საქართველო ავღანეთში სამხედრო კონტიგენტს ზრდის

საქართველო ავღანეთში სამხედრო კონტიგენტს ზრდის

მიუხედავად იმისა, რომ ნატოს ზოგიერთი წევრი ავღანეთში ალიანსის მიერ მისიის გაგრძელების საკითხს ნეგატიურად აღიქვამს, საქართველო ძველებურად განუხრელად იცავს აღებულ ვალდებულებას და მალე კოალიციაში ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის სამხედრო კონტიგენტის მოცულობით ლიდერი გახდება.

და მართალია ავღანეთში ქართული კონტიგენტის ყოფნაზე პრეზიდენტ სააკაშვილი აქტიურად საუბრობს, თუმცა თბილისი დიდად არ ცდილობს ქვეყნის შიგნით ამ საკითხზე საჯარო დისკუსებში ჩართვას. ზოგიერთი ექსპერტის თქმით, მსგავსი დუმილი მთავრობის მხრიდან საბოლოო ჯამში შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების ძალისხმევაზე.

პრეზიდენტი სააკაშვილი მუდმივად თანხმდებოდა იმ ქართველი სამხედროების კონტიგენტის გაზრდას, რომლებსაც ავღანეთში უსაფრთხოების მხარდაჭერის საერთაშორისო ძალების (ISAF) შემადგენლობაში მონაწილეობისთვის აგზავნიან. მეტიც, ამ ყველაფრის გარდა, სააკაშვილმა პირობა დადო, რომ ბოლო წუთამდე ნატოს გვერდით იქნება. საქართველოს სამხედრო კონტიგენტის ყოფნა ავღანეთში დიდწილად ასახავს თბილისის თავგანწირულ შემართებას გახდეს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი.

2013 წლისთვის საქართველო ავღანეთში თავისი კონტიგენტის რიცხოვნების 1685 სამხედრომდე გაზრდას გეგმავს – და ეს რიცხვი არ გამოპარვია როგორც უმაღლეს სამხედრო სარდლობას ვაშინგტონში, ასევე არც ნატოს შტაბ-ბინას ბრიუსელში. არსებული ინფორმაციით, ამ მომენტისთვის განაღმვითი სამუშაოებით, გზების დაცვითა და ბოევიკებთან ბრძოლით ავღანეთის სამხრეთში, ჰელმანდის პროვინციაში 940 ქართველი სამხედროა დაკავებული. გაზრდილი კონტიგენტის გაგზავნა ავღანეთში უკვე მარტის ბოლოსთვის იგეგმება.

ისეთ მზადყოფნას, როგორსაც საქართველო ავლენს შეუერთდეს მისიას „ყოველგვარი დათქმების გარეშე“ (უფრო ზუსტად ქართველმა სამხედროებმა მონაწილეობა მიიღონ ნებისმიერ აუცილებელ ოპერაციებში) „ვერ შეხვდებით ჩვენი მოკავშირეების უმრავლესობაშიც კი“, აცხადებს ნატოს ოფიცერი ამიერკავკასიაში უილიამ ლაჰიუ. საქართველოს წვლილი, ამ ქვეყანას შეერთებული შტატებისა და მთელი ალიანსისთვის „ძალიან ფასეულ“ პარტნიორად აქცევს, დასძენს იგი.

აშშ-ს სამხედრო ატაშე თბილისში, პოლკოვნიკი ჯეფ ჰარტმანი ამ აზრს იზიარებს. „ჩემი აზრით, ეს ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საჭიროების დემონსტრირებას ახდენს – სამხედრო ძლიერების გაზრდის შესაძლებლობას, საკუთარი საზღვრების მიღმა ექსპედიციური სამხედრო მოქმედებების წარმოებისთვის ქვეითი ბატალიონების შექმნის შესაძლებლობას“.

საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის კამპანიაში, რასაც ნატოს სარდლობა ძალიან აფასებს, ფაქტიურად შეუმჩნეველი ხდება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ქვეყნის შიგნით. დებატები საქართველოს როლზე ამ ომში დიდწილად არ იმართება, ამბობს ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა, რომელიც სამხედრო თემებზე მუშაობს. ინფორმაცია სამხედრო მოქმედებებში მოკლულ ან დაჭრილ სამხედროებზე იშვიათად ქვეყნდება. მაგალითად, ფაქტობრივად არაფერია ცნობილი იმ 15 სამხედროზე, რომელიც ავღანეთში დაიღუპა მას შემდეგ, რაც 2004 წელს საქართველოს მისიას შეუერთდა.

„ამ ბიჭებმა, ამ სამხედროებმა, უზარმაზარი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში… მაგრამ სიტყვაც არავის უთქვამს. ვფიქრობ, ეს არასწორი პოლიტიკაა, რადგან ადამიანებს უნდა ავუხსნათ, რას ვაკეთებთ ავღანეთში“, – ამბობს ჟურნალისტი. ვაშინგტონის Freedom House-მა მედიის თავისუფლებაზე 2011 წლის ანგარიშში, საქართველო „ნახევრად თავისუფალი“ ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა.

თუკი არსებობს რაიმე წინააღმდეგობა საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხზე, ის ძალიან უმნიშვნელოა. რადგან, მაგალითად 2010 წელს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 2089 რესპონდენტიდან ავღანეთში სამხედრო კონტიგენტის გაგზავნა მხოლოდ 4%-მა გააპროტესტა. ამ ნაბიჯისადმი მაღალი მხარდაჭერა გიორგი ცხვიტავას აკვირვებს „რატომ არ აწვდის მთავრობა მოსახლეობას, საკუთარ მოქალაქეებს, შესაბამისს ინფორმაციას“.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მთელი თვის განმავლობაში არ უპასუხა EurasiaNet.org -ის თხოვნას ინტერვიუზე საქართველოს მონაწილეობის შესახებ ISAF-ის მუშაობაში.

ამ კვირაში, პროსამთავრობო ყოველკვირეული ჟურნალის „ტაბულა“-ს გარეკნზე კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის ფოტო გამოქვეყნდა, მაგრამ ამ ინტერვიუში ის ავღანეთში მისიის საქმიანობის დეტალებს არ განიხილავს. „ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, რომ არსებობს არამხოლოდ პრობლემა, არამედ ამ პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობაც, და ამ მისიაში საქართველო სწორედ ამას აკეთებს“, – განაცხადა მან.

საქართველოს ავღანეთის სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობაზე დებატების არ არსებობა ყურადღებას ამახვილებს იმ დაბრკოლებებზე, რაც ნატოში გაწევრიანებაზე თბილისის განაცხადს უკავშირდება, აცხადებს კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის დოცენტი ლინკოლნ მიტჩელი. „როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ცოცხალი დისკუსია საზოგადოებაში ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უნდა გაწევრიანდეს თუ არა საქართველო ნატოში და საჭიროა თუ არა საქართველომ მხარი დაუჭიროს სამხედრო მოქმედებებს ავღანეთში… იმაზე მეტად შეუწყობდა ხელს ამ ქვეყანას ნატოში გაწევრიანების საქმეში, ვიდრე მედიის ასეთი ჩახშობა და სამხედრო კონტიგენტის გაგზავნა“, – აღნიშნავს იგი.

ოპოზიციის ორ ლიდერს – ერთი ციდა პარტიის „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერ კახა კუკავას და ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილს – სურთ კამპანიის შემობრუნება საქართველოს ნატოში გაწევრიანების გეგმის და ავღანეთში ყოფნის წინააღმდეგ, მაგრამ ჯერ-ჯერობით მათი მცდელობა საქართველოს მედიასივრცეში ისეთივეა, როგორც ზღვაში წვეთი.

როგორც ჩანს, სააკაშვილი მიდრეკილია იმისკენ, რომ ყველა, ვინც ეჭქვეშ აყენებს საქართველოს როლს ISAF-ის მუშაობაში, არაპატრიოტულ ძალებად მონათლოს. „ყველა, ვინც საუბრობს ქართული კონტიგენტის ავღანეთიდან გამოყვანაზე და იმავდროულად თავს ნატოს და ევროკავშირის მხარდამჭერს უწოდებს, სინამდვილეში პუტინის [რუსეთის პრემიერ-მინისტრის] და რუსეთის ლაქიაა“, – განაცხადა მან თავის გამოსვლაში 26 თებერვალს.

„თუკი ჩვენ გვსურს გვქონდეს სახელმწიფო, მაშინ არმიაც უნდა გვყავდეს. ხოლო არმია თუ გვინდა, მონაწილეობა უნდა მივიღოთ საერთაშორისო სამხედრო მისიებში, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ეს“, – დასძინა სააკაშვილმა.

ნატოს ოფიცერმა ლაჰიუმ აღნიშნა, რომ იგი მუშაობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან ავღანეთის მისიაში მუშაობაზე მოსახლეობის ინფორმირების საკითხთან დაკავშირებით, თუმცა დეტალებზე არ ისაუბრა. „რთულია ყველაფრის ერთდროულად კეთება, ხოლო გაუმჭვირვალობა საბჭოთა მემკვიდრეობაა“, – აღნიშნა მან.

საბოლოო ჯამში არც ქართული კონტიგენტის მოცულობა ISAF-ში და არც ის, რომ არ არსებობს ამ საკითხის განხილვის სურვილი, არ გახდება საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადისთვის განმსაზღვრელი ფაქტორი, აცხადებს ჯონ ჩიკი, ვაშინგტონში ეროვნული სამხედრო კოლეჯის პროფესორი და აშშ-ს თავდაცვის მინისტრის ევრაზიის და შავიზღვის რეგიონის პოლიტიკის საკითხებში ყოფილი დირექტორი.

„ეს უფრო დაკავშირებულია ნატოს შიდა საკითხებთან და ყველა სახელმწიფოს მეთაურის დასარწმუნებლად ხელსაყრელი მომენტის არჩევასთან“, – ამბობს იგი. „თავად საქართველოს ეს დიდად არ ეხება“.
foreignpress.ge