"აღტაცებული ვარ უკვე შექმნილი პროტოტიპებით - ჩვენი ბავშვები სასწაულებს აკეთებენ"

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ტექნოლოგიური პარკის გახსნა იქნება პირველი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ქვეყანაში ახალი ეკონომიკური ზრდის ციკლის დაწყებისთვის.

მისი თქმით, ახალგაზრდებში ინოვაციური მიმართულებით დიდი პოტენციალია.

„ესაა რევოლუციური, 5 მილიონიანი პროექტი, რომელიც ერთ წელიწადში დაიწყო და დამათავრდა. ესაა პირდაპირი ინვესტიცია საქართველოს მომავალში, ესაა სივრცე, სადაც სრულდება თანამშრომლობა სამ ძირითად მიმართულებას შორის: აკადემია, ანუ სამეცნიერო მიმართულება, ეკონომიკა ანუ სამეწარმეო წრეები და მთავრობა, ანუ შესაბამისი სამთავრობო უწყებები. ეს მოდელი, რომელიც დღეს საქართველოში გაიხსნა, არის პირველი, სადაც ამ სამ მიმართულებას შორის თანამშრომლობა შედგა. ახალგაზრდებში ინოვაციური მიმართულებით დიდი პოტენციალია. მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკის სწრაფი ზრდა შეუძლებელია ინოვაციაზე, კვლევასა და განვითარებაზე დაფუძნებული დარგების განვითარების გარეშე, ამიტომ ეს სივრცე იქნება სწორედ ის სივრცე, სადაც მოხდება დაფუძნება და პირველი ეტაპის გავლა იმ კომპანიების მხრიდან, რომლებსაც ამ მიმართულებით განსაკუთრებული პოტენციალი გააჩნია. მნიშვნელოვანია, რომ ამ სივრცეში ჩვენ უკვე გვყავს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლობები, ასევე საქპატენტის წარმომადგენლობა, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ დასაწყისშივე დაპატენტდეს მნიშვნლოვანი გამოგონებები", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნულ სივრცეში წარმოდგენილია წამყვანი საერთაშორისო კომპანიების მიერ დამზადებული ის აუცილებელი დანადგარები, რომლებიც საშუალებას იძლევა, რომ ახალგაზრდა გამომგონებლებმა პროტოტიპიზაცია მოხდინონ საკუთარი გამოგონებების.

"მნიშვნელოვანია ეს სივრცე სამეცნიერო თანამშრომლობის კუთხით. აღტაცებული ვარ უკვე შექმნილი პროტოტიპებით, რომლებიც დღეს უკვე ვიხილე, სადაც ჩვენი ბავშვები სასწაულებს აკეთებენ. მადლობა მინდა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს, მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს, რომლის უშუალო ხელმძღვანელობითა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმღვანელს ირაკლი ქაშიბაძეს, რომლების უშალო ჩართულობით მოხდა ამ პროგრამის განხორციელება, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადავუხდა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ამხელა ენთუზიაზმით არიან ჩართული ამ პროექტებში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.