პარლამენტი პრეზიდენტის ახირებების შესასრულებლად

პარლამენტი პრეზიდენტის ახირებების შესასრულებლად

მართალია, პარლამენტი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა და, წესით, ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდეს, როგორც კონსტიტუციაშია აღნიშნული, მაგრამ მისი ძირითადი ამოცანა პრეზიდენტის ახირებების შესრულება და არსებული კანონებისა და კონსტიტუციის ამ ნათქვამებზე მორგებაა. ეს ტენდენცია კი განსაკუთრებით ბოლო პერიოდშია თვალშისაცემი.



ამჯერად საუბარია პრეზიდენტის შარშანდელ ნათქვამზე - მომავალ წელს 26 მაისს პარლამენტის სხდომას ქუთაისში გავმართავო.



თუმცა, პარლამენტის პლენარული სხდომების გამართვა მხოლოდ პარლამენტის შენობაში არის შესაძლებელი და პარლამენტის შენობის ადგილად განსაზღვრულია თბილისი, ვიდრე არ გამოცხადდება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები.



შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ქუთაისში გადატანა საკმაოდ დიდი ვნებათაღელვის შედეგად მოხდა და დღემდე საზოგადოების დიდი ნაწილი მის გადატანას ეწინააღმდეგება. ყოველ შემთხვევაში, ყველა სოციოლოგიური კვლევისას ასეთი შედეგები ფიქსირდება. ამასთან, მოსახლეობა ამის მიზეზად დღემდე იმას მიიჩნევს, რომ სააკაშვილს, ერთი მხრივ, ეშინია საპროტესტო ტალღის და იმედოვნებს, რომ ქუთაისში პარლამენტის გადატანით ეს პრობლემა მოგვარდება და, მეორე მხრივ, იმის გამო, რომ თბილისი ხელისუფლებას დიდად არ სწყალობს, ეს თბილისზე გარკვეული შურისძიებაა.



ასეა თუ ისე, კონსტიტუციაში უკვე წერია, რომ საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მომდევნო საერთო „საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან“ უნდა გახდეს.



შესაბამისად, სააკაშვილის იმ განცხადების შემდეგ, რომ ის 26 მაისს პარლამენტის სხდომას აუცილებლად ქუთაისში გამართავს, გარკვეული გაუგებრობები გამოიწვია სწორედ იმის გამო, რომ დღეს კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა.



ამიტომაც, მაშინ, ისიც კი ითქვა, რომ „სიმბოლური სხდომა“ გაიმართებაო, მაგრამ საქმეს ესეც ვერ შველოდა, რადგან, ჯერ ერთი, კანონმდებლობა არანაირ სიმბოლურ სხდომას არ იცნობს და, მეორეც, ნებისმიერ შემთხვევაში, ქუთაისში სხდომის ჩატარება უკანონო იქნებოდა.



ამ პრობლემს მოგვარებას კი პარლამენტი რეგლამენტში იმ ცვლილების შეტანით აპირებს, რომლის თანახმად 2012 წლის 1 მაისიდან, პარლამენტის პლენარული სხდომები შეიძლება ჩატარდეს, როგორც ქალაქ თბილისში, ისე ქალაქ ქუთაისში.



იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ამ მოწვევის პარლამენტის სხდომების ქუთაისში გამართვასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებით, კონსტიტუციის დარღვევას გამორიცხავს.



როგორც კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მოქმედი კონსტიტუციით, განსაზღვრულია მომავალი პარლამენტის ადგილსამყოფელი და არა მოქმედის.



„დღეს მოქმედ კონსტიტუციაში განსაზღვრული არ არის პლენარული სხდომების ადგილი,“ – განაცხადა კუბლაშვილმა და განმარტა, რომ ამის გამო, ცვლილებებით კონსტიტუციის დარღვევა, შეუძლებელია.



მისი თქმით, პარლამენტის ქუთაისში გადასვლასთან დაკავშირებით პოლიტიკური განაცხადი არაერთხელ გაკეთდა და ყველასთვის ცხადია, რომ შემდეგი არჩევნების შემდეგ მხოლოდ ქუთაისში იქნება როგორ საკომიტეტო, ასევე პლენარული სხდომები. თუმცა, მისი თქმით, ხელისუფლება ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია, ამ მოწვევის პარლამენტსაც ჰქონდეს შესაძლებლობა, პლენარული სხდომა გაიმართოს როგორც ქუთაისში, ასევე თბილისში.



„ვფიქრობ, რომ რეგლამენტში ამ ნორმის დაზუსტება შესაბამისობაშია ამ პოლიტიკურ განაცხადთან,“ – განაცხადა კუბლაშვილმა.



„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ „ამ ცვლილების მიღების კანონიერება სხვა საკითხია. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი მისი პოლიტიკურ-მორალური მხარეა“.



მისი თქმით, ამ ცვლილებების ინიციატივით საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი იმიტომ გამოვიდა, რომ მან „ერთი ადამიანის ხუშტურის გამო ბრძანება ზემოდან მიიღო.“



„რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი დასავლეთ საქართველოში და ვნახე, თუ რა მდგომარეობაშია საქართველოს პარლამენტის მშენებარე შენობა.

როგორც ჩანს, იმის გამო, რომ სააკაშვილის ხუშტურები შეასრულონ, გოგორიშვილიც და ბაქრაძეც, თავის უმრავლესობიან უმცირესობიანად მზად არიან, გაქანდნენ და სხდომა ქუთაისში ჩაატრონ, თუნდაც ამის ჩატარება მშენებარე შენობის სახურავზე მოუწიოთ,“ - ამბობს გიორგი ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ „სააკაშვილი დეპუტაციას ქუთაისში სახურავზე მიერეკება და იქიდან ალბათ კარლსონებივით გადმოხედავენ მთელ იმერეთს.“



ცაგარეიშვილი სხვა ვერანაირ ახსნას ვერ უძებნის ამ საკანონმდებლო ინიციატივას, რადგან, როგორც განმარტავს, ამ პარლამენტს თბილისში სულ რამდენიმე სხდომის ჩატარებაღა მოუწევს და შემდეგ ისედაც სულ ქუთაისში გადადის და ეს ნორმა ავტომატურად ძალას დაკარგავს, რადგან ამოქმედდება ის საკონსტიტუციო ნორმა, რომლის თანახმად პარლამენტის ადგილად ქუთაისია განსაზღვრული.



„ამიტომაც ვამბობ, რომ ეს არის მხოლოდ სააკაშვილის ხუშტურებზე სიარული და ეს რამდენად არის პოლიტიკურ-მორალურად გამართლებული, ადვილი წარმოსადგენია,“ - ამბობს ცაგარეიშვილი.