სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული საპრეზიდენტო არჩევნები

სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული საპრეზიდენტო არჩევნები

საქართველოს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რეგიონის ამომრჩევლები კვირას არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას და ბოლო ხუთი თვის განმავლობაში მესამედ შეეცდებიან პრეზიდენტის არჩევას.

ნოემბერში არჩევნების ორმა რაუნდმა გამარჯვება მოუტანა ალა ჯიოევას – იმ დროს მოქმედი პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის დიდი ხნის ოპონენტს რუსეთის მხარდაჭერილი, თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში. რეგიონის უმაღლესმა სასამართლომ, რომლის თავმჯდომარეც კოკოითის მოკავშირეა, შედეგები არ სცნო, რასაც საპროტესტო აქციები და პოლიციასთან ჯიოევას მხარდამჭერთა შეტაკება მოჰყვა.

ამჯერად ველი გაცილებით ბუნდოვანია, რადგან ყველა კანდიდატი, რომელიც კოკოითის და რუსეთს ემიჯნება, მკაფიო სიმპათიას არ ავლენს. პრო-რუსი კოკოითი რეგიონს პრეზიდენტის რანგში 2011 წლიდან მართავს, მაგრამ ოპოზიცია და ყოფილი სპონსორები მას ნეპოტიზმსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთის დახმარების ცუდ მართვაში ადანაშაულებენ. ის დეკემებრში გადადგა, მაგრამ მის მოკავშირეებს დღემდე უზარმაზარი გავლენა აქვთ პარლამენტსა და სასამართლოზე.

ვინ არიან კანდიდატები?

ნოემბრის არჩევნებში, პირველ რაუნდში 17 კანდიდატი მონაწილეობდა, მაგრამ ამჯერად საარჩევნო კომისიამ 22 აპლიკანტიდან მხოლოდ ოთხი კანდიდატი დაარეგისტრირა. ოთხივე რუსეთს უჭერს მხარს და საქართველოსთან თანამშრომლობის ნებისმიერ ფორმას გამორიცხავს.

დიმიტრი მედოევი 2002 წლიდან მოსკოვში სამხრეთ ოსეთის ელჩია. მართალია ის მთავრობის ნაწილია, თუცა ამტკიცებს, რომ პარლამენტს დაითხოვს იმისთვის, რომ შეაჩეროს კოკოითის მხრიდან ძალაუფლების დაბრუნების მცდელობა და მოსახლეობას ჰპირდება, რომ რუსული დახმარების მიზნობრივ ხარჯვაზე მკაცრ კონტროლს დააწესებს.

ლეონიდ თიბილოვი 1992-1998 წლებში სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტს ხელმძღვანელობდა, მოგვიანებით კი პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე და ქართულ-ოსური სამშვიდობო კომისიის თანა-თავმჯდომარე იყო. მას ჯამბულატ თედეევი უჭერს მხარს, კოკოითის ცნობილი ოპონენტი, რომელიც ნოემბრის არჩევნებში ალა ჯიოევას მხარდამჭერი იყო. რუსი მიმომხილველების აზრით, ის საუკეთესო კანდიდატია მათ შორის, ვინც ქ-ნი ჯიოევას მხარდამჭერთა ხმებს მოიპოვებს.

დავით სანაკოევი 2004 წლიდან სამხრეთ ოსეთის ომბუცმენი და ადამიანის უფლებების დამცველია. ის 1976 წელს დაიაბადა და ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატია. პოლიტიკური ანალიტიკოსი დინა ალბოროვა ამბობს, რომ მისი ახალგაზრდა ასაკი ის აქტივია, რომლითაც მას შეუძლია თავი „ახალი აზროვნების ადამიანად“ წარმოაჩინოს.

სტანისლავ ქოჩიევი ვეტერანი კომინუსტური პარტიის ლიდერია, რომელიც 1999-2004 წლებში პარლამენტის სპიკერი იყო და 2001 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კოკითის შემდეგ მეორე ადგილს იკავებდა. ახლახანს მან ინსულტი გადაიტანა.

ვინ არის ლიდერი?

ოსი, რუსი და ქართველი ანალიტიკოსები ვერ ახერხებენ მკაფიო ფავორიტის დასახელებას, თუმცა ბ-ნ ქოჩიევს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ყველაზე მცირე შანსი აქვს.

