"ნაციონალური მოძრაობა" აქციებით იმუქრება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ენერგეტიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე იბარებს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათ კალაძისგან "გაზპრომთან" დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა სურთ. მისივე განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობა" ასევე მზადაა, სურვილის შემთხვევაში ღია საკომიტეტო განხილვაშიც მიიღოს მონაწილეობა, რომელსაც, როგორც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები დაესწრებიან. "იმ შემთხვევაში, თუ ეს შეთავაზებები იქნება უარყოფილი, თუ ისევ იქნება მცდელობა, რომ სახელმწიფომ არ გაასაჯაროვოს მოლაპარაკებები, რომელიც უკვე აჩენს კითხვებს, როგორც ჩვენს რეგიონალურ სტრატეგიულ პარტნიორებში, ისე საერთაშორისო არენაზე, "ნაციონალური მოძრაობა" მიმართავს ყველა საშუალებას, მათ შორის ქუჩის აქციებსაც, რომ შეაჩეროს ხელისუფლების ეს უკეთური მცდელობები. გუშინ საღამოს უკვე იყო პირველი შეხვედრები დაინტერესებულ პირებთან და არის ყველა წინაპირობა, რომ შევქმნათ ძლიერი საპროტესტო ტალღა არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.