საქართველო ახალი ელჩის მოლოდინში

საქართველო ახალი ელჩის მოლოდინში

საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მეშვიდე ელჩის მოლოდინშია. მომავალი ელჩი რიჩარდ ნორლანდი ამერიკის სტრატეგიულ, მაგრამ კვლავაც მოუწყობელი დემოკრატიის მქონე საქართველოში ჯერ არ ჩამოსულა, თუმცა უკვე მკვეთრი განცხადებებით გაგვაცნო თავი. აშშ-ის მომავალი ელჩისთვის შეშფოთების საფუძველს იძლევა „მოსწორებული სათამაშო მოედანი“, სადაც პოლიტიკური ოპოზიციისთვის არათაბარი წინასაარჩევნო გარემოა. 

მართალია, რიჩარდ ნორლანდის სიტყვებს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძისთვის პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს, მაგრამ მომავალმა ელჩმა ამერიკული დიპლომატიის სათქმელი უკვე გამოხატა.

რა გავლენა მოახდინეს ამერიკის ელჩებმა საქართველოზე? როგორც წესი, ნაწილი ხელისუფლებაში მოკალათებული პირების თანამგრძნობნი და მათ „დემოკრატობაში“ ღრმად დარწმუნებულნი იყვნენ. ასე იყო შევარდნაძის დროს და მის შემდეგაც, ამერიკის შუქურად წოდებული სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნისას.

თუმცა ამერიკელმა დიპლომატმა ჯონ ბასმა საქართველოში თავისი მოღვაწეობის მიწურულს (და არა მარტო მიწურულს) უჩვეულო განცხადებებით დაამახსოვრა თავი ხელისუფლებას. არადა, მანამდე „ვარდებიან ხელისუფლებას“ ახსოვდა „ლაითი“ პერიოდი - აშშ-ის ელჩი რიჩარდ მაილსი, ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი შემოქმედი, რომელმაც სერბეთში დიპლომატად მოღვაწეობის დროს იქაური „ვარდებიანი რევოლუცია“ განახორციელა და შემდეგ იგივე პროექტი საქართველოსაც არგუნა. სხვათაშორის, ერთი პერიოდი ცალკეული პიროვნებები რიჩარდ მაილსის საქართველოდან გაწვევას მოითხოვდნენ. პროფესორი გურამ შარაძე აცხადებდა, რომ მაილსი უხეშად ერეოდა საქართველოს საქმეებში, რომ იგი არ იყო საქართველოს მოქალაქე და არ ჰქონდა უფლება, ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარეულიყო.

მოგვიანებით გვახსოვს აშშ-ის ელჩი ჯონ ტეფტი, რომელიც საქართველოში გაყალბებულ არჩევნებს „იბარებდა“. სწორედ ასე მოხდა 2008 წელს, როცა სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება სწორედ ჯონ ტეფტმა მიულოცა, ისე, რომ ჯორჯ ბუშის რჩეულის, დემოკრატიის შუქურის დემოკრატიულობაში ეჭვი არც „შეჰპარვია.“ სხვათაშორის, ეს ის ჯონ ტეფტია, რომელსაც ერთი წლით გაუგრძელეს საქართველოში მოღვაწეობის მისია, რაც ამერიკული დიპლომატიისთვის იშვიათი გამონაკლისი გახლდათ. ასე რომ, ტეფტმაც „ვარდების რევოლუციის“ ერთგული დაცვა გააგრძელა.

ამერიკის ცალკეულ დიპლომატთა საქართველოს ხელისუფლებისადმი ასეთი უპირობო მხარდაჭერა ანტი-ამერიკულ განწყობას შეუწყობდა ხელს, რომ არა ცალკეული გამონათებები დიპლომატიურ ასპარეზზე. „ფეისბუქზე“ ჯონ ბასის კომენტარის შემდეგ (რომელმაც კონტროლის პალატის თვითნებობა დაგმო) მისდამი დამოკიდებულება ხელისუფლებამ აკაკი ბობოხიძის სათქმელით გამოხატა, რომელმაც ერთი შეხედვით, უწყინრად იკითხა: „ნეტავ, ვინ არის ჯონ ბასი“?   

