საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მისი უპირველესი ამოცანა ქვეყნის უსაფრთხოების საგარეო საფრთხეებიდან დაცვის უზრუნველყოფა იქნება.
ამის შესახებ ჯანელიძემ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
"საგარეო ურთიერთობების პრიორიტეტები და ამოცანები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის პროგრამის მიერ. ჩემთვის უპირველესი ამოცანა იქნება ქვეყნის უსაფრთხოების საგარეო საფრთხეებიდან დაცვის უზრუნველყოფა. ეს იქნება სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. ამ ამოცანის შესრულება შესაძლებელია იმ მიმართულებების აქტიური, თანმიმდევრული გაძღოლით, რასაც ჰქვია ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს არის გზა, რომელიც არჩეულია ჩვენი ხალხის მიერ და არჩეულია იმიტომ, რომ ეს გზა ახლოსაა ჩვენს ღირებულებებთან და ჩვენს აღქმასთან", - განაცხადა ჯანელიძემ და დასძინა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იქნება.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაღრმავება და განმტკიცება.
ჯანელიძის თქმით, საგარეო უწყების ძირითადი მიდგომა, ასევე, იქნება რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების მაