კუბლაშვილი პრეზიდენტი რომ იყოს…

კუბლაშვილი პრეზიდენტი რომ იყოს…

პრეზიდენტს ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხის გადასაწყვეტად სულ რამდენიმე დღე რჩება. მაგრამ, როგორც ჩანს, იგი ვადის ბოლო დღეს ელოდება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები კი კომენტარებში ამბობენ, რომ ივანიშვილი მოქალაქეობის ღირსი არ არის. რამდენად შეიძლება, მათი ასეთი დამოკიდებულება პრეზიდენტის გადაწყვეტილების მაჩვენებელი იყოს და შეიძლება თუ არა, რომ მას სამართლებრივი კატეგორია მიენიჭოს, ამ საკითხებთან დაკავშირებით presage.tv პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, პავლე კუბლაშვილს ესაუბრა, რომელსაც საკუთარი თავის პრეზიდენტის ადგილზე წარმოდგენაც კი ეუხერხულება.

პავლე კუბლაშვილი: ეს არის სამართლებრივი საკითხი და მთავარი, რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს, არის ის, რომ ივანიშვილმა თავისი სურვილით დაკარგა მოქალაქეობა მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო და ეს გააკეთა ორჯერ, რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქეობების მიღებით. შესაბამისად, როდესაც საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო, კანონის ძალით ჩამოერთვა მოქალაქეობა და არანაირი სხვა რომელიმე სამართლებრივი აქტით.

გადაწყვეტილება მის მოქალაქეობასთან დაკავშირებით ჩემთვის უცნობია. ბუნებრივია, ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ სამართლებრივი შეფასებები შეიძლება არსებობდეს და ვიღაცის პირადი სიმპათია ან ანტიპათია, რა თქმა უნდა, განმსაზღვრელი არ შეიძლება გახდეს.

თქვენ რომ იყოთ პრეზიდენტი, მისცემდით მოქალაქეობას?

- არა მგონია, რომ ამ ტიპის მსჯელობა სერიოზული იყოს. ჩემი პირადი შეფასება თუ გაინტერესებთ, მე ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელიც თავისი მოქმედებებით ორჯერ ზედიზედ დაკარგავს მოქალაქეობას, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ამ სტატუსს არ უფრთხილდება. შესაბამისად, არა მგონია რომ ჩემი შეფასება დადებითი ყოფილიყო.

სამართლებრივად ეს საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ მას უარი ეთქვას იმ მოთხოვნაზე, რითაც ის მოქალაქეობას ითხოვს?

- ვერ გეტყვით. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ეს არის სამართლებრივი საკითხი, რომელიც პოლიტიკურ სიმპათია-ანტიპათიაზე არ არის დამოკიდებული. მით უფრო მაშინ, როდესაც, როგორც ვიცი, ის ჯერ კიდევ საქართველოს მოქალაქეა.

საფრანგეთის მხრიდან გაკეთდა ოფიციალური განმარტება, რომ მოქალაქეობას მას შემდეგ შეუწყვეტენ, რაც მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას.

- არ ვიცი.

ივანიშვილის შემთხვევაში თუ არსებობს რაიმე სამართლებრივი არგუმენტი, რის გამოც შეიძლება პრეზიდენტმა მას მოქალაქეობაზე უარი უთხრას?

- სხვა ქვეყნის მოქალაქეს? რა თქმა უნდა, - აქვს. სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის ბევრი საფუძველი არსებობს სამართლებრივ სივრცეში, მაგრამ ახლა იმის უფრო დაკონკრეტება, თუ რის გამო შეიძლება ეთქვას უარი, ძნელია.

ამ შემთხვევაში კონკრეტულად მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღებაზეა საუბარი. როგორც იურისტები ამბობენ, ამ შემთხვევაში არის კონკრეტული კრიტერიუმები, რასაც ივანიშვილი უნდა აკმაყოფილებდეს. თქვენ ფიქრობთ, რომ ის ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს?

- მოდით, ასე ვთქვათ, - ამ საკითხებზე იზრუნოს ქალბატონმა ფანჯიკიძემ, ქალბატონმა ხიდაშელმა, ბატონმა ივანიშვილმა. ჩვენთვის გაცილებით ბევრი საინტერესო თემა არსებობს, რომელთან დაკავშირებითაც დროც უნდა დავხარჯოთ და ენერგიაც. არის ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც ჩვენს ხალხს აქვს, რომელთან დაკავშირებითაც კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი და ამიტომ, ახლა პოლემიკაში შესვლას ქალბატონ ფანჯიკიძესთან სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით ნამდვილად არ ვაპირებ.