გია ალასანია: დაუკავშირდნენ ყველას ვისაც 90-იან წლებში იარაღი ეჭირა ხელში

გია ალასანია: დაუკავშირდნენ ყველას ვისაც 90-იან წლებში იარაღი ეჭირა ხელში

„თავისუფალი დემოკრატების“  ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის,  გია ალასანიას განცხადებით,  სამეგრელოში შეიარაღებული ბანდფორმირებების შესაქმენად ხელისუფლების წარმომადგენლები  ყოფილ ზვიადისტებს, ყველას ვისაც 90-იან წლებში იარაღი ეჭირა ხელში ქვეყნისთვის საფრთხის აცილების მოტივით  დაუკავშირდნენ.  ალასანიას განცხადებით,  ძირითადად  ამ  კონტიგენტს  შეიარაღებულ დაჯგუფებებში მონაწილეობის სურვილი არ ჰქონიათ, მაგრამ  უარის თქმის შემთხვევაში,  ხელისუფლებისგან პრობლემების შექმნით დაემუქრნენ.

ალასანია შეირაღებული დაჯგუფების ხელმძღვანელებსაც ასახელებს და იმასაც აღნიშნავს, რომ ზუგდიდის რამდენიმე უბანში, სამხედრო პირებისთვის კერძო სახლებიც  იქირავეს.

„მაღალ ზონაში სამხედრო ფორმირებას ვახტან ზარანდია ხელმძღვანელობს და ამ ზონაში გაერთიანებულია სოფლები: ჯიხაშკარი, ყულიშკარი, გრიგოლიში, ჭაქვინჯი.  ყულიშკარში ძლიერი ფორმირების ჩამოყალიბებას ზაურ ჯოლია ცალკე კურირებს. დაბალ ზონაში ე.წ. ბანდფორმირების ხელმძღვანელი ანზორ ჩხეიძეა, ასევე ერთერთი მთავარი ფიგურა, რომელიც ამ ზონას აკონტროლებს  ბეჟან გვაზავაა. 100%-ით შემიძლიათ გითხრათ, რომ ისინი ნებაყოფლობით არ შესულან ამ საქმეში, მათი უმეტესობა ნასამართლევია და უარის თქმის შემთხვევაში, წარსულის ამოქექვით და სკანდალით დაემუქრნენ“,- განაცხადა  ალასანიამ.

ალასანიას მიაჩნია, რომ ამ დაჯგუფებებში მყოფი ზოგიერთი ადამიანი  შეცდომაშია შეყვანილი.

,,ზოგი ნებაყოფლობითაა გაწევრიანებული, მაგრამ  არიან  ისეთები, რომლებიც შეცდომაში ყავთ შეყვანილი იმ მოტივით, რომ  ხვალ და ზეგ ქვეყანას რაიმე საფრთხე, რომ დაემუქროს, ეს ძალა ქვეყანას აგრესიას  ააცილებდა.“-განაცხადა ალასანიამ.

ის ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, საუბარი  ოფიციალურ რეზერვზე არაა.    ,,ოფიციალური  რეზერვები სულ სხვაა. სწორედ ამის ქვეშ იმალება რაღაცები“, -განაცხადა ალასანიამ.

თავისუფალი-დემოკრატების“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელით თქმით, პირველ ეტაპზე მსგავსი ფორმირებების მიზანი არჩევნებისთვის ხალხის დაშინებაა.