რატომ მცირდება პარლამენტართა ასაკი 21 წლამდე

რატომ მცირდება პარლამენტართა ასაკი 21 წლამდე

„აღარ იციან, ვინ ჩაწერონ სიაში და ამიტომ აკეთებენ ამას. სააკაშვილს სჭირდება, საზოგადოებას როგორმე მოაწონოს თავი და სიაში იგივე ხალხის ჩაწერით ეს შეუძლებელი იქნება. 25 წლის ზემოთ კი, როგორც ჩანს, არავინ თანხმდება მათ სიაში ჩაწერაზე და ახლა ამ მეთოდს მიმართეს, რომ ახალგაზრდების გაბრიყვება ადვილად შეძლონ“, - ასეთი შეფასებები გაკეთდა ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების იმ ინიციატივის საპასუხოდ, რომელიც პარლამენტართა ასაკის შემცირებას ითვალისწინებს.



პარლამენტში უკვე ინიცირებულია სათანადო კანონპროექტი, რომლის თანახმად საქართველოს პარლამენტის წევრად მოქალაქის არჩევა 21 წლის ასაკიდან იქნება შესაძლებელი 25 წლის ნაცვლად.



იმის გამო, რომ პარლამენტართა ასაკი კონსტიტუცით არის განსაზღვრული, ცვლილება კონსტიტუციაში უნდა შევიდეს. სათანადო კანონპროექტი პარლამენტში პარლამენტართა მიერ არის ინიცირებული, რომელსაც ხელს 80 დეპუტატი აწერს.



საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან.



პარლამენტის წევრობის ასაკობრივი ცენზის 21 წლამდე დაწევის ინიციატივას მმართველი უმრავლესობა ახალგაზრდობის წახალისების მოტივაციით ხსნის.



სახელისუფლებო უმრავლესობის წარმომადგენლები, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი თვლიან, რომ „ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ სტიმული და შესაძლებლობა იმისა, პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთონ, ასევე პარლამენტში საკუთარი ქალაქი და რეგიონი წარმოადგინონ”.



დეპუტატები იმასაც ამბობენ, რომ პარლამენტის წევრად 21 წლიდან არჩევის შესაძლებლობა ბევრ ევროპულ სახელწიფოში არსებობს და არაერთ ქვეყანაში ადამიანს აქვს უფლება პარლამენტის წევრი 18 წლიდანაც გახდეს.



იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების” პოლტსაბჭოს წევრია, პარლამენტის წევრობის ასაკობრივი ცენზის 21 წლამდე დაწევის ინიციატივას, ხელისუფლების მიერ ახალგაზრდების ადვილად მანიპულირებით ხსნის.



„როგორც ჩანს, ხელისუფლებას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არასრული უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდები აწყობს. ამ ინიციატივის მიზანი შეიძლება, ორი რამ იყოს. კერძოდ, შესაძლოა, ხელისუფლებას მსგავსი უაზრო და აბსურდული საკითხებით საზოგადოების ყურადების გადატანა სურს. ან კიდევ, როგორც ჩანს, საარჩევნოდ მთავრობას ზრდასრული და შესაბამისად, შეგნებული ადამიანების მოზიდვა და მათგან მხარდაჭერის დაფიქსირება უჭირს. ახალგაზრდების მანიპულირება კი ადვილია, მითუმეტეს, როდესაც 21 წლის ახალგაზრდას ძალიან დიდ ძალაუფლებას აძლევ, ის ადვილად დასამორჩილებელი და სამართავია“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.



მისი თქმით, პარლამენტარობა დიდ პასუხისმგებლობას გულისხმობს და ამისთვის საჭიროა, ადამიანს განათლებასთან ერთად გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება გააჩნდეს, რათა გადაწყვეტილებების მიღება შეძლოს.



„მე 27 წლის ვიყავი, როცა პარლამენტის წევრი გავხდი და მაშინ მივხვდი, რომ ეს ასაკი ძალიან პატარა იყო, რადგან იმ ასაკში ადამიანმა ბევრი რამ არ იცის, 21 წლისას კი – მითუმეტეს. მაგრამ, როგორც ჩანს, ესენი ამაზე საერთოდ არ ფიქრობენ. ან უარესი, აწყობთ, რომ გამოუცდელი ხალხი ჰყავდეთ და ამას შეგნებულად აკეთებენ, რაც პარლამენტარიზმის განვითარებისთვის და, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდია“, - ამბობს ქუცნაშვილი.