ნეტავ, ვინ არის რიჩარდ ნორლანდი? რა ნიშნით შეარჩია ამერიკულმა დიპლომატიამ იგი საქართველოში გამოსაგზავნად? მისი დანიშვნა ხომ არ ნიშნავს, რომ საქართველოში ცვლილებების დრო დგება? უკვე ცნობილია, რომ ის ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, ნორვეგიულ და ლატვიურ ენებს. თეთრი სახლის ოფიციალური საიტის ცნობით, პრეზიდენტმა ობამამ სენატს საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე რიჩარდ ნორლანდის კანდიდატურა წარუდგინა. ნორლანდი მსახურობდა აშშ-ს საელჩოში მოსკოვში, გორბაჩოვის პერიოდში. ასევე, მუშაობდა პენტაგონში საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე. გარდა ამისა, იყო აშშ-ის წარმომადგენელი და მოქმედი მისიის ხელმძღვანელი ეუთოს მისიაში საქართველოში, მუშაობდა დე-ფაქტო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტების მოგვარებაზე, მოგვიანებით იმავე მიზნით ეწვია ჩეჩნეთს. რიჩარდ ნორლანდი 2007 წლის სექტემბრიდან 2010 წლის ივლისამდე უზბეკეთში, აშშ-ს ელჩი იყო. მანამდე, ორი წლის მანძილზე ის იყო მისიის მთავარი წარმომადგენელი ამერიკის საელჩოში ქაბულში (ავღანეთი).

როგორც ჩანს, აშშ-ის მომავალი ელჩი საკმაოდ გამოცდილი დიპლომატია და მისი „სივი“ ცხელ ზონებში მოღვაწეობის პერიოდსაც მოიცავს. რიჩარდ ნორლანდი 57 წლისაა და 2012 წლის შემოდგომაზე შეცვლის ჯონ ბასს (2009 წლის ოქტომბრიდან  აშშ–ს ელჩი საქართველოში), რომელსაც ამ თანამდებობაზე მუშაობის ვადა ეწურება.

„ქართული ოცნების“ პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე Presage.tv-სთან საუბარში აცხადებს, რომ  ამერიკის ელჩებს შორის იგი ჯონ ბასს გამოარჩევდა. მაია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ ჯონ ბასის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ მისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდი საქართველოში პოლიტიკურად აქტიურ დროს დაემთხვა.

„საერთოდ, რომელიმე ქვეყნისთვის ელჩის სიტყვა იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც მნიშვნელოვანია მისი წარმომგზავნი ქვეყნის აზრი ჩვენს ქვეყანაში. რადგანაც აშშ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, შესაბამისად, ელჩს, როგორც აშშ-ის ხელისუფლების პოზიციის გამხმოვანებელს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ელჩი არასდროს ლაპარაკობს საკუთარი სახელით. იგი ყოველთვის საუბრობს თავისი ქვეყნის სახელით. აქედან გამომდინარე, თუ ქვეყანა სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მისი ელჩის თითოეული გამონათქვამი, პოზიცია და მოქმედება“, - აცხადებს მაია ფანჯიკიძე.

რაც შეეხება რიჩარდ ნორლანდს, მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, იგი ძალზე გამოცდილი დიპლომატია და ძალიან რთულ ქვეყნებში უმუშავია.

„რა ნიშნით შეარჩიეს საქართველოში ელჩად რიჩარდ ნორლანდი, მე მგონი, ამის შესახებ არავინ იცის, ამერიკის მთავრობის გარდა. თუმცა, ერთია, რომ იგი არ გახლავთ ახალბედა ელჩი, რომლისთვისაც ეს პირველი მნიშვნელოვანი პოზიცია იყოს. მას მრავალ რთულ ქვეყანაში უმუშვია ელჩად და, შესაბამისად, ალბათ, დიდი გამოცდილებით ჩამოდის ჩვენთან. რამდენადაც ვიცი, ავღანეთშია ნამუშევარი,“ - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

