ჩირგვებში გაუჩინარებული მინისტრები და გაბუტული ფრაქცია

ჩირგვებში გაუჩინარებული მინისტრები და გაბუტული ფრაქცია

ორი მინისტრი პარლამენტში დაიბარეს, მაგრამ არ მივიდნენ. უმრავლესობას ეს არც სწყენია. უფრო მეტიც, როდესაც ფრაქციამ „ერთობა სამართლიანობისთვის“ სამთავრობო საათის გამართვა და მერაბიშვილისა და ადეიშვილის დაბარება მოითხოვა, უმრავლესობის ლიდერი მათ მოთხოვნას კატეგორიულად შეეწინააღმდეგა და პარლამენტის თავმჯდომარეს ლამის უბრძანა, მათ მოთხოვნაზე უარი ეთქვა.

არადა, კანონმდებლობით ნებისმიერ ფრაქციას უფლება აქვს, სამთავრობო საათის გამართვა და ნებისმიერი მინისტირს დაბარება მოითხოვოს. ბაქრაძემ სწორედ ეს არგუმენტი მოიშველია და განაცხადა, უფლება არა გვაქვს, ეს მოთხოვნა არ დავაკმაყოფილოთო. თუმცა, იქვე ისიც დასძინა, რომ იგი ამას რეგლამენტიდან გამომდინარე ამბობდა და ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ის ლორთქიფანიძის ფრაქციის მოთხოვნას იზიარებდა.

ეს ყველაფერი ორშაბათის ბიუროზე მოხდა. სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის მინისტრი ხუთშაბათს პარლამენტში მისვლას ვერ მოახერხებდა, რადგან სამუშაო ვიზიტით კიევში მიემგზავრებოდა და ითქვა, რომ პარლამენტში ადეიშვილის ნაცვლად მისი მოადგილე, თინა ბურჯალიანი მივიდოდა. ლორთქიფანიძის ფრაქციას ამაზე საყვედური არ უთქვამს. მაგრამ მოითხოვეს დადასტურება, რომ პარლამენტში მერაბიშვილი მაინც მივიდოდა და ისიც რომელიმე მოადგილეს არ გაგზავნიდა. ოთხშაბათს მათ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაჭრით დაუდასტურა, რომ მერაბიშვილი მივიდოდა და სესიის დაწყებამდე ეს ინფორმაცია არც შეცვლილა.

მაგრამ საბოლოოდ მერაბიშვილსაც „რაღაც გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა“ და პარლამენტში მანაც თავისი მოადგილე გააგზავნა.

მერაბიშვილის ამ გადაწყვეტილებას საპარლამენტო კულუარებში ორი ახსნა მოეძებნა. პირველი ის, რომ ადეიშვილი არ აპირებდა მისვლას და ამიტომ მერაბიშვილიც არ „დაიმცირებდა“ თავს პარლამენტში მისასვლელად. ცხადია, ეს იმ ვერსიის გაგრძელებაა, რომლის თანახმად, ადეიშვილსა და მერაბიშვილს შორის გარკვეული დაპირისპირება არსებობს.

მეორე ვერსიით კი, მერაბიშვილს თვითონ სააკაშვილმა არ მისცა პარლამენტში მისვლის უფლება, რათა მის მიმართ საზოგადოების განწყობა რაიმე კუთხით დადებითად არ შეცვლილიყო. ამ ვერსიას ისიც ამძაფრებს, რომ მერაბიშვილის გარკვეულწილად დამცირება თვითონ სააკაშვილმა სცადა, როდესაც იგი „გაღლეტილის“ სტატუსით მოიხსენია.

ცისკარიშვილი კი ყველაფერს აკეთებდა, რომ მინისტრებს პარლამენტში მისვლა არ დასჭირვებოდათ. მით უმეტეს, რომ გაგზავნილი კითხვების სიმძაფრე მთლიანად იუსტიციის მინისტრისკენ იყო მიმართული და მერაბიშვილი გარკვეულწილად უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.

