იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, იუსტიციის სამინისტროს 2016 წლის საკანონმდებლო გეგმაზე ისაუბრა.
იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, მზადდება ცვლილებები „პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის შესახებ“ კანონში.
"მზადდება ცვლილებები "პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის შესახებ" კანონში, რათა პარტიათა რეგისტრაცია და ფუნქციონირება იყოს კიდევ უფრო გამჭვირვალე, მარტივი და პარტიებს არ შეექმნათ არანაირი იმის მსგავსი პრობლემები, რომელთაც შეიძლება დღეს აწყდებოდნენ“, - აღნიშნა წულუკიანმა.
მისი თქმით, სრულდება ასევე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში სპეცუბნების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მუშაობა.
"სპეცუბნები მომავალ არჩევნებზე აღარ იქნება განხილვის თემა, რადგან კანონი ძალიან მკაფიოდ დაარეგულირებს პროცესს და მინიმუმამდე დაიყვანს სპეცუბნების შექმნის შესაძლებლობას. სპეცუბნები, ერთადერთი, მხოლოდ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში დარჩება“, - განაცხადა წულუკიანმა.