პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ, გიორგი კვირიკაშვილსა და საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატ კობა სუბელიანს შორის შელაპარაკება მოხდა.
კვირიკაშვილი და სუბელიანი ერთმანეთს საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე სიტყვიერად ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაუპირისპირდნენ, რასთან მიმართებაშიც პრემიერობის კანდიდატს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა დამოკიდებულება დაუწუნა და ის საქმისადმი არასერიოზულ მიდგომაში დაადანაშაულა.
საქმე ისაა, რომ აღნიშნულ საკითხზე სიტყვიერ დაპირისპირებამდე გიორგი კვირიკაშვილმა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ საზოგადოებას არ სჯერა ყოფილი პრემიერის დაღუპვის იმ მიზეზის, რაც გამოძიების თავდაპირველი ვერსიით ვრცელდებოდა, რაც უმცირესობის კიდევ ერთმა წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა "ბოლშევიზმად" შეაფასა. აღნიშნულის საპასუხოდ კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლშევიზმთან დაკავშირებით ცისკარიშვილის რეპლიკას ხუმრობად მიიჩნევს და შეუძლიათ, ამასთან დაკავშირებით გაიცინონ.
აღნიშნულის შემდეგ პრემიერობის კანდიდატმა ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა სცადა, თუმცა მას ამის საშუალება კობა სუბელიანმა არ მისცა და კვირიკაშვილს უსაყვედურა იმის გამო, რომ "ხუმრობს, მაშინ როცა საქმე ბავშვის მკლელობას" შეეხება.
"რაც შეეხება რაფალიანცის საქმეს, მე არ ვიცი ვინ დააბრალა გიორგი ღვინიაშვილს ასეთი ტიპის მკვლელობა, არ მინახავს ასეთი რამ. გიდასტურებთ, უბედურებაა, რომ ეს საქმე გამოუძიებელია. ვიხუმრე რაფალიანცზე? რატომ იტყუები ამხელა კაცი ხარ? სირცხვილი და სპეკულაციაა რასაც ახლა აკეთებ. რაფალიანცის საქმის გამოუძიებლობა უბედურებაა, გიდასტურებთ, მეტი რაგავაკეთო? დავანებოთ თავი სპეკულაციას. ცოტა ვნებები დავიცხროთ. ნუ დამაბრალებთ იმას, რომ რაფალიანცზე ვიხუმრე. ვიხუმრე ბოლშევიზმზე. თქვენი რეჟიმი არ იყო ბოლშევიკური? აბა რა იყო? მოგიწოდეთ თანამშრომლობისკენ და ეს არის თქვენი პასუხი? ეს არის თქვენი დამოკიდებულება? გამაგრძელებინეთ იმ ტონალობაში, რომელშიც ვლაპარაკობდი. მე ვნახავ როგორი განცხადებები გაკეთდა, მათ შორის გიორგი ღვინიაშვილის მხრიდან და მერე გაგცემთ ამაზე პასუხს", - მიმართა პრემიერობის კანდიდატმა უმცირესობის წევრებს, რაზეც დეპუტატმა კობა სუბელიანმა უპასუხა, რომ ვერც ერთი მინისტრი ამ მთავრობიდან "რაფალიანსის ამბიდან ვერ გამოძვრება, რადგან ადამიანი, რომელმაც დეპუტატ ღვინიაშვილს ბავშვის მკვლელობა დააბრალა დღეს კულტურის მინისტრის მოადგილეა".
"თქვენი მინისტრის მოადგილეა, კულტურის მინისტრის მოადგილეა. ვერ გამოძვრებით ვერც ერთი მაქედან", - განაცხადა სუბელიანმა.