აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოს საკითხი იყო .

 ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა. ხიდაშელის ინფორმაციით, სენატორი კარდინი კომიტეტის სხდომაზე დაინტერესდა, ელჩი ნორლანდისგან მიეღო ინფორმაცია, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს იგი, რათა საქართველომ განაგრძოს წინსვლა თავისუფალი და ღია არჩევნებისკენ. 

"საქართველოს აქვს პრობლემები, ის ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა. გარდამავალ პერიოდში ის წინ მიიწევს. მე მომეცა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი პრეზიდენტ სააკაშვილს მისი აქ ყოფნისას იმის თაობაზე, თუ რას აკეთებს იგი სამართლიანი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად. ვიცით, რომ ადგილი აქვს მცდელობას და ძალისხმევას, იმ პირების უფლებები შეიზღუდოს, ვისაც პრეზიდენტად არჩევის უფლება აქვს. ოპოზიცია აცხადებს, რომ მათ არ ეძლევათ არჩევნებში სამართლიანი კონკურენციის შესაძლებლობა, ასე რომ, ჩემი შეკითხვა თქვენდამი არის, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებთ საიმისოდ, რომ საქართველომ განაგრძოს წინსვლა თავისუფალი და ღია არჩევნებისკენ, რომლებშიც თანაბარი და სამართლიანი შესაძლებლობები ექნებათ ოპოზიციის კანდიდატებს", - თინა ხიდაშელის ინფორმაციით, სწორედ ამ შეკითხვით მიმართა სენატორმა კარდინმა ელჩ რიჩარდ ნორლანდს, რომელიც საქართველოში ჯონ ბასს შეცვლის.

ხიდაშელის ინფორმაციითვე, ნორლანდის პასუხი შემდეგნაირი იყო: "წლევანდელ არჩევნებსა და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც აღვნიშნეთ, გარკვეული პროგრესის მიუხედავად, საქართველოში ნამდვილად არის შეშფოთების საფუძველი, იმასთან დაკავშირებით, რასაც შეიძლება ეწოდოს "მოსწორებული სათამაშო მოედანი". მოგვდის ინფორმაცია ოპოზიციური კანდიდატების შევიწროების შესახებ, რაც ჩვენ ძალიან გვაწუხებს. კონტროლის პალატის ე.წ როლი, პარტიათა დაფინანსების კანონი, დიდი შეშფოთებას იწვევს საქართველოში და საერთაშორისო თანამეგობრობაშიც. ჩვენმა მისიამ უკვე განუცხადა ჩვენი შეშფოთება ამ საკითხების გამო საქართველოს ხელისუფლებას როგორც საჯაროდ, ისე - პირად საუბრებში და თუ ეს დადასტურდება, ჩემი ფუნქცია იქნება, გავაგრძელო გულმოდგინე მონიტორინგი იმისა, როგორ იცავს საქართველო იმ პრინციპებს, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია. ეს იქნება ჩემი მისიის მთავარი პრიორიტეტი. ამერიკა მილიონობით დოლარს ხარჯავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ხელშეწყობისთვის და ჩვენ ამ ფონდების ყურადღებიანი განმგებლები უნდა ვიყოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენთვის მოსალოდნელ შედეგებს ვიღებთ. და ბოლოს, მივანიშნებ - თუ გავითვალისწინებთ საქართველოს დაინტერესებას და სწრაფვას ნატო-ს წევრობისკენ და ჩვენს მხარდაჭერას, ის, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები, იქნება მეტად მნიშვნელოვანი ლაკმუსის ქაღალდი და ჩვენ ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალს ამ არჩევნებს, რათა შევაფასოთ თუ რამდენად შეესაბამება ისინი ნატო-ს სტანდარტებს".
ხიდაშელის ინფორმაციით, თავის მხრივ, სენატორმა ხაზი გაუსვა საკითხს ოპოზიციონერ კანდიდატთა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ.

"ეს საკითხი საკმაოდ ბევრ ევროპულ ქვეყანაში გამოიყენება საიმოსოდ, რომ ოპოზიციის შესაძლებლობები დაიბლოკოს. მე მოვითხოვდი ჩვენს აქტიურ მონაწილეობას ამ საკითხში, რათა ოპოზიციას მიეცეს უფართოესი შესაძლებლობა "სათამაშო მოედანზე" შედეგიანი პაექრობისთვის", - აღნიშნა სენატორმა კარდინმა.

თინა ხიდაშელის განცხადებით, აშშ-ის მაღალჩინოსნების ამგვარი პოზიციები მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკა მხარს უჭერს არა კონკრეტულ პიროვნებას, მიხეილ სააკაშვილს, არამედ - ზოგადად, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.

ხიდაშელის აზრით, სწორედ ამ სხდომის და მასზე განხილული საკითხის პრევენცია იყო ხელისუფლების მხრიდან ბოლო დღეებში საელჩოებზე თავდასხმა.

მანვე აღნიშნა, რომ მის მიერ დასახელებული სხდომის შესახებ ვიდეომასალა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებგვერდზეა განთავსებული.