შეუწყობს თუ არა საქართველოში რიჩარდ ნორლანდის ჩამოსვლა ხელს ცვლილებებს, ისევე, როგორც თავის დროზე რიჩარდ მაილსის ჩამოსვლას დაემთხვა „ვარდების რევოლუცია“, მაია ფანჯიკიძე მიიჩნევს: „არცერთი ელჩის ჩამოსვლა საქართველოს შიდა პოლიტიკაზე  გავლენას ვერ მოახდენს. ერთადერთი, მათ შეუძლიათ შეაფასონ მიმდინარე მოვლენები. ისინი არასდროს ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში, მაგრამ შეფასებაც არის და შეფასებაც“...

მაია ფანჯიკიძის აზრით, როდესაც მომავალი ელჩი ამბობს, რომ მილიონობით დოლარი დახარჯა აშშ-მ საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის, რომ ნატოში ჩვენი გაწევრიანება პირდაპირ უკავშირდება დემოკრატიული პროცესების განვითარებას, რომლის მონიტორინგსაც იგი აპირებს, ეს ნიშნავს, რომ მომავალი ელჩი კარგად დაუკვირდება მიმდინარე მოვლენებს. ამასთან, იგი კარგად შეაფასებს საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესს და შესაბამის ინფორმაციას მიაწვდის თავისი ქვეყნის მთავრობას.

რაც შეეხება „ვარდებიანი“ ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ რიჩარდ მაილსსა და ჯონ ტეფტს, მაია ფანჯიკიძეს ყოფილ კოლეგებთან დაკავშირებით საუბარი არაკორექტულად მიაჩნია.        

ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, ამერიკელი დიპლომატები საქართველოში ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ და სერიოზული პერიპეტიები მიმდინარეობდა პრაქტიკულად ყველა ეტაპზე. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ჯონ ტეფტის როლი იმავე რევოლუციურ პერიოდში მნიშვნელოვანი იყო. რაც შეეხება ჯონ ბასს, გია ხუხაშვილის აზრით, იგი მნიშვნელოვანი ფიგურაა ქართულ სინამდვილეში.

„გადაჭარბება არ მსურს და არ მინდა იგი მოვიხსენიო რევოლუციის ავტორად, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ჯონ ტეფტის როლი. არ მინდა ვთქვა, რომ ჯონ ბასსაც რაიმე ტიპის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ დიპლომატიურ ფარგლებში მისი განცხადებები და მოქმედებები, ძირითადად, მისაღებია. მესმის, რომ მას არ აქვს საშუალება, ყველაფრის შესახებ ღიად ისაუბროს, თუმცა საკვანძო მომენტებში, როცა ხელისუფლება „დაუკრეფავში“ გადადიოდა, ჯონ ბასმა სერიოზული დადებითი როლი ითამაშა სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. თუნდაც კონტროლის პალატის განუკითხაობაზე მისი მკვეთრად უარყოფითი პოზიცია გავიხსენოთ, დიპლომატიური ენის ფარგლებში ეს მნიშვნელოვანი იყო. მანამდეც ყოფილა ასეთი შემთხვევები, რაც უდაოდ მისი მოღვაწეობის პოზიტიურად შეფასების საშუალებას გვაძლევს“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა Presage.tv-სთან საუბარში. 

რაც შეეხება ჯონ ტეფტსა და რიჩარდ მაილსს, გია ხუხაშვილი ვერ ადასტურებს, რომ ისინი მაინცდამაინც „ვარდების ხელისუფლების“ მომხრეები იყვნენ. ექსპერტის აზრით, უბრალოდ, ასეთი იყო მაშინდელი ამერიკული ადმინისტრაციის პოლიტიკა, რაც მთლად გამართლებული და სწორი არ იყო.

