პრემიერ-მინისტრი ახალ ტექნოპარკში უახლოეს დღეებში ახალგაზრდებთან შეხვედრას გეგმავს

პრემიერ-მინისტრი ახალ ტექნოპარკში უახლოეს დღეებში ახალგაზრდებთან შეხვედრას გეგმავს

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მას სურს უახლოს დღეებში, ახალ ტექნოლოგიურ პარკში ახალგაზრდებთან პირველი შეხვედრა გამართოს და მათი იდეები მოისმინოს

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ტექნოლოგიური პარკის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სწორედ ასეთი ტექნოპარკებია საჭირო, რომ ახალგაზრდებს, თავიანთი იდეების რეალიზაციის საშუალება მიეცეთ.

"მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავარი გზავნილები არის ქვეყანაში მეწარეობის განვითარება, სამეწარმეო სულისკვეთების განვითარება და სწორედ ასეთი ტექნოპარკებია საჭირო, რომ ახალგაზრდებს მიეცეთ საშუალება, თავიანთი იდეების რეალიზაციის. უახლოეს დღეებში ამ სივრცეში მინდა გავმართო პირველი შეხვედრა ახალგაზრდებთან, რომლებსაც გააჩნიათ ინოვაციური იდეები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არაერთ საინტერესო იდეას ვიპოვით, თუ როგორ განვახორციელოთ მნიშვნელოვანი იდეები ქვეყანაში. ეს იქნება პირველი შეხვედრა, მაგრამ ეს იქნება დასაწყისი მნიშვნელოვანი მომავალი შეხვედრების ახალგაზრდებთან, მცირე და მიკრო ბიზნესის წარმომადგენლებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ჩართულობით გავაჩენთ იმ სულისკვეთებას, რომელიც ყველას მისცემს საშუალებას, საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია მოხდინოს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.