საქართველოს პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას, შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მღებრიშვილმა რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, დაგეგმილია შსს-ს აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერება და მისი საპოლიციო განათლების რეგიონულ ცენტრად გარდაქმნა.
„რა თქმა უნდა, რეფორმები ვერ იქნება შედეგიანი, თუ მუდმივად არ ვიზრუნეთ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე. შსს-ს აკადემიაში დაინერგება ახალი პროგრამები და დისტანციური სწავლება. ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით, განხორციელდება ღონისძიებები, რომლის მიზანია არა მარტო საქართველოს, არამედ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს მაღალკვალიფიციური, დასავლურ ღირებულებებსა და სტანდარტებზე ორიენტირებული კადრები მიეწოდოს, რაც, თავის მხრივ, რეგიონული უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.