ანტიკრიზისული საბჭოს კრიზისი

ანტიკრიზისული საბჭოს კრიზისი

ანტიკრიზისული საბჭო ამ ბოლო დროს ისე გამოცოცხლდა, რომ მზად არის, ისიც კი გაარკვიოს, უკვე მიღებული კანონი პარლამენტში ინიცირებულია თუ არა. ყოველ შემთხვევაში, 28 მარტს გამართულ ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე მისი წევრები თავის თავმჯდომარიანად ამ საკითხზე საკმაოდ დიდი ხანი მსჯელობდნენ.

ცნობისთვის, კანონის მიღების პროცედურა ასეთია: პირველად ხდება მისი ინიცირება ან პარლამენტის წევრების, ან მთავრობის, ან პრეზიდენტის მიერ. შემდეგ ამ ინიცირებულ კანონპროექტს იხილავენ კომიტეტები და შემდეგ ხდება სესიაზე მისი პირველი მოსმენით მიღება. ამის შემდეგ ხდება კომიტეტებზე მეორე მოსმენით განხილვა და სესიაზე მიღება. საბოლოოდ კი კომიტეტები მესამე მოსმენით განიხილავენ და შემდეგ, პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს და დაამტკიცებს.

ამ შემთხვევაში შინაარსზე არ ვამახვილებთ ყურადღებას, თუ რომელ მოსმენაზე რა ხდება. ამ შემთხვევაში მთავარი არის ის, რომ კანონის მიღებისთვის სამი მოსმენაა საჭირო და, წესით, მისი დამტკიცება ისე, რომ კაციშვილმა ვერ გაიგოს, მათ შორის მინისტრმა და დეპუტატებმა, წესით წარმოუდგენელი უნდა იყოს.

მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოში წარმოუდგენელი მართლა არაფერია. მაგალითად, 28 მარტს ანტიკრიზისულმა საბჭოს ხელმძღვანელმა საკუთარი თავისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ორგანო ტყუილად არ არის შექმნილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი მიიწვია სოფელში არსებული კრიზისების გადასაჭრელად.

ზაზა გოროზიამ ბევრი ილაპარაკა სოფლის განვითარების მნიშვნელობაზე ისე, თითქოს სულ რამდენიმე წლის წინ, ვიდრე გიგა ბოკერია პარლამენტის წევრი იყო, ამავე ტრიბუნიდან არ ამტკიცებდა, სოფლის მეურნეობის წარმოებას ჩამორჩენილი ქვეყნები მისდევენ და ჩვენ ჩამორჩენილი ქვეყანა ხომ არა ვართ, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ვიზრუნოთო. ცნობისთვის, მან ერთ-ერთი ასეთი განცხადება პარლამენტში 2007 წლის 13 ივლისს გააკეთა და დაინტერესებულ პირებს ამ ჩანაწერის მოსმენა შეუძლიათ.

ასეა თუ ისე, გოროზია დიდხანს საუბრობდა სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე და უფრო დიდი ხანი იმაზე, თუ ამისთვის სააკაშვილის ხელისუფლება რას აკეთებს. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად კი სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების დღგ-სგან გათავისუფლება დაასახელა.

ამ საუბრისას ოპოზიციონერი ჯონდი ბაღათურია დაინტერესდა, თუ სათანადო კანონპროექტი როდის იქნება ინიცირებულიო. ანტიკრიზისული საბჭოს ხელმძღვანელმა, გია თორთლაძემ თავი მოიწონა, - უკვე ინიცირებულიაო. სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეუსწორა, - პირველი მოსმენით უკვე მიღებულიაო. ამის მეორე მცირე ხნით დუმილი ჩამოვარდა და მერე რომელიღაცა დეპუტატმა მიაშველა, მგონი, მეორე მოსმენითაც არის მიღებულიო.

არადა, კანონპროექტი სამივე მოსმენით არის მიღებული და უკვე კანონია. მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ მესამე მოსმენა ვარაუდითაც არავის უთქვამს და დეპუტატებიც, მინისტრიც და ანტიკრიზისული საბჭოს ხელმძღვანელიც რომელიღაცა მოსმენაზე არიან გაჩერებულნი.