ასეა თუ ისე, მინისტრები პარლამენტში არ მივიდნენ. მერაბიშვილის არმისვლის მიზეზად კი გიგი წერეთელმა, რომელიც სხდომას თავმჯდომარეობდა, „სერიოზული და საგანგებო მიზეზი“ დაასახელა, თუმცა, ამ მიზეზის დაკონკრეტება ვერაფრით შეძლო.

ამის შესახებ პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყებისას წერეთელმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძე დაინტერესდა, რატომ არ იმყოფებოდა დარბაზში შსს მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

გიგი წერეთლის განმარტებით, ვანო მერაბიშვილი მას სხდომის დაწყებამდე დაუკავშირდა და განაცხადა, რომ ვერ მოახერხა სხდომაზე მისვლა და მის ნაცვლად, პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე მივიდოდა.

წერეთლის განცხადების შემდეგ, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ სხდომაზე ვანო მერაბიშვილის მიუსვლელობა სიმართლისგან გაქცევად შეაფასა, წერეთელმა კი მას უთხრა, „რომ შოუს მოწყობა არ გამოუვიდოდა“ და ბაღათურიას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

ამის შემდეგ კი განცხადების გაკეთება ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძემ და მდივანმა გიორგი ცაგარეიშვილმა მოითხოვეს, თუმცა წერეთელმა მათ მიკროფონი აღარ ჩაურთო და იმავდროულად, ბაღათურიას დაწყნარებას ცდილობდა, რომელიც უმიკროფონოდ, ხმამაღლა აფასებდა დღევანელ სხდომას.

„ეს არის პარლამენტის მასხრად აგდება“ , – ყვიროდა ბაღათურია.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური მალევე დაწყნარდა. ამის შემდეგ ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის“ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

ლორთქიფანიძის თქმით, ის გამოხატავს პატივისცემას იმ საზოგადოებისადმი, ვისი ყურადღებაც მიპყრობილია დღევანდელი სხდომისადმი. ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ კითხვები, რომლებიც მათ სამთავრობო საათისთვის მინისტრებს გაუგზავნეს, აინტერესებს არა მხოლოდ მის ფრაქციას, არამედ მთელ საზოგადოებას.

„ამ საკითხებისადმი არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ და დასძინა, რომ სამთავრობო საათი წინასწარ იყო შეთანხმებული მთავრობის საპარლამენტო მდივანთანაც.

ის ფაქტი კი, რომ სამთავრობი საათზე შინაგან საქმეთა მინისტრიც არ გამოცხადდა, ლორთქიფანიძემ „ბრძოლის ველიდან გაქცევად“ შეაფასა.

„ჩვენ ამ შოუს, რისთვისაც ეს ეკრანი მოამზადეთ, ვტოვებთ, გიტოვებთ თქვენ ამ დარბაზს და მომავალი სამთავრობო საათისთვის, დღესვე შევიტანთ განაცხადას,“ – განაცხადა ლორთიფანიძემ.

ლორთქიფანიძეს წერეთელი გამოეხმაურა და მის განცხადებას „მასკარადის ნაწილი“ უწოდა.

პარლამენტში შს მინისტრის მიუსვლელობა მისმა მოადგილე ეკატერინე ზღულაძემ ფორსმაჟორული სიტუაციის შექმნით ახსნა.

„პირადად გიხდით ბოდიშს შს მინისტრის სახელით. სამინისტრო არის უწყება, სადაც შეიძლება ფორსმაჟორული სიტუაციები მოხდეს. ერთ-ერთი განსაკუთრებული შემთხვევა დღეს გვქონდა. წინასწარ ვერ მოვასწარით თქვენი საქმის კურსში ჩაყენება,“ – განაცხადა ზღულაძემ და დასძინა, რომ ეცდება დეპუტატების კითხვებს თავად უპასუხოს.

ფრაქციას ორივე მინისტრისთვის 10 საკითხზე ჰქონდა კითხვები გაგზავნილი და, წესით, მსჯელობა ამ თემებზე უნდა გამართულიყო.

