აკაკი ბობოხიძე გიორგი კვირიკაშვილს:   ჩვენთან ბრძოლა ენერგიისგან დაცლის თქვენს ხელისუფლებას

აკაკი ბობოხიძე გიორგი კვირიკაშვილს: ჩვენთან ბრძოლა ენერგიისგან დაცლის თქვენს ხელისუფლებას

"ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ თქვენი ხელისუფლების ენერგია ეწირება "ნაციონალურ მოძრაობასთან" ბრძოლას. გარწმუნებთ, რომ ეს ბრძოლა ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებს, მაგრამ ენერგიისგან დაცლის თქვენს ხელისუფლებას, - ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს.

აღნიშნულ კონტექსტში ბობოხიძემ პრემიერობის კანდიდატს ურჩია, საჭიროების შემთხვევაში დაუძახონ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს და რიგ საკითხთან დაკავშირებით რჩევა ჰკითხონ.

"იქნებ პირიქით, დაგვიძახოთ და გვკითხოთ, რას როგორ ვაკეთებდით. თუ რამე მოგეწონებათ, გაითვალისწნოთ, თუ არა და ნება თქვენია, შეგიძლიათ არ გააკეთოთ", - აღნიშნა დეპუტატმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე.

ბობოხიძემ შეჩერებული პროექტების შესახებაც ისაუბრა და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გამოყენებასთან დაკავშირებით მთავრობის გეგმებით დაინტერესდა.

"თქვენ ახსენეთ აბრეშუმის გზა, 24 წელია ქართულ პოლიტიკაში ვარ და ქართული სახელმწიფო ერთ-ერთ დასაყრდენად სწორედ აბრეშუმის გზის იდეას ეფუძნება. არა აქვს მნიშვნელობა, რა სახელს დავარქმევთ, ჩვენ თანამედროვე მსოფლიოს ჯერჯერობით რასაც ვთავაზობთ ერთადერთს და უნიკალურს, ეს არის ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია. მე მაინტერესებს, ის მატარებელი, რომელიც ჩინეთიდან მივიღეთ, სად წავიდა მერე? – ახალქალაქის რკინიგზით წავიდა თუ ანაკლიის პორტში დაიცალა? სად არის ის პროექტები, რომლებიც შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო დიდი პროექტი – აბრეშუმის გზის", ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის?" - განაცხადა ბობოხიძემ და დასძინა, რომ აბრეშუმის გზის პროექტზე ხელმოწერა კიდევ ერთხელ ადასტურებს ისეთი გაჩერებული პროექტების მნიშვნელობას, როგორებიცაა შემოვლითი რკინიგზა, ანაკლიის პორტი, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა და სხვა.

ბობოხიძე დაინტერესდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მოსაზრებით, რამდენად მნიშვნელოვანია ზემოაღნიშნული პროექტების დაჩქარება.

გარდა ამისა, მან მადლობა გადაუხადა კვირიკაშვილს გამოთქმული პოზიციის გამო, რომ თანამედროვე მარკეტინგისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი რეკლამაა და მოუწოდა, იგივე ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილსაც გაგებინოს.

"ძალიან კარგია, თუ იმ კაცს, რომელსაც ბიზნესის წარმატების მთავარ პირობად "ფე ეს ბე"-სთან შეთანხმება ჰგონია, გააგებინებთ, რომ რეკლამაა თანამედოვე საქმიანობის ერთ-ერთი ნაწილი და სააკაშვილის ხუშტურებზე კი არ იხარჯებოდა ფული და გიგა ბოკერიას პიროვნული შეხედულებებით, არამედ ფული ქვეყნის რეკლამაზე და პოპულარიზაციაზე იხარჯებოდა", - განაცხადა ბობოხიძემ.