ვლადისლავ სურკოვი ხვალ აფხაზეთში ჩავა

ვლადისლავ სურკოვი ხვალ აფხაზეთში ჩავა

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ხვალ, 29 დეკემბერს, "ორმხრივი ურთიერთობის ახალ ეტაპზე გაყვანის" მიზნით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავა. დაგეგმილია შეხვედრა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან.

ვიზიტის შესახებ რუსულ მედიას რუსეთის "პოლიტიკური კონიუქტურის ცენტრის" დირექტორმა ალექსეი ჩესნაკოვმა განუცხადა.

"უახლოეს პერიოდში რუსეთი და აფხაზეთი ურთიერთქმედების ახალ ეტაპზე გადადიან. ხვალ, 29 დეკემბერს, შედგება რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის ვიზიტი აფხაზეთის რესპუბლიკაში, რომლის ფარგლებშიც ის ქვეყნის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვდება", - განაცხადა ჩესნაკოვმა.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრის ოფიციალური მიზეზი "ინტეგრაციის გაღრმავების შესახებ შეთანხმების რეალიზებისკენ" მიმართული კონსულტაციების გამართვა და მომავალი წლის თანამშრომლობის გეგმების განხილვაა.

"როგორც ჩანს, ქვეყნები მზად არიან ახალი პრაქტიკული ნაბიჯებისთვის, მითუმეტეს, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი უკვე გადაწყდა. მაგალითად, ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე აფხაზეთმა უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული დოკუმენტის - ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის დადებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა", - განაცხადა ჩესნაკოვმა.