კითხვების ნახევარი პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების ქონებას შეეხებოდა, რომელიც მათ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იშოვეს.

კითხვა N1 - მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 მარტის №127 და 2007 წლის 20 ივნისის №308 განკარგულებები, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება პრეზიდენტის ოჯახის წევრის, მისი დედის საკუთრებაში გადავიდა, არის უკანონო და შეიცავენ კორუფციის ნიშნებს?

კითხვა N2 - რამდენად კანონიერად გადაეცა პრეზიდენტის დედას, გიული ალასანიას კუთვნილ „საქართველოს უნივერსიტეტს“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული 15 827 კვ.მ. ფართი?

კითხვა N3 - საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“–გან პრეზიდენტის მეუღლის საკუთრებაში არსებულმა რადიო „მუზამ“ 2009 წელს საჩუქრად 456 342 ლარი, ხოლო 2010 წელს 644 952 ლარი, ჯამში - 1 101 294 ლარი მიიღო. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ საჩუქრის მიღებით პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კანონი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ”?

კითხვა N4 - საქველმოქმედო ფონდ „ქართუ“–დან კანონდარღვევით მიღებული საჩუქარი პრეზიდენტმა თავის ქონებრივ დეკლარაციაში არ ასახა. მიგაჩნიათ თუ არა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ”? და ზემოთჩამოთვლილ კანონდარღვევების გამო აღძრულია თუ არა სისხლის სამართლის საქმე პრეზიდენტის წინააღმდეგ და მიმდინარეობს თუ არა საგამოძიებო მოქმედებები?

კითხვა N5 - ზემოთჩამოთვლილი კანონდარღვევების გამო აღძრულია თუ არა სისხლის სამართლის საქმე პრეზიდენტის წინააღმდეგ და მიმდინარეობს თუ არა საგამოძიებო მოქმედებები?

ამ ხუთ კითხვას კი ადეიშვილის მოადგილემ მხოლოდ ის პასუხი გასცა, რომ ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ არგუმენტები, პრეზიდენტის ოჯახის კორუფციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, „ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს“.

როგორც ბურჯალიანმა განაცხადა, „პრეზიდენტის 2007 წლის 22 მარტის N127 დადგენილებით, „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ ქონება – არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კანონმდებლობით დადგენილი ნორმატიული ფასით გადაეცა.

„ხაზს ვუსვამ, რომ შედგა ჩვეულებრივი ყიდვა-გაყიდვა,“ – აღნიშნა ბურჯალიანმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის 2007 წლის 20 ივნისს N308 განკარგულებას, მინისტრის მოადგილის თქმით, ამ დოკუმენტის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ქართული ეროვნული სამოსი და მუსიკალური საკრავი-ინსტუმენტები შეიძინა და თურქეთის ტერიტორიაზე მოქმედ ქართული-ხალხური შემოქმედებისა და მხატვრული თვითშემოქმედების კოლექტივებს, ფოლკლორულ ჯგუფებსა და ანსამბლებს უსასყიდლოდ გადასცა.

რაც შეეხება რადიო „მუზას“ მიერ საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“–გან საჩუქრად 1 101 294 ლარის მიღებას და მის პრეზიდენტის ქონებრივ დეკლარაციაში დამალვას, ბურჯალიანის განცხადებით, კლასიკური მუსიკის ასოციაცია რადიო „მუზა“ არაკომერციული, არასამეწამეო იურიდიული პირია და არ არის ორიენტირებული მოგებაზე.

მისივე თქმით, „მუზასთვის“ გადაცემული ნებისმიერი ტიპის შემოწირულობა და საჩუქარი „საქართველოში კლასიკური მუსიკის ხელშეწყობასა და მის პოპულარიზაციას ემსახურება. ასოციაციის დამფუძნებლები და წევრები მატერიალურ და სხვა სახის უპირატესობას არ იღებენ,“ - განაცხადა ბურჯალიანმა და დასძინა, რომ კორუფციული დანაშაულის აუცილებელი ელემენტი კონკრეტული პირის მიერ არამართლზომიერი უპირატესობის მიღებაა.

