ნაციონალების ლობები დასავლეთში პოზიციებს თანდათან თმობენ

ნაციონალების ლობები დასავლეთში პოზიციებს თანდათან თმობენ

სენატორ ჯიმ მაკდერმოტმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ორი დღის წინ კანონპროექტის „საქართველოს დემოკრატიული აქტი 2012“ ინიცირება მოხდინა. ინიციატივამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საქართველოში. ტელეკომპანია „რუსთავი2“-მა ამ ფაქტს ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ამ კანონპროექტის ინიცირება ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების მუშაობის შედეგია და, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერი საქართველოს წინსვლიკენ უღობავს გზას, რადგან ამ აქტის ამოქმედების შედეგად, საქართველოს ამერიკის ფინანსური დახმარება შეუწყდება.

„ქართული ოცნების“ წევრმა, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ - ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა კი „რუსთავი2“-ის სიუჟეტის საპასუხოდ ტელეკომპანია ტყუილში დაადანაშაულა.

„ის, რომ ამ აქტით საქართველოსთვის დახმარების შეჩერებას ითხოვენ, ტყუილია. დოკუმენტში წერია: „2013 წლის ფისკალური წლისთვის არავითარი დაფინანსება არ უნდა გამოეყოს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, ან სააგენტოს საქართველოსათვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, ვიდრე სახელმწიფო მდივანი არ დაადასტურებს და მოახსენებს სენატისა და წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს, რომ 2012 წლის ოქტომბრის ან სხვა თარიღის საპარლამენტო არჩევნები, თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა“.

„რუსთავი-2“-ს სიუჟეტში კი ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარდება და ამიტომ, ქვეყანას დახმარება შეუწყდება. მხოლოდ დემოკრატიული საქართველო შეიძლება აშშ-ის პარტნიორი იყოს. აქ ყველაფერი ნათელია და სიტუაციის დრამატიზირება საჭირო არ არის და ამ თემაზე სპეკულაცია უსინდისობაა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თავად ის ფაქტი, რაც ხელისუფლების ამგვარ გაღიზიანებას იწვევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ლობისტური კომპანიები დაიქირავა, ცოტა არ იყოს უცნაურია, რადგან წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ასეთი კომპანიების მომსახურებით სარგებლობს და მცდარ ინფორმაციას აწვდის ამერიკასა თუ ევროპას საქართველოში არსებული ვითარების შესახებ. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მომსახურებით სარგებლობისთვის სააკაშვილი თანხებს ბიუჯეტიდან ხარჯავს, ბიძინა ივანიშვილი კი საკუთარი ჯიბიდან უხდის ფულს თავის ლობისტებს. ამიტომ, ცოტა გაუგებარია ხელისუფლების ასეთი გაღიზიანება ამ ფაქტით. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ივანიშვილის ლობისტები იმისგან რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას აწვდიან ამერიკასა და ევროპას, რასაც სააკაშვილი და მისი ლობისტები.

ყოფილი დიპლომატი და „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერი მაია ფანჯიკიძე presage.tv სთან საუბარში აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში წარმოდგენილ კანონპროექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორ მანამდე ამერიკის სენატში გამართულ დებატებს. მაია ფანჯიკიძის თქმით, ეს მოწმობს მხოლოდ იმას, რომ საქართველოში ჩასატარებელ არჩევნებზე იქნება ძალიან დიდი დაკვირვება უცხოეთის, და განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ეს კი გამოწვეულია იმით, რომ გაჩნდა სახელისუფლო გუნდის ნამდვილი კონკურენტი და აქედან გამომდინარე, რეალური შანსი იმისა, რომ არჩევნებში გაიმარჯვოს ოპოზიციურმა ძალამ.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ასეც მოხდება. სწორედ ამის გამო იქნება ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც შეფასდება ამ არჩევნების თავისუფლების ხარისხი და დემოკრატიულობა და დაკვირვება იქნება ძალიან დიდი. ამიტომ არის ეს კანონპროექტი ჩვენი ქვეყნისთვის ასე მნიშვნელოვანი.“ - აცხადებს მაია ფანჯიკიძე.

რაც შეეხება „რუსთავი2“-ის მიერ წამოყენებულ ბრალდებას, მაია ფანჯიკიძის თქმით, ეს ბრალდება ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი მიმართულია ამერიკის კონგრესისკენ, ხოლო მეორე ნაწილი ეხება „ქართულ ოცნებას“.