„თუმცა, ობამას გაპრეზიდენტების შემდეგ, ამ მხრივ ბევრი რამ შეიცვალა და უახლოვდება იმ პოზიციას, როდესაც თანამშრომლობა არის არა ხელისუფლებებს, არამედ ქვეყნებს შორის. ძველ პერიოდში ეს ბალანსი არ იყო და უფრო ტენდენციური და მიკერძოების ფარგლებში მიმდინარეობდა და ვაშინგტონის მხრიდან მაშინდელმა არცთუ გააზრებულმა პოლიტიკამ საგრძნობლად დააზიანა, როგორც ქართული დემოკრატია, ასევე, ამერიკელების იმიჯსაც სერიოზული ზიანი მიაყენა,“ - მიიჩნევს ექსპერტი.
ხუხაშვილის თქმით, დღეს ყველაფერი შეიცვალა, რაშიც ობამას ადმინისტრაცია დიდ როლს თამაშობს და კიდევ უფრო დიდი როლის თამაში შეუძლია სამომავლოდ ქართული დემოკრატიის ფორმირების პროცესში. გია ხუხაშვილის აზრით, ამისთვის გადამწყვეტი მომენტი იქნება ოქტომბერი, როდესაც რიჩარდ ნორლანდი უკვე თბილისში იქნება.

„თუ ეს მემკვიდრეობა გაგრძელდება, ანუ ნორლანდი წარმოადგენს ამერიკულ პოლიტიკას, რომელიც ქართული სახელმწიფოს ინტერესებში იქნება განხილული, ეს ძალიან კარგი იქნება. ამის სერიოზული იმედები არსებობს,“ - გვითხრა გია ხუხაშვილმა.

„ვარდების რევოლუციაში“ მაშინდელი ელჩის რიჩარდ მაილსის დამსახურება ყველასთვის ცხადია. საქართველომდე იგი მოღვაწეობდა სერბეთში, სწორედ იმ დროს მოხდა ე.წ. სერბული რევოლუცია. 2003 წლის გაზაფხულს, როცა შეიქმნა „კმარა”, ქართველ სტუდენტ-აქტივისტთა ჯგუფი სოროსის ფონდის დაფინანსებით გაემგზავრა ბელგრადში, სადაც გადიოდნენ ტრენინგებს ადგილობრივი „ოტპორის” წევრებთან, რომლებსაც უკვე ჰქონდათ მილოშევიჩის რეჟიმის დამხობის გამოცდილება.

„ვარდების რევოლუციის“ დროინდელი „კმარელი“ თეა თუთბერიძე Presage.tv-სთან საუბარში იხსენებს, რომ, როდესაც საქართველოში „კმარას“ მოძრაობა იწყებოდა, მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს მოძრაობა მშვიდობიანად და არაძალადობრივად იმ შედეგის მომტანი ყოფილიყო, რაც - სერბეთში „ოტპორის“ სახით.

„შესაბამისად, მათი გამოცდილების გაზიარებით დავინტერესდით და სწორედ ამ მიზნით მოხდა ჩვენი წარმომადგენლებისა და შემდეგ უკვე სერბეთიდან იქაური „ოტპორის“ წარმომადგენლების საქართველოში ჩამოსვლა. არანაირი გადამზადების პროგრამა  ეს არ ყოფილა“.

რაც შეეხება რიჩარდ მაილსის მოღვაწეობას სერბეთში, თეა თუთბერიძე აცხადებს, რომ ამ გამოცდილების გაზიარება მაილსის ინიციატივით არ  მომხდარა, არამედ ეს იყო სოროსის პროექტის დაფინანსებით.

„ჩემი ინფორმაციით, აქ ნაკლებად იყო ჩარეული აშშ-ის საელჩო. რაც შეეხება ამერიკის მხრიდან „ვარდების რევოლუციის“ დაგეგმვას, ახლა ბევრ რამეზე საუბრობენ, მაგრამ ყველაფერზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. ვისაც ჰგონია, რომ ეს იყო აშშ-ის პროექტი, დაე, ბოლომდე ეგონოს ასე. მე ასეთნაირად არ მგონია. ეს არავის პროექტი არ იყო. ეს იყო ქართველი ხალხის ნება. საქართველოში მდგომარეობა გაუსაძლისი იყო. შევარდნაძის ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებისადმი დამოკიდებულებამ გამოიწვია რევოლუცია და არა აშშ-ის მიერ დაგეგმილმა რომელიმე პროექტმა“, - აცხადებს თეა თუთბერიძე.