ჯიოევას პოზიცია

დეკემბერში ჯიოევა და ხელისუფლება შეთანხმდნენ, რომ პრეზიდენტი კოკოითი და მისი ორი მთავარი მოკავშირე, მათ შორის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე ათსამაზ ბიჩენოვი, გადადგებოდნენ და ის დათანხმდებოდა ხელახლა ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. მართალია კოკოითი გადადგა, მაგრამ დანარჩენი ორი დარჩა. ჯიოევა არჩევნებზე არ დაუშვეს და მან თავი პრეზიდენტად გამოაცხადა.

ის მასობრივი საპროტესტო აქციები, რომელიც უმალ დაიწყო ჯიოევას მხარდასაჭერად, რეგიონს დესტაბილიზაციას უქადდა, თუმცა საბოლოო ჯამში მარცხით დასრულდა. ჯიოევას მოკავშირეებმა მისი საქმე მიატოვეს, და 10 თებერვალს დაგეგმილი პრეზიდენტის ინაუგურაცია პოლიციამ დაარბია, რის შემდეგაც ჯიოევა საავადმყოფოში მოხვდა და განაცხადა, რომ მას თავს დაესხნენ. ის უარს აცხადებს რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერაზე მიმდინარე არჩევნებში.

რუსეთის პოზიცია

რუსეთი სამხრეთ ოსეთის სეპარატისტების ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო პატრონია, მხარი დაუჭირა რა მათ საქართველოს წინააღმდეგ 1990-იანი წლების დასაწყისში და 2008 წლის ხანმოკლე ომში. 2008 წელს რუსეთმა სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა და მკაფიოდ დაუჭირა მხარი ანატოლი ბიბილოვს 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ალა ჯიოევასთან დამარცხდა არჩევნების მეორე ტურში.

ამჯერად რუსეთი ღიად არცერთ კანდიდატს მხარს არ უჭერს. ზოგიერთი რუსი მიმომხილველი ფიქრობს, რომ ნოემბრის მარცხმა და საკუთარმა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებმა, რუსეთს ამ არჩევნებში ფრთხილი მოქმედებისკენ უბიძგა.

ქართველი ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ოთხივე კანდიდატი მტკიცედ პრო-რუსია და შესაბამისად რუსეთს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. სამხრეთ ოსეთის პრო-ქართული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თბილისში დიმიტრი სანაკოევი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფავორიტი მედოევია.

საქართველოს პოზიცია

საქართველო, ისევე როგორც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, თუ არ ჩავთვლით რუსეთის რამდენიმე მოკავშირეს, სამხრეთ ოსეთს საქართველოს ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს, რომელიც რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული.

თბილისი გმობს ამ ტერიტორიაზე და ანალოგიურ აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში ჩატარებულ ყველა არჩევნებს, რადგან მათ რუსეთის „მარიონეტი ოკუპაციური რეჟიმები“ ატარებენ, რომლებიც არ აძლევენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ეთნიკურ ქართველებს და სხვა დევნილებს, რომლებიც ამ ტერიტორიებიდან 1991-1993 წლების და 2008 წლის კონფლიქტების დროს გამოაძევეს.

საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის შეფასებით, 3 000 ზე ოდნავ ნაკლები ეთნიკური ქართველი რჩება დღეს სამხრეთ ოსეთში იმ 17 500-დან, რომელიც არსებული ინფორმაციით ცხოვრობდა იქ 2008 წელს, და გაურკვეველია დარეგისტრირებულები არიან თუ არა ისინი ამომრჩევლებად.

მოსალოდნელია თუ არა საპროტესტო აქციები ამჯერად? 

დღეს საარჩევნო რბოლა არ არის ისეთი პოლარიზებული, როგორიც 2011 წლის ნოემბერში იყო, როდესაც კოკოითის მომხრე და მოწინააღმდეგე კანდიდატები ერთმანეთს საზოგადოების ძლიერი უკმაყოფილების ატმოსფეროში უპირისპირდებოდნენ. არჩევნების შედეგების ანულირება და შემდეგ ოპოზიციის და პარლამენტის შეთანხმების კრახი სწრაფი საპროტესტო ტალღის კატალიზატორი გახდა. საეჭვოა, ნაკლებად სადაო არჩევნებს მოსახლეობის ისეთივე სწრაფი განრისხება მოჰყვეს.
foreignpress.ge