პაატა ზაქარეიშვილი:  მიმდინარეობს მკაფიოდ გამოკვეთილი დეესკალაცია

პაატა ზაქარეიშვილი: მიმდინარეობს მკაფიოდ გამოკვეთილი დეესკალაცია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ჩვენს გარშემო მრავალი ფრონტია გახსნილი და საქართველოს გამყოფი ხაზის გასწვრივ არათუ ესკალაციის ნიშნები არ არის, არამედ მიმდინარეობს მკაფიოდ გამოკვეთილი დეესკალაცია.

ამის შესახებ ზაქარეიშვილმა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

"თუ გავითვალიწინებთ იმას, რა ხდება ჩვენს სამეზობლოში, რამდენად რთულადაა ვითარება იგივე რუსეთ-უკრაინას შორის, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, რუსეთ-თურქეთს შორის, აშკარად ჩანს, რომ გამოწვევები იმდენად მაღალია, რომ გამოწვევების ფონზე უნდა შევაფასოთ ჩვენი საქმიანობა. აშკარაა, რომ როცა ჩვენს გარშემო მრავალი ფრონტია გახსნილი და აშკარაა ესკალაციის მაღალი ტემპერატურა, ჩვენი გამყოფი ხაზის გასწვრივ არათუ ესკალაციის ნიშნები არ არის, არამედ მიმდინარეობს მკაფიოდ გამოკვეთილი დეესკალაცია, ეს არის სერიოზული მიმართულება და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში კონფლიქტის მოგვარებით, ყველა ცალსახად და მკაფიოდ აღნიშნავს ამ წარმატებული პოლიტიკის შედეგებს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა და დასძინა, რომ საოკუპაციო ხაზთან ინციდენტების რაოდენობა პრაქტიკულად გამოირიცხა.

"მინიმუმამდეა დასული გამყოფი ხაზის გასწვრივ ინციდენტები, ხოლო როცა არის, ეს როგორც წესი, ეხება ადამიანების გატაცებას. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ციხეებში მათი ყოფნის დრო მინიმუმამდეა დაყვანილი და ის დაახლოებით სამი დღეა-ხოლმე", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა. მინისტრის თქმით, წინა პერიოდში გატაცებულ ადამიანებს იზოლატორებში დიდი ხნით უწევდათ ყოფნა და ზოგიერთი მათგანი ახლაც სასჯელს იხდის. "ეს ყველაფერი გამოვრიცხეთ და ახლა მთავარია ვიმუშაოთ იმ ხალხზე, ვინც წინა ხელისუფლების დროს დიდი ვადით მოხვდნენ საპატიმროში", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.