ირაკლი ქავთარაძე: რეფორმების კურსს ცალსახად ყველა აღიარებს და ოპოზიცის შეფასებები უადგილოა

ირაკლი ქავთარაძე: რეფორმების კურსს ცალსახად ყველა აღიარებს და ოპოზიცის შეფასებები უადგილოა

„ქართული რეფორმების“ შესახებ, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით ახალი ორგანიზაცია შეიქმნება. საქართველოს მთავრობის ინიციატივა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა.

კონკრეტულად, რა მიზანს ემსახურება ამ ორგანიზაციის შექმნა, მაშინ, როდესაც ხელისუფლება საზღვარგარეთ პიარზე ისედაც მილიონობით თანხებს ხარჯავს და საკუთარი „წარმატებების“ მსოფლიო საზოგადოებისთვის გასაცნობად რამდენიმე მსხვილი ლობისტური და პიარკომპანია ჰყავს დაქირავებული.

ცდილობს თუ არა მმართველი გუნდი იმ ჩრდილის მოშორებას, რომელიც მის, როგორც „მსოფლიოს წამყვანი რეფორმატორი ქვეყნის“ იმიჯს ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული პოლიტიკის გამო მიადგა - presage.tv პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი ქავთარაძეს ესაუბრა.

ირაკლი ქავთარაძე: ამ კანონპროექტის მომზადების ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოს, როგორც მსოფლიოს წამყვანი რეფორმატორი ქვეყნის იმიჯის განმტკიცებისთვის ქმედითი ღონისძიებების განხორციელებაა. რაც შეეხება ორგანიზაციის დაარსებას, უნდა შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ქართული რეფორმებისა და ინოვაციების შესახებ, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ინფორმაციის კოორდინირებულად მიწოდებასა და ცალკეულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში ქართული რეფორმების გავრცელების უზრუნველყოფას განახორციელებს. ეს ხელს შეუწყობს რეფორმების და ინოვაციების, როგორც ქართული ბრენდის დამკვიდრებასა და საქართველოს შესაძლებლობების გათვალისწინებით, საერთაშორისო პოლიტიკაში წვლილის შეტანას.

რამდენად ეფექტიანი იქნება ამ სამსახურის მუშაობა და რეფორმატორი ქვეყნის იმიჯის განმტკიცებასა თუ შექმნას, რომელი რეფორმების გაპიარებით ეცდებით?

საქმიანობის ეს სფერო მობილიზებული იქნება ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული და განსახორციელებელი რეფორმების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაზე, დამუშავებაზე, ანალიზზე, მათ განზოგადებაზე გავრცელებაზე და საერთაშორისო მასშტაბის პოპულარიზაციის უზრუნველყოფაზე. საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად იქნება მათი ტექნიკური, ფინანსური თუ სამაშველო ხასიათის დახმარება. რაც რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენი განვითარებადი პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკურ - სოციალურ განვითარებას და კრიზისული სიტუაციების დაძლევას. ვფიქრობ, ამ კუთხით ჩვენ ძალიან ბევრი გამოცდილება დაგვიგროვდა და მივიჩნევთ, რომ ამ ორგანიზაციის შექმნის მთავარი მიზანი ესაა და სწორედ ამას მოემსახურება.

ამ ინიციატივას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უკვე გამოეხმაურნენ. მათი შეფასებით, ორგანიზაციის შექნის მიზანს საერთაშორისო არენაზე ხელისუფლების პიარი წარმოადგენს...

ოპოზიციურ პარტიებს შეუძლიათ იმ შეფასებების გაკეთება, რაც მათ სურთ, თუმცა ჩვენთვის მსგავსი შეფასებები აბსოლუტურად მიუღებელია. ყველა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია, ჩვენი პარტნიორი ქვეყნები და მოკავშირეები, ცალსახად ყველა, იმ რეფორმების კურსს და მიღწევებს აღიარებს, რომელიც საქართველომ განახორციელა. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ოპოზიცის შეფასებები უადგილოა. ჩვენთვის გაცილებით სხვა რამეებია მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეფორმებს მთელი საერთაშორისო საზოგადოება მნიშვნელოვანს უწოდებს ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის სიკეთე და რეფორმა, რაც ქვეყანაში განხორციელდა ხალხის კეთილდღეობაზე აისახოს. ესაა ჩვენი ამოცანა.

თუკი ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორ ფიქრობთ, ოპოზიციას ამის თქმის საფუძველს რა აძლევს? რატომ აპელირებენ იმაზე, რომ ამჟამად, საერთაშორისო დონეზე ხელისუფლების რეიტინგი ძალიან დაბალია?

ჩვენი ოპონენტები ალბათ, სხვა სამყაროში ცხოვრობენ. ბოლო თვეებში საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდა, ვიზიტით იმყოფებოდა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ, დევიდ კამერონთან, შემოდგომაზე საქართველოს სტუმრობდა საფრანგეთის პრეზიდენტი, სარკოზი, ბოლო თვეებში დაიწყო ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ დაწყებულია მოლაპარაკებები. ევროკავშირმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოსთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით და პირველად საქართველოში ატლანტიკური საბჭო ჩატარდა. ოპოზიციასთან კითხვა მაქვს, ეს მხოლოდ იმიჯისთვის ზრუნვაა? ჩამოთვლილი წარმატებები მსგავსის თქმის საფუძველს ნამდვილად არ გვაძლევს. ბუნებრივია, აქ ასეთი ტიპის შეფასებების გაკეთება წარმოუდგენელია.

თქვენს მიერ ჩამოთვლილი რეფორმებიდან ხშირ შემთხვევაში საუბარია დაწყებული, თუმცა კონკრეტული შედეგი ძალიან იგვიანებს ხოლმე.

თუნდაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, წლებია ინტენსიურად მიმდინარეობს საუბრები და წლებია შედეგი არ ჩანს... ახლა სასურველ შედეგს როდისთვის ელოდებით?

არაფერი წლები არაა. ის, რომ მოლაპარაკებები რეალურად დაიწყო ეს ხელისუფლების მიღწევაა. თქვენ თუ კონკრეტულად, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველ ვაჭრობას გულისხმობთ აღსანიშნავია, რომ ამაზე საუბრები ჩვენი ხელისუფლების დროს და პირობებში მოხდა. არათუ მოლაპარაკების დაწყება ამაზე წლების წინ, ფიქრით წარმოუდგენელი იყო. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს რთული და ასევე ჰარმონიზაციის პროცესია, რომელიც უკვე საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. ვფიქრობ, საქართველო და საქართველოს მოქალაქეები ახლო მომავალში ამ სიკეთეს მიიღებენ. განსაკუთრებით ეს ბიზნესს შეეხება, რომელსაც მიეცემა საშუალება თავისი პროდუქცია ამერიკის თუ ევროპის ბაზარზე უფრო გამარტივებული ფორმით შეინატოს. შესაბამისად, ეს ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტ ინვესტიციას მოიზიდავს, რომელიც ჩვენს მოქალქეებს კიდევ უფრო დიდი რაოდენობით დაასაქმებს და ჩვენს მოქალაქეებს უფრო მეტ სტაბილურ შემოსავალს გაუჩენს.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც თქვენ ამბობთ, საზღვარგარეთ რეფორმატორი ქვეყნის იმიჯი გვაქვს, თქვენი დასავლელი კოლეგები, საერთაშორისო ორგანიზაციები და დემოკრატიული ინსტიტუტები ხშირად გვახსენებენ და მიგვანიშნებენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაა აუცილებელი. არ ფიქრობთ, რომ არსებულ გარემოში საქართველოში დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარება გაჭირდება ?

თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება ჩვენი თითოეული საქართველოს მოქალაქის და ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა. დარწმუნებული ვარ, საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება. იგივე ბოლო გამოკითხებმაც აჩვენა, რომ საქართველში დემოკრატიის პროცესი საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. გასულ წლებთან შედარებით, კიდევ უფრო მეტი მოქალაქე მიიჩნევს, რომ საქართველში დემოკრატიაა. შესაბამისად, დემოკრატია დასრულებული პროცესი არაა. ეს პროცესი საკმაოდ ინტენსიურ მუშაობას მუდმივად საჭიროებს. ჩვენს ხელისუფლებას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს, რადგან ასეთი ვალდებულება აქვს აღებული, რომ ქვეყანა წინ წაიყვანოს და სხვადასხვა რეფორმები განახორციელოს. ამ რეფორმებს მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობა. ჩვენთვის მთავარია მიღწევები, თითოეული მოქალაქის ოჯახზე რაც შეიძლება მალე აისახოს.

თქვენი განცხადებით, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს, მოსახლეობის მხარდაჭერასა და ხელისუფლების მიერ, გატარებული რეფორმებისადმი დადებით დამოკიდებულებას კვლევებიც კი ადასტურებს, თუმცა ამ კვლევებს ექსპერტები, პოლიტოლოგები და ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები უნდობლობას უცხადებენ...

მინდა გითრათ, რომ ყველა კომპეტენტური ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, თუმცა იმასაც გეტყვით, რომ ამ კვლევის შედეგად, ,,ნაციონალური მოძრაობისადმი“ დაფიქსირებულ მაღალ შედეგს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი და მთავარი დანიშნულება უპირველეს ყოვლისა, ხალხის კეთილდღეობაა. კვლევის შედეგები დიდი პასუხსიმგებლობაა. ეს კიდევ ერთხელ, დამატებითი მოტივაცია იმაზე, რომ ვიფიქროთ ამ რეფორმების გაგრძელებასა და განხორციელებაზე. ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შევქმნათ კიდევ მეტი სამუშაო ადგილი, როგორ გავხადოთ ჯანდაცვა უფრო მეტად ხელმისაწვდომი და სხვა. აი, ესაა ჩვენი მთავრი საზრუნავი და არა რაღაც გამოკითხვები და რეიტინგები. ჩვენ მუდმივად დავდივართ და ვაწარმოებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან. ჩვენთვის მთავარი მამოძრავებელი ძალაა რას გვეუბნება ხალხი. ისინი გვესაუბრებიან თავიანთ პრობლემებზე, მათთგან დავალებებს ვიღებთ და ჩვენი მთავრი მამოძრავებელი ძალა და მოტიცვაციაა საზოგადოებისგან დავალება მივიღოთ.

მმართველი გუნდის განხორციელებული პოლიტიკუთ უკმაყოფილება არა მხოლოდ ოპოზიციაში არამედ, საზოგადოებაშიც ხშირად ისმის. არ ფიქრობთ, რომ ამ პოლიტიკის გაგრძელებით უფრო მეტ კრიტიკას დაიმსახურებთ?

ოპოზიცია ყოველთვის ასეთ განცხადებებს გააკეთებს. ჩვენ ვიცით, რა არის ხალხისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის აუცილებელი და როგორ ვიფიქროთ მათი ცხოვრების დონისა და პირობების გაუმჯობესებაზე. ვიცით და ვფიქრობთ, რომ უნდა გავზარდოთ სამედიცინო დაზღვევა, საპენსიო პაკეტი, მოსახლეობისთვის უფრო უნდა გაუმარტივდეს ჯანდაცვის მიღების პირობები და სხვა. ჩვენთვის მთავრი ამაზე ფიქრია და ოპოზიციის განცხადებებზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ.