ირაკლი კობახიძე - მოსახლეობასა და

ირაკლი კობახიძე - მოსახლეობასა და "ქართულ ოცნებას" შორის კავშირი შესუსტდა, მაგრამ გვაქვს რესურსი, ვითარება გამოვასწოროთ

მოსახლეობასა და "ქართულ ოცნებას" შორის კავშირი შესუსტდა, მაგრამ გვაქვს რესურსი, ვითარება გამოვასწოროთ, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.
კობახიძეს ჟურნალისტმა კითხვა პოლიტიკურ ასპარეზზე "ნაციონალური მოძრაობის" გარდა სხვა პოლიტიკური ძალების გააქტიურებასთან დაკავშირებით დაუსვა. "თუ NDI-ის კვლევებს გულისხმობთ, ამ ორგანიზაციის კვლევის შედეგები და არჩევნების შედეგები 2012 წლამდეც და მის შემდეგაც ყოველთვის თვისებრივად არის აცდენილი. არც ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩევლის მაჩვენებელია 60 %. დიახ, იმის გამო, რომ პარტიას ჩამოყალიბებული სტრუქტურა არ ჰქონდა, მოსახლეობასა და "ქართულ ოცნებას" შორის კავშირი შესუსტდა, მაგრამ გვაქვს რესურსი, ვითარება გამოვასწოროთ. მოსახლეობასთან ერთად აქტიურად ჩავერთვებით პრობლემების გადაჭრაში", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. კითხვაზე, იგეგმება თუ არა ბიძინა ივანიშვილის გააქტიურება წინასაარჩევნოდ და მოსალოდნელია თუ არა პარტიის ლიდერად მისი დაბრუნება, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ პარტიაში სხვადასხვა საკითხებზე კონსულტაციები მართლაც მიმდინარეობს. "წინასაარჩევნოდ მისი ჩართულობა კიდევ უფრო აქტიური გახდება. ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა "ქართულ ოცნებას" მნიშვნელოვნად გააძლიერებს და ეს საარჩევნო შედეგზეც აისახება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.