მსახიობი იყო რონალდ რეიგანი, მაგრამ არ მგონია, ვინმეს ახსოვდეს ამერიკის უფრო კარგი პრეზიდენტი

მსახიობი იყო რონალდ რეიგანი, მაგრამ არ მგონია, ვინმეს ახსოვდეს ამერიკის უფრო კარგი პრეზიდენტი

მსახიობი იყო რონალდ რეიგანი, მაგრამ არ მგონია, ვინმეს ახსოვდეს ამერიკის უფრო კარგი პრეზიდენტი, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში, მათ რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ ვიხილავთ.

როგორც ძიძიგურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მსახიობობა და სპორტსმენობა არავის მხრიდან დასაწუნი პროფესია არ არის.

"ყველა პოლიტიკური პარტია, რა თქმა უნდა, თავისი კანდიდატების შესახებ მსჯელობს. ამიტომ, ყველა პარტიას ექნება თავისი მოსაზრებები, თუ რომელი და რა კატეგორიის კანდიდატები ეყოლებათ წარდგენილნი. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ კოალიციურ რეჟიმში ამ თემასთან დაკავშირებით რაიმე განხილვები გვქონდა - არ გვქონია! როგორც კი დაიწყება კონსულტაციებია, თქვენ ამის შესახებ ინფორმირებულები იქნებით,"- აღნიშნა ძიძიგურმა.

პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში, მათ რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს საზოგადოება აღარ იხილავს. ამის შესახებ კობახიძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.

"არის გარკვეული ხარვეზები, მათ შორის, საკადრო კუთხითაც. სწორედ ამიტომ ჩვენთვის მთავარ გამოწვევას მომავალ პარლამენტში დეპუტატების მნიშვნელოვნად გადახალისება წარმოადგენს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მომავალ პარლამენტში აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება.

"ვადასტურებთ, რომ არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში ჩვენს რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ. აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება", - განმარტა ირაკლი კობახიძემ.