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაც არ უნდა იმუშაონ ლობისტებმა, კონგრესმენს ათქმევინებენ იმას, რისი თქმაც მას არ სურს, ან არ მიაჩნია სამართლიანად და სწორად, ძალიან ცდებიან. არ მგონია, რომ ამერიკელი კონგრესმენების მოსყიდვა შეიძლებოდეს. ეს არის ფაქტიურად ბრალდება, რომელსაც „რუსთავი2“ უყენებს „ქართულ ოცნებას“ და ამით შეურაცხყოფას ჩვენ კი არ გვაყენებს, არამედ ამერიკელ კონგრესმენებს. კონგრესმენს შენ შეგიძლია მიაწოდო ინფორმაცია, მაგრამ ის ამ ინფორმაციას გამოიყენებს თუ არა, და როგორ ინტერპრეტაციას გაუკეთებს მას, ეს მხოლოდ მისი საქმეა და მე ვფიქრობ, რომ მათი სახელი იმსახურებს იმდენ ნდობას, რომ ვიცოდეთ - ტყუილად ისინი ასეთ განცხადებას არ გააკეთებდნენ“, - აცხადებს მაია ფანჯიკიძე presage.tv სთან საუბარში.

რაც შეეხება იმას, რომ ამ აქტით საქართველოს წინასვლას ექმნება პრობლემა, მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ ესეც არის აბსოლუტურად გაუმართლებელი ბრალდება, რადგან ამ დოკუმენტში ერთადერთ პირობად არის დასახელებული 2012 წლის არჩევნები, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არჩევნები არ ჩატარდება დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში, მაშინ განიხილება საქართველოსთვის დახმარების შეწყვეტის საკითხი. რადგანაც აბსოლუტურად ყველა საქართველოში და რაც მთავარია, ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და ჩატარდება თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, შესაბამისად, მაია ფანჯიკიძე ხელისუფლების შეშფოთების საგანს ვერ ვხედავს.

„ჩავატაროთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები და ეს საკითხი არ გადაიხედება.“- ამბობს მაია ფანჯიკიძე.

რაც შეეხება ხელისუფლების აღშფოთებას იმით, რომ ბიძინა ივანიშვილი სარგებლობს ლობისტური კომპანიების მომსახურებით, მაია ფანჯიკიძისთვის სრულიად გაუგებარია ასეთი რეაქცია.

„თუ ქვეყანაში ყველაფერი წესრიგშია, მაშინ ჩვენი ლობისტებიც ამას ისე წარმოაჩენენ, როგორც არის, რადგან ტყუილს ვერავინ მოიგონებს. სიტუაციას ვერავინ გააყალბებს იმის მიუხედავად,. რომ შეიძლება ვინმე ეცადოს, რადგან ამის ეფექტი იქნება ნული. არავინ ლობისტების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას გადაუმოწმებლად ასეთ მაღალ დონეზე არ აჟღერებს, როგორც ეს მოხდა ამერიკაში. ხოლო რაც შეეხება ლობისტების ყოლას, ეს არის სრულიად კანონიერი მოვლენა, რომლითაც ძალიან კარგად სარგებლობს ხელისუფლება და ის ვერავის აუკრძალავს ჰყავდეს ხმის მიმწვდენი ევროპაში და ამერიკაში იმ პირებისთვის, ვინც წყვეტენ პოლიტიკას“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერი.

პოლიტოლოგი გია ნოდია კი თვლის, რომ ამერიკის კონგრესში საკითხის ასე დაყენება სწორედ ბიძინა ივანიშვილის ლობისტების მუშაობის შედეგია. მისი თქმით, ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც ლობისტები მუშაობენ ამერიკელ კონგრესმენებთან, რათა ამ უკანასკნელებმა შემდეგ კონკრეტული საკითხები წამოჭრან. ნოდიას განცხადებით, ეს არის ამერიკის პოლიტიკური სისტემის ნაწილი და ლობისტებიც სწორედ იმისთვის არსებობენ, რომ ასეთ რაღაცეებს მიაღწიონ.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ კანონპროექტის ამერიკის კონგრესში ინიცირება საქართველოსთვის, გია ნოდიას თქმით, ეს რომ უმნიშნელო იყოს, ლობისტებიც არ იმუშავებდნენ ამ საკითხზე ასე აქტიურად. თუმცა ექსპერტს ეეჭვება, რომ ამერიკის კონგრესში ეს საკითხი გავიდეს.

„ერთია, რომ ასეთი რამის ინიცირება მოახდინა ერთმა კონგრესმენმა, მაგრამ რამდენად სავარაუდოა, რომ ეს გავა, ეს კიდევ სხვა საკითხია. მე პირადად ეჭვი მეპარება, რომ გავა. რა თქმა უნდა, ეს არასასიამოვნო ფაქტია საქართველოსთვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის, როგორც ბზიკმა უკბინოს, რაღაც ასეთია ამ ეტაპზე“, - აცხადება გია ნოდია presage.tv სთან საუბარში.

