საარჩევნო სიის ფორმირების საკითხზე აქცენტის მხოლოდ პროფესიაზე გაკეთება არასწორია

საარჩევნო სიის ფორმირების საკითხზე აქცენტის მხოლოდ პროფესიაზე გაკეთება არასწორია

წინასწარი განცხადებების გაკეთება, თუ რომელი პროფესიის ადამიანები იქნებიან საარჩევნო სიაში მეტი თუ ნაკლები, საჭირო არ არის, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

ვოლსკის შეფასებით, საარჩევნო სიის ფორმირების საკითხზე აქცენტის მხოლოდ პროფესიაზე გაკეთება არასწორია.

"საარჩევნო სიის თემასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძეს და სხვებსააც ვურჩევ, ნუ გააკეთებენ ნაჩქარევ განცხადებებს. დეპუტატობის კანდიდატი პროფესიის მიხედვით არ ფასდება, კანდიდატი ინტელექტუალური მონაცემებით ფასდება. აქცენტის გაკეთება, რომ სპორტსმენებთან და მსახიობებთან რაღაც დაპირისპირების ატმოსფერო შეიქმნას, ეს პოლიტიკურად სწორი არ არის. აუცილებელია საკანონმდებლო ორგანოში კანონშემოქმედებითი პირები იყვნენ, თუმცა ეს არ ნიშნავს განსხვავებას პროფესიების მიხედვით. წინასწარი განცხადებების გაკეთება, თუ რომელი პროფესიის ადამიანები იქნებიან მეტი თუ ნაკლები, ვფიქრობ, რომ საჭირო არ არის", - აცხადებს გია ვოლსკი.

პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში მათ რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს საზოგადოება აღარ იხილავს. ამის შესახებ კობახიძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.

"არის გარკვეული ხარვეზები, მათ შორის, საკადრო კუთხითაც. სწორედ ამიტომ ჩვენთვის მთავარ გამოწვევას მომავალ პარლამენტში დეპუტატების მნიშვნელოვნად გადახალისება წარმოადგენს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მომავალ პარლამენტში აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება.

"ვადასტურებთ, რომ არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში ჩვენს რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ. აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება", - განმარტა ირაკლი კობახიძემ.