ბურჯალიანმა ხაზი გაუსვა, რომ არც ერთი კორუფციული ელემენტი სახეზე არ ყოფილა და ამიტომ, მათზე არანაირი გამოძიება და სისხლის სამართლებრივი პროცედურები არ მიმდინარეობს.

კითხვა N6 - გთხოვთ, გაგვცეთ პასუხი, ხაშურის რაიონის პოლიციის შენობაში მოქალაქე სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რატომ არ მიეცა ოჯახს საშუალება დამოუკიდებელი ექსპერტი მოეწვია და დამოუკიდებელი ექპერტიზა ჩაეტარებინა? აღძრულია თუ არა სისხლის სამართლის საქმე იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც მოქალაქეებს ქიმერიძის ოჯახისთვის სამძიმრის გამოხატვის საშუალებას არ აძლევდნენ და ხელს უშლიდნენ ჟურნალისტებს (ტელეკომპანია „მაესტროსა“ და ტელეკომპანია „თრიალეთის“) ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში და ემუქრებოდნენ მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით?

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე ზღულაძე ირწმუნება, რომ შს სამინისტრო ხაშურის პოლიციაში გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძის საქმის ობიექტურად გამოძიებით არის დაინტერესებული. მისი თქმით, ქიმერიძის საქმესთან დაკავშირებით „პირველადი ექსპერტიზა უკვე მომზადებულია და ამ ექპერტიზას ეჭქვეშ არავინ აყენებს“.

„დეპუტატების შეკითხვის მეორე ნაწილი უცნაური იყო, რადგან ჭირისუფლის გადასაწყვეტია, მიცვალებული რა ვითარებაში გააცილოს და ამას ყველამ პატივი უნდა ვცეთ. ოჯახის წევრებმა, ამასთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს, მათ შორის სატელევიზიო და ვთვლი, რომ ეს თემა ამოწურულია“, - განაცხადა ზღულაძემ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ფაქტზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მყისიერი რეაგირება მოახდინა - ხაშურის პოლიციის უფროსი თანანმდებობიდან გადააყენა, რომელიც აყვანილია კადრების განკარგულებაში.

„ამ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, სამინისტროს ყველა თანამშრომლის წუხილს გამოვხატავთ. გარდა იმისა, რომ ეს უმძიმესი ტრაგედია იყო ოჯახისთვის, თუ ეს ფაქტი ბუნდოვანი დარჩა, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ყველა იმ რეფორმას და მიღწევას, რაც პოლიციაში გვაქვს. ამიტომ, ამ საქმის გამოსაძიებლად სამინისტრო დაინტერესებულია. მინისტრის დავალებით, უსაფრთხოების ნორმები გამკაცრდა, გაიზარდა ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობა, მის დაქვემდებარებაში შენობაში ნებისმიერი პირის დამატებით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ყველა პოლიციელს აეკრძალა ოჯახთან ნებისმიერი კომუნიკაცია, მათ შორის სამძიმარზე მისვლა. იმიტომ, რომ ეს საგამოძიებო პროცესზე ირიბ ზეწოლად არ ჩათვლილიყო. ამასთან, მინისტრმა, პირად კონტროლზე აიყვანა ის პოლიციელები, ვინც შენობაში იმ დროს იმყოფებოდა. ისინი ეფექტურად თანამშრომლობენ პროკურატურასთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა, სამინისტრო თავის მორალურ პასუხისმგებლობას აცნობიერებს“, - განაცხადა ზრულაძემ სამთავრობო საათზე.

ზღულაძემ პოლიციელების პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შარშან, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, სხვადასხვა ტიპის გადაცდენისთვის და უკანონო ქმედებისთვის 1093 პოლიციელის პასუხისმგებლობა დააყენა.

