პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სიმართლე უნდა ვუთხრათ პირველ რიგში ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.
"ყოველთვის ვცდილობდი, რომ ქვეყნის იმიჯი იმაზე უფრო პოზიტიურად წარმომედგინა, ვიდრე ეს რეალობაში იყო. რა თქმა უნდა, იყო შეკითხვები და ჩვენ არ უნდა გავექცეთ იმ რეალობას, რომ ქვეყანაში იყო როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მოვლენები ჩვენს უახლეს ისტორიაში. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელი, უნდა ვუთხრათ სიმართლე პირველ რიგში ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. სიმართლე ყოველთვის ერთფეროვანი არ არის. თქვენც მოგიწოდებდით, თამამად გესაუბრათ იმ უარყოფით ასპექტებზე, რომელიც იმ მმართველობას, აღარ მინდა ვიხმარო ის ყბადაღებული წლების მმართველობა, ახლდა. მაგრამ იყო პროგრესიც და იყო ძალიან უარყოფითი ასპექტები იმ წლებში, როდესაც თქვენ იმყოფებოდით ხელისუფლებაში. ჩვენი მიზნია, ის დადებითი მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და ჩვენი მომავალი განვითარება მოვაწყოთ ისე, რომ ის, რაც კარგი გვქონდა, კიდევ უფრო განვავითაროთ. ხოლო ის უარყოფითი, რაც გვქონდა, ერთხელ და სამუდამოდ ჩავაბაროთ ისტორიას", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ტენდენცია, რომ დადებითია, არამგონია ამაზე ვინმეს კითხვის ნიშანი გააჩნდეს.
"ჩვენ გვქონდა ძალიან ღრმად ფესვებგადგმული ავტორიტარული სისტემა. არ მინდა გადავიდე ამ რაკურსში, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი შეიძლება იყო ეფექტური, მაგრამ იყო ხშირად ავტორიტარული. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, უფრო მეტი თვითკრიტიკით შეხედოთ ასეთ საკითხებს. ასეთი რეჟიმის შემდეგ, როდესაც ქვეყანა დემოკრატიულ სისტემაზე გადადის, როდესაც ქვეყანა ათავისუფლებს ბიზნესს ბიუროკრატიული წნეხისგან, აბსოლუტურად ბუნებრივია, ზრდის ტემპების შენელება. თუმცა, ამ შენელების მიზეზები იყო როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორები. ამიტომ მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც ქვეყანაში მოხდა, ბიზნესის განთავისუფლება წნეხისგან, სიტყვის თავისუფლება, გავიხსენოთ, ვიყოთ გულწრფელები, რა სიტუაცია იყო ქვეყანაში. მახსოვს, ჩემი სახლის წინ კვირების განმავლოაბში იდგა სოდ-ის ე.წ. მანქანები, ჩამუქებული შუშებით. მგონია, რომ შედარება საზოგადოების საქმეა და ის ძალიან კარგად ხედავს სტრუქტურულ განსხვავებას. ჩვენ არ ვართ იდეალურები, მაგრამ ტენდენცია რომ დადებითია, არამგონია ამაზე ვინმეს კითხვის ნიშანი გააჩნდეს", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.