"ოქროს ბურთი" წელს ლიონელ მესის ერგო

"ოქროს ბურთი 2015"-ის გამარჯვებულად არგენტინისა და "ბარსელონას" ფეხბურთელი ლიონელ მესი დასახელდა. ეროვნულ ნაკრებთა მწვრთნელებმა, კაპიტნებმა და "ფრანს ფუტბოლთან" ასოცირებულმა ჟურნალისტებმა უპირატესობა "ბარსელონას" ლიდერს მიანიჭეს. მან ხმების 41,33% მიიღო. მეორე ადგილზე შარშანდელი გამარჯვებული "რეალის" პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო გავიდა, რომელმაც ხმების 27,76% მიიღო. ფინალისტთა მესამე წარმომადგენელმა, ნეიმარმა მხოლოდ - 7,86% მოაგროვა.
"ჩემთვის დიდი პატივია, ისევ დავბრუნდე აქ და კიდევ ერთხელ, მეხუთედ მივიღო პრიზი. პრიზი, რომელსაც შარშან მაყურებელთა დარბაზიდან ვუყურებდი თუ როგორ დაისაკუთრა კრიშტიანომ. საოცარია მართლა, ვერც კი ვიჯერებ, რომ ეს ჩემი მეხუთე "ოქროს ბურთია". როცა ბავშვი ვიყავი, ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც მე ამირჩია, ასევე განსაკუთრებული მადლობა ჩემ თანაგუნდელებს "ბარსელონაში" და არგენტინის ნაკრებში. მინდა მადლობა ვუთხრა ფეხბურთს, რომელმაც ყველაფერი მომცა ცხოვრებაში", - განაცხადა მესიმ. 2010 წლის შემდეგ ფიფა და "ფრანს ფუტბოლი" ერთობლივი ძალებით ამ ჯილდოს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს გადასცემენ. ციურიხში გამართულ დაჯილდოებაზე საუკეთესო მწვრთნელიც დასახელდა. აღნიშნულ ნომინაციაში "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გაიმარჯვა. 45 წლის სპეციალისტმა გასულ წელს "ბარსელონას" 5 ტიტული მოაგებინა: "ლა ლიგა", ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, "კოპა დელ რეი" და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. საუკეთესო გოლის ნომინაციაში ბრაზილიელი ფეხბურთელის, უენდელ ლირას გოლმა გაიმარჯვა. გოლი "გოიანეიზიას" შემადგენლობაში გაიტანა, ახლა ეს ფეხბურთელი უკვე "ვილა ნოვაში" ასპრეზობს. სიმბოლური ნაკრებში კი შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), დანი ალვეში (ბარსელონა), ტიაგო სილვა (პსჟ), სერხიო რამოსი (რეალი), მარსელო (რეალი) ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), ლუკა მოდრიჩი (რეალი), პოლ პოგბა (იუვენტუსი) კრიშტიანო რონალდო (რეალი), ლიონელ მესი (ბარსელონა) და ნეიმარი (ბარსელონა).