გიორგი მარგველაშვილი – მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებში მონაწილე ყველა მხარე თანახმა იყოს თამაშის წესებზე

გიორგი მარგველაშვილი – მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებში მონაწილე ყველა მხარე თანახმა იყოს თამაშის წესებზე

პირველი პრემიერის გადადგომა, მეორე პრემიერის გადადგომა, უკავშირდება ნორმალურ სამთავრობო ფუნქციონირების რეჟიმს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გურჯაანის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.
"პირველ რიგში, ჩვენ არ უნდა დავზრახოთ ხელისუფლებას, რომელსაც წაგება არ უნდა. ეს ნორმალურია. ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, იქნება ის ხელისუფლებაში, თუ ოპოზიციაში, მიზნად ისახავს ხელისუფლებაში მოსვლას, ან ხელისუფლების შენარჩუნებას. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმის თაობაზე, რა გზებით ხდება ყოველივე ეს. არჩევნების ჩატარების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია არა ის, ხელისუფლება მოიგებს თუ წააგებს, არამედ ის, რომ ყველა მოთამაშე მხარე, ან სარჩევნო პროცესის ყველა აქტორი, იქნება ეს პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, თუ ქართული საზოგადოება, იყოს თანახმა თამაშის წესებზე. დღეს ჩვენ ამისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ. აქედან გამომდინარეა ჩემი პოზიციაც, რომ როდესაც ჩვენ გვაქვს სრული კონსესუსი იმაზე, რა არის უკეთესი, გაუგებარია, რატომ არ უნდა დავაყენოთ ეს კონსესუსი დღეს. ამასთან ერთად, ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესები თავისთავად მნიშვნელოვანი და საინტერესოა. პირველი პრემიერის გადადგომა, მეორე პრემიერის გადადგომა, უკავშირდება ნორმალურ სამთავრობო ფუნქციონირების რეჟიმს, რადგან როდესაც პოლიტიკური გუნდი ფიქრობს, რომ მას უკეთესად შეუძლია გადაწყვიტოს საკითხები სხვა კომპოზიციით, ან როცა რომელიმე პოლიტიკური პირი თვლის, რომ მას უნდა, რომ რაღაც პერიოდი გვერდზე გადგეს, ეს არის აბსოლუტურად ნორმალური და დემოკრატიული", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.