„აქედან ნაწილი სამინისტროს მიერ გამოვლინდა, ნაწილი კი - პრესისა და არასამთავროების მიერ. ამით იმის თქმა მინდა, რომ საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებში საკუთარი თავის მონიტორინგის ეფექტური სისტემა არსებობს, მაგრამ ეს სისტემა წარმატებულია მაშინ, როცა საზოგადოების ინტერესი და ამ მონიტორინგში მონაწილეობის სურვილი არსებობს," - დასძინა მან.

ამასთან, მისი მტკიცებით, სამართალდამცველ სტრუქტურებში დაუსჯელობის სინდრომი არ არსებობს და უწყებაში „თვითკონტროლის ეფექტური სისტემაა“, რაც იმას ნიშნავს, რომ „პოლიციის რეფორმა შედგა“.

როგორც ზღულაძემ განაცხადა, გასულ წელს მისი უწყების გენერალურმა ინსპექციამ სხვადასხვა ტიპის გადაცდენისთვის და უკანონო ქმედებისთვის 1093 პოლიციელს პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. მისივე თქმით, აქედან დარღვევების ნაწილი სამინისტროს მიერ, ნაწილი კი პრესის და არასამთავროების მხრიდან გამოვლინდა.

„ამით იმის თქმა მინდა, რომ საქართველოს სამართალდამცველ სტრუქტურებში არსებობს საკუთარი თავის მონიტორინგის ეფექტური სისტემა. მაგრამ ეს სისტემა წარმატებულია მაშინ, როცა არსებობს საზოგადოების ინტერესი და ამ მონიტორინგში მონაწილეობის სურვილი. სამართალდამცველ სტრუქტურებში დაუსჯელობის სინდრომი არ არსებობს, რადგან თითოეული პოლიციელი კარგად აცნობიერებს, რომ მის ერთადერთი ფუნქციაა საქართველოს მოქალაქეების და მისი სტუმრების უსაფრთხოებას ემსახუროს. საქართველოს პოლიციის რეფორმა შედგა არა იმიტომ, რომ ახალი შენობები ავაშენეთ, ხელფასებმა იმატა და პოლიცია კორუმპირებული აღარ არის, არამედ რეფორმა შედგა იმიტომ, რომ საზოგადოებისა და პოლიციელების ურთიერთპატივისცემის შესახებ საზოგადოებამ გვიკარნახა“, - განაცხადა ზღულაძემ.

მისივე თქმით, „ერთდაერთი, რაც ხანდახან რიგითი პოლიციელისთვის თუ მოქალაქისთვის ძნელად განსამარტია, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის პოლიტიკურად ანგაჟირების მცდელობაა“.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ეკა ზღულაძის განცხადებით, სახალხო დამცველის მომართვის საფუძველზე სულ მცირე 25 თანამშრომელი დაისაჯა.

„შსს-ში ომბუდსმენის თითოეული მომართვა დეტალურად იქნა შესწავლილი და მასზე დაუყონებლივი რეაგირება მოხდა, რასაც სახალხო დამცველი ანგარიშში მადლიერებით აღნიშნავს“, - განაცხადა ეკა ზღულაძემ და დასძინა, რომ სახალხო დამცველი ადასტურებს, „სამართალდამცავ სტრუქტურებში სისტემური პრობლემა დაძლეულია, რაც მნიშვნელოვანი მონაპოვარია“.

კითხვა N7

გთხოვთ, მოგვცეთ განმარტებები, კახეთში ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილის უკანონო დაპატიმრებასთან დაკავშირებით და აღძრულია თუ არა სისხლის სამართლის საქმე პოლიციელ გ. სიბაშვილის წინააღმდეგ, სოფო ნიკოლაშვილისა და მისი ადვოკატის განცხადებების საფუძველზე?

ამ საკითხზე პასუხის გაცემა შს მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე ზღულაძემ მოინდომა. თუმცა, მან “ნიკოლაშვილის საქმესთან დაკავშირებულ დელიკატურ ისტორიაზე საუბარი” პარლამენტის ტრიბუნიდან არ ისურვა.

