"გასული სამი წლის განმავლობაში ძალიან დიდი დროის და ენერგიის დახარჯვა მოგვიწია მოსახლეობისთვის"

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობას მეტი კომუნიკაცია ექნება იმ პარლამენტარებთან, რომელსაც საინტერესო პროექტების განხილვაში მონაწილეობა სურს.

როგორც ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, პირველი მისი შემოთავაზება არის ის, რომ მაქსიმალურად გახსნილად ითანამშრომლოს ქვეყნისთვის საჭირო პროექტების ირგვლივ.

"ჩვენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. ერთად გვიმუშავია, ერთ გუნდში. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შორის, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი დაამტკიცებს მინისტრთა კაბინეტს, იქნება ძალიან საქმიანი ურთიერთობა. ჩემი განწყობა ასეთია, რომ გვქონდეს მაქსიმალური კომუნიკაცია ყველა იმ პარლამენტართან, რომელსაც აქვს მეტი ინფორმაცია მთავრობის საქმიანობის შესახებ, ჩაერთოს ძალიან საინტერესო პროექტების განხილვაში. ამიტომ, პირველი ჩემი შემოთავაზება არის ის, რომ მაქსიმალურად გახსნილად ვითანამშრომლოთ ქვეყნისთვის საჭირო პროექტების ირგვლივ. თქვენ დაგირიგდათ მთავრობის პროგრამა. იმედი მაქვს, რომ გაეცანით. მინდა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო ყურადღება. მოგეხსენებათ, გასული სამი წლის განმავლობაში, მოგვიწია ძალიან დიდი დროის და ენერგიის დახარჯვა მოსახლეობისთვის დაგროვილი პრობლემების გადაჭრაში. არსებული რეფორმები, რომლებიც წამოვიწყეთ, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და დაემატება ახალი მიმართულებები", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, მაქსიმალური აქცენტი გადატანილი იქნება ეფექტიანობის გაზრდაზე.

"რაც შეეხება ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების საკითხს, აუცილებლად გაგრძელდება. გამახვილდება ყურადღება იმაზე, რომ პროგრამა მაქსიმალურად იყოს ორიენტირებული საჭიროებებზე. ჯანდაცვაში აქცენტები გაკეთდება პრევენციაზე და პირველადი ჯანდაცვის სისტემაზე, რაც უდაოდ მნიშვნელოვანია და მომავალში ხარჯების დაზოგვას მოიტანს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.