„მოვითხოვთ სერგო ჩაჩიბაიასა და კახა მიქაიას დაუყოვნებელ განთავისუფლებას“

„მოვითხოვთ სერგო ჩაჩიბაიასა და კახა მიქაიას დაუყოვნებელ განთავისუფლებას“

კვირას ზუგდიდში დააკავეს „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიის წევსი სერგო ჩაჩიბაია, რომელსაც ბრალდება ორი მუხლით - პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა და ცივი იარაღის ტარება აქვს წარდგენილი. დღეს ჩაჩიბაიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ სასამართლო პროცესის მსვლელობისას ზუგდიდის სასამართლოს წინ მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, რომელშიც „თავისუფალი დემოკრატების“ მხარდამჭერებთან ერთად, ორგანიზაცია „ამომრჩეველთა ლიგის“ წევრი კახა მიქაიაც მონაწილეობდა. სწორედ ამ დროს მოხდა მიქაიას დაკავება და როგორც „თავისუფალი დემოკრატები“ იტყობინებიან, მიქაიასაც უკვე შეეფარდა წინასწარი ორთვიანი პატიმრობა. მიქაიას ხულიგნობის ბრალდება აქვს წარდგენილი.

მომხდარ დაკავებებს „თავისუფალი დემოკრატები“ პოლიტიკურ დევნად აფასებენ და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.

ზურაბ აბაშიძე: „მოგეხსენებათ, დღეს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ჩვენს აქტივისტს, ჩვენი პარტიის წევრს სერგო ჩაჩიბაიას. გვინდა გავნაცხადოთ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც აქვთ განსხვავებული აზრი, განსხვავებული პოზიცია და, რომლებიც გამოდიან ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, როგორც კონკრეტულ მოქმედებებში, ასევე აგიტაციით და სხვა მიმართულებით.

დღესვე, როდესაც სასამართლოში სერგო ჩაჩიბაიას მიმართ აღმკვეთი ღონისძიების საკითხი იხილებოდა, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შენობასთან მიმდინარეობდა მშვიდობიანი აქცია ჩვენი წარმომადგენლების ხელმძღვანელობით. ამ აქციაში მონაწილეობდა საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენელი კახა მიქაია, რომელიც ამ აქციის მსვლელობის დროს დააკავეს. მასაც შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა. ჩვენ მოვითხოვთ სერგო ჩაჩიბაიასა და კახა მიქაიას დაუყოვნებელ განთავისუფლებას.

უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლება თავისი უკანონო ქმედებებით ვერ შეგვაშებს. ასევე ვერ შეაშინებენ იმ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში. ჩვენ ყოველ მათგანს დავიცავთ, როგორც ზუგდიდში, ასევე ნებისმიერ სხვა რაიონში. ამ ადამიანებს სჯერათ იმის, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და ეს ხელისუფლება შეიცვლება. მინდა დაგარწმუნოთ ასევე იმაში, რომ ყველა ეს უკანონო ქმედება, რასაც დღეს ხელისუფლება ახორციელებს, მათ ბუმერანგივით დაუბრუნდებათ შემოდგომაზე, როდესაც ჩატარდება არჩევნები და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

აქვე მოგახსენებთ, რომ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობა აქტიურად არის ინფორმირებული და ჩვენ გავაგრძელებთ მათ ინფორმირებას ყოველდღიურად, საათობრივად. ისინი დიდ მხარდაჭერას გვიცხადებენ, რადგან ეს არის პროვოკაცია და პოლიტიკური ნიშნით დევნა. ასე რომ ამ მხრივაც მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა.“

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა სერგო ჩაჩიბაიას დაკავება მის მიერ ირაკლი ალასანიასთვის შეიარაღებული ფორმირებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, ზურაბ აბაშიძე პასუხობს, რომ არა მარტო ჩაჩიბაია, არამედ სხვა ადამიანებიც იყვნენ ჩართულები ამ პროცესში. სხვა ადამიანებიც აწვდიდნენ ამ ინფორმაციას „თავისუფალ დემოკრატებს“ თუ რა ხდებოდა სამეგრელოს რეგიონში. მაგრამ აბაშიძე განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში საუბარი მარტო მათი პარტიის წევრებს არ ეხება. ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ჩაჩიბაიას მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნა იმ მიზანსაც ისახავს, რომ რეგიონში მცხოვრებნი დააშინონ, რათა აღარავინ გაბედოს აქტივობა ოპოზიციის სასარგებლოდ.

„მათ სურთ, დააშინონ ხალხი, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს ასე არ მოხდება. ხალხში ძალიან სხვანაირი განწყობაა, მათ იციან, რომ ეს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება“- აცხადებს ზურაბ აბაშიძე.