როგორც ზღულაძემ განაცხადა, სოფო ნიკოლაშვილმა მამის კუთვნილი იარაღით ესროლა მის მეგობარს, რომელიც პოლიციელია. თუმცა, მეგობრის პოლიციელობა, ზღულაძის თქმით, „არააქტიურია“ და დამამძიმებელ გარემოებადაც არ ჩაითვლება.

„იგივე შედეგი დადგებოდა, ეს მეგობარი მამაკაცი ჟურნალისტი ან ინჟინერი რომ ყოფილიყო, ისევე, როგორც არანაირი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ ეს ქალაბატონი პროფესიით ჟურნალისტია. აქ საქმე არ გვაქვს მის პროფესიულ საქმიანობასთან“, – განაცხადა ზღულაძემ და დასძინა, რომ ამ საქმის დელიკატური პირადი ისტორიის დეტალები პარლამენტის ტრიბუნიდან მისი განსახილველი არ არის.

მისი თქმით, თუ რომელიმე დეპუტატს დამატებითი შეკითხვები აქვს, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ნიკოლაშვილის ადვოკატსაც და დაზარალებულ მხარესაც.

„მთავარი ის არის, რომ ამჟამად ადვოკატი და პროკურატურა მუშაობენ, შეძლებისდაგვარად ნაკლებად მძიმე აღმკვეთ ღონისძიებაზე იმის გათვალისწინებით, რომ თავდამსხმელი ქალბატონია“, – დასძინა ეკატერინე ზღულაძემ.

კითხვა N8 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2011 წლის 14 იანვარს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელზე წარდგენილ იქნა სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მოქმედების წინასწარი გეგმა. რას ითვალისწინებს ხსენებული წინასწარი მოქმედების გეგმა? რა სახის ღონისძიებები აქვს დაგეგმილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსასრულებლად?

ბურჯალიანის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის მსგავსი „უბედური შემთხვევების“ პრევენცია მოხდეს.

როგორც ამ კითხვის საპასუხოდ ბურჯალიანმა განაცხადა, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას დაეკისრა 50 ათასი ევრო, კომპენსაციის სახით ოჯახის სასარგებლოდ იმ ხარვეზებისთვის, რასაც ადგილი ჰქონდა გამოძიებისას.

„ეს გადარიცხვა განხორციელდა 3 თვეში“, – განაცხადა ბურჯალიანმა და დასძინა, რომ ახლა მიმდინარეობს მუშაობა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტთან, რომელიც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას ზედამხედველობს.

მისი თქმით, სამოქმედო გეგმა, რომელიც მუშავდება, დაკავშირებულია მთელ რიგ საკანონმდებლო თუ სხვა სახის ღონისძიებებთან, რომელთა მიზანია, “მსგავსი შემთხვევების პრევენცია და შეძლებისდაგვარად აღმოფხვრა ყველა იმ შედეგისა, რომელიც ამ უბედურ შემთხვევას მოჰყვა“.

ამ სამოქმედო გეგმის დეტალები თინათინ ბურჯალიანმა ჯერჯერობით არ დააკონკრეტა.

კითხვა N9 - კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღუსრულებლობა საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან. ამისი ნათელი დადასტურებაა ვეტერან-მფრინავ ავიატორთა სასარგებლოდ გამოტანილი საბოლოო სასამართლო აქტები მათთვის კუთვნილი შემწეობების გაცემასთან დაკავშირებით. ხუთი წელია, მოქალაქეთა ეს ჯგუფი იუსტიციის მინისტრისგან პასუხს ამაოდ ელის. ამ ხნის განმავლობაში გარდაცვლილია თერთმეტი ვეტერანი მფრინავი, პასუხი კი მიუხედავად დაპირებებისა არ ისმის. გთხოვთ, გაგვცეთ პასუხი, რა ვადებში და რა სამართლებრივი ფორმით იქნება აღმოფხვრილი აღნიშნული სამართალდარღვევის

ფაქტები?

