კახიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ქარხნების აშენების ინიციატივით გამოდის

კახიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ქარხნების აშენების ინიციატივით გამოდის

სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, გარკვეული ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ ბიზნეს-სექტორი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ქარხნების გახსნით დაინტერესდეს.

როგორც კახი კახიშვილმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პროგრამის განხორციელება პენიტენციურ სისტემაში რევოლუციური იქნება, რაც მსჯავრდებულების დასაქმებას შეუწყობს ხელს.

"საუბარია მინი ქარხნების აშენებაზე დაწესებულებებში. დღეს, ბიზნეს-სექტორს არანაირი სტიმული არ გააჩნია, რომ რომელიმე დაწესებულებაში ქარხანა აამოქმედოს მსჯავრდებულების დასაქმებისთვის, რადგან შემდგომში, მათივე ნაწარმს სასჯელაღსრულების სამინისტრო ვერ შეისყიდის იმიტომ, რომ არის სპეციალური რეგულაციები. ჩვენ მოგვეცემა საშუალება, იმ ფასების ფარგლებში, რომელიც სტატისტიკის დეპარტამენტს ექნება შევიძინოთ ნებისმიერი ნაწარმი, რომელიც იქნება გამოშვებული ჩვენი პატიმრების მიერ. რა თქმა უნდა, ეს დამატებით სტიმულს მისცემს ბიზნეს-სექტორს, რომ ჩვენს დაწესებულებებში გახსნან ქარხნები. გეგუთის დაწესებულებაში ვგეგმავთ გაიხსნას სპეციალური სათბური და შემდგომში ის ყვავილები მერიამ შეიძინოს ჩვენგან. ეს იქნება რევოლუცია პენიტენციურ სისტემაში და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დღეს იმყოფება ჩვენს დაწესებულებაში, სურვილს გამოთქვამს მიიღოს ამ პროგრამაში მონაწილეობა", - განაცხადა კახიშვილმა.