ახლა რაც მოხდა, გაცილებით მძაფრია რეაქცია, ვიდრეც მაშინ, როცა საკმაოდ მისუსტებული ოპოზიციური პარტიების დასაცავად იჩენდნენ ხოლმე.

დღეს „ქართული ოცნება“ გაცილებით ძლევამოსილი ოპოზიციური კოალიციაა და მისი დაჩაგვრა ხელისუფლების ასეთი უსუსური მცდელობებით (რომ NDI-იმ დაუკვეთოს კვლევა ორგანიზაციას, სადაც ფიგურირებს ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი ადამიანების გვარები), არ გამოუვათ. ამით „ქართული ოცნების“ მხარდამჭეთა გულის გატეხვის ნომერი არ გაუვათ.