აღნიშნულ საკითხზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თინა ბურჯალიანი აცხადებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება იუსტიციის სამინისტროსთან პირდაპირ კავშირში არ არის, იმის მიუხედავად, რომ აღსრულების ბიურო მის დაქვემდებარებაშია.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებისთვის ზომებს იღებს და შესაბამისი თანხები წლის ბოლომდე იქნება გადახდილი. სამწუხაროა, რომ რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა მათი მემკვიდრეები სრულად მიიღებენ იმ თანხებს, რაც მათ ეკუთვნით“ - დასძინა ბურჯალიანმა და აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების აღუსრულებლობასთან დაკავშირებით ფინანსური პრობლემები წლის ბოლომდე აღმოიფხვრება.

კითხვა N10 - საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დეტალურად განმარტოს, რატომ ჭიანურდება დღემდე და რა ეტაპზეა ამჟამად ბატონ ბიძინა ივანიშვილისთვის ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი?

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა განაცხადა, რომ ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერისთვის ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილება კანონით დადგენილი სამი თვის ვადაში იქნება მიღებული. თუმცა მან ასევე არ გამორიცხა, რომ ამ ვადას ოთხი დღე დაემატოს.

„მოქალაქეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით ჩვენ გვაქვს სამთვიანი ვადა საკითხის გადაწყვეტისთვის, ეს ვადა ჯერ არ გასულა, ვადები არ დარღვეულა და კანონით დადგენილ ვადაში, ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება და შესაბამის პირსაც ეცნობება“, – განაცხადა ბურჯალიანმა.

ივანიშვილმა, რომელსაც პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეობა ოქტომბერში მას შემდეგ შეუწყდა, რაც მან პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადი გააკეთა, ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღების თაობაზე განაცხადით 5 იანვარს მიმართა ხელისუფლებას. მისი ადვოკატების განცხადებით, პასუხის გაცემის ვადა სამ თვეში, კერძოდ კი 5 აპრილს იწურება.

ბურჯალიანმა გადაწყვეტილების მიღების კონკრეტული თარიღი არ დაასახელა, თუმცა განაცხადა: „ხარვეზის გამოსწორებისთვის, დაახლოებით, თუ არ ვცდები 4 დღე იყო მიცემული და ეს ხარვეზის გამოსწორებისთვის გათვალისწინებული რამდენიმე დღეც შესაძლოა, დაემატოს“.

„ყოველ შემთხვევაში, სამ თვიანი ვადა არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული“, – განაგრძო მან, „ეს სამთვიანი ვადა არ დარღვეულა და გარწმუნებთ, რომ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან და ეს ეცნობება, ბუნებრივია, როგორც ბატონ ივანიშვილს, ისე საზოგადოებას“.

კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქედ მიღებაზე პრეზიდენტმა უარი შეიძლება უთხრას იმ პირს, რომელმაც ჩაიდინა საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და ადამიანობის წინააღმდეგ; მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო დანაშაულში; ან სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი საქართველოს მოქალაქედ მიღება მიზანშეუწონელია.

ეს იყო და ეს. ფაქტობრივად არანაირი დებატები არ გამართულა და მნიშვნელოვანწილად იმიტომ, რომ მინისტრები პარლამენტში არ მივიდნენ. ამაზე გაბრაზებულმა ფრაქციამ „ერთობა სამართლიანობისთვის“ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და ივანიშვილის მოქალაქეობაზე კითხვაც კი „ქრისტიან-დემოკრატების“ დასასმელი გახდა. ეს კითხვა გიორგი ახვლედიანმა დასხვა. გიორგი თარგამაძემ ის ფაქტი გააპროტესტა, რომ გირგვლიანის საქმეს ბურჯალიანმა „უბედური შემთხვევა“ უწოდა და ყველაფერი ამით დასრულდა.

თუმცა, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ აცხადებსა, რომ ისინი ამ ორი მინისტრის პარლამენტში მისვლას ყოველ თვე მოითხოვენ და იმდენს იზამენ, რომ საზოგადოებაში არსებულ კითხვებს მათ თავად გასცენ პასუხი.