იგი ასევე მიიჩნევს, ამერიკის შეერთებული შტატები ასეთი კრიტერიუმებით რომ უდგებოდეს სხვა ქვეყნებს, ძალიან ცოტა ქვეყანა იქნება ისეთი, ვისაც ამერიკა დაეხმარება და ვისთანაც კარგი ურთიერთობა ექნება. რაც შეეხება ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების საკითხს, გია ნოდია აცხადებს, რომ „დემოკრატიული არჩევნები“ საკმაოდ ფართო ცნებაა.

„არ ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები, ეს არის ძალიან ფართო რაღაც. ვინ დაადგენს კონკრეტულად, რას ნიშნავს დემოკრატიული და არადემოკრატიული არჩევნები? თუ ჩათვლიან, რომ საქართველო არის რაღაც პირსისხლიანი დიქტატურა, შესაძლებელია, მას შეუწყდეს დახმარება, მაგრამ რაკი საქართველო არის გაცილებით უფრო დემოკრატიული ქვეყანა, ვიდრე, ალბათ, უმრავლესობა იმ ქვეყნებისა, ვისაც ამერიკა ეხმარება, ძალიან ძნელი წარმოსადგენია რაღაც ისეთი არჩევნები ჩატარდეს აქ, რომ ამერიკამ საქართველოს შეუწყვიტოს დახმარება“, - ამბობს გია ნოდია.

პოლიტიკური ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ამგვარი კანონპროექტი საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია და ერთადერთი, რითაც ცისკარიშვილის აზრით შეგვიძლია თავი დავიმშვიდოთ, არის ამერიკის შეერთებული შტატების ის მიდგომა, რომელსაც ის უკანასკნელი თვეების განმავლობაში ხშირად აჟღერებს - რომ ამერიკის პარტნიორი არის სახელმწიფო და ხალხი, და არავითარ შემთხვევაში რომელიმე ხელისუფლება, ან მისი შემადგენელი ინდივიდები. ამასთანავე, სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ ხელისუფლებამ მოახდინა თვითლუსტრაცია, როდესაც ამ კანონპროექტის გამო ატეხა განგაში, ვინაიდან ინიციატივის ავტორი მოითხოვს, რომ საქართველოსთვის ამერიკის მხრიდან დახმარების შეწყვეტის საკითხი დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში გაყალბდება არჩევნები.

„როცა ამის გამო ნაციონალურ არხებზე მოთქმა იწყება ე.ი. წინასწარ იციან, რომ ამერიკა არ ჩათვლის ამ არჩევნებს სამართლიანად, მიუხედავად იმისა, რომ დღე და ღამე ტრაბახობენ, რომ ეს იქნება უნიკალური არჩევნები თავისი სამართლიაობითა და დამოკრატიულობით. ამიტომ პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენებაა იმაზე, რომ დიახ გავაყალბებთ, მაგრამ ამას უნდა დავარქვათ სამართლიანი არჩევნები. მართალია ქალბატონ კლინტონს ვერ გადაათქმევინებენ იმას, რასაც იტყვის, მაგრამ თუ კლინტონი ამას იტყვის, ეს ივანიშვილის და მისი თანამებრძოლების ღალატის შედეგი იქნება და არა ის, რომ ვიღაცამ მართლა დაინახა გაყალბების პროცესი. ეს ხომ ძალიან პრიმიტიული მიდგომაა და უზნეო ახირებული ბავშვისთვის დამახასიათებელი, რომელიც, როგორც წესი, დედისერთის სტატუსით იზრდება ოჯახში და როცა ტირის, გასდის ხოლმე. უკაცრავად, ნაციონალური მოძრაობა დედისერთა შვილი აღარ არის საქართველოსთვის“,- აცხადებს სოსო ცისკარიშვილი presage.tv სთან საუბარში.

რაც შეეხება ხელისუფლების მიერ გამოთქმულ ბრალდებას ბიძინა ივანიშვილის ლობისტების მისამართით, სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ლობიზმს წარმატება აქვს იმის მიხედვით, სიცრუეს ლობირებ თუ ჭეშმარიტებას. ექსპერტი მიიჩნევს, - მალე მოვისმენთ, რომ ივანიშვილმა მოისყიდა ობამა.

„ამის გაჟღერებისთვის ფანტაზია ეყოფათ „რუსთავი 2“-საც, „იმედსაც“ და საპარლამენტო უმრავლესობის კაჭკაჭებსაც. ამიტომ, ვიყოთ ზომიერნი შეფასებისას. საქართველოსთვის მეტ საფრთხეს წარმოადგენს „რუსთავი 2“ და „იმედი“, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები თავის კონგრესიან სენატიანად“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.