ჟენევის ფორმატზე უარს არ ვამბობთ, ამ ფორმატზე დიდ ენერგიას ვხარჯავთ

ჟენევის ფორმატზე უარს არ ვამბობთ, ამ ფორმატზე დიდ ენერგიას ვხარჯავთ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჟენევის ფორმატზე უარს არ ვამბობთ, ამ ფორმატზე დიდ ენერგიას ვხარჯავთ.

როგორც კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რუსეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად უპირველესი ჟენევის ფორმატია.

"საიდან მოვიდა ისეთი ინფორმაცია, რომ ჩვენ ჟენევის ფორმატზე უარს ვამბობთ, არ ვიცი. უმთავრესი ფორმატი რუსეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად, არის ჟენევის ფორმატი. ამ ფორმატზე დიდ ენერგიას ვხარჯავთ. ბატონი დონდუა არის უმთავრესი წარმომადგენელი. მგონია, რომ ბოლო რამდენიმე რაუნდის განმავლობაში ხელშესახები პროგრესი გვქონდა. მინიმუმ ის, რომ დღის წესრიგის ყველა საკითხი განვიხილეთ, როდესაც ეს არ ხდებოდა ხოლმე. თუმცა ბოლო რაუნდი, სამწუხაროდ, ისევ ჩაიშალა, რაზეც ძალიან ვწუხვარ. ვფიქრობ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იმ საერთაშორისო ჩართულობით, რასაც ეს ფორმატი იძლევა, წინ წავიწიოთ ამ საკითხებში", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, აბაშიძე-კარასინის ფორმატი,  არაერთმა საერთაშორისო ინსტიტუტმა, მათ შორის ნატო-ს გენერალურმა მდივნმა, დადებითად შეაფასა.

"უმთავრესი პრიორიტეტია როგორც ევროკავშირთან სრული ინტეგრაციის მიღწევა, ისე ნატო-ს წევრობა. ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს, რათა შემცირდეს ის რისკები, რომლებიც ამ გზაზე არსებობს. რუსეთთან ჩვენი პრაგმატული დამოკიდებულება, უპირველეს ყოვლისა, არის რისკების შემცირების საშუალება იმისათვის, რომ ჩვენს საგარეო, პროდასავლურ ვექტორს არაფერი დაემუქროს. აბაშიძე-კარასინის დიალოგი ემსახურება სწორედ იმას, რომ ამ რისკებმა არ მაიღწიოს იმ დონეს, რომელიც შესაძლებელია გახდეს რისკი საქართველოს პროდასავლური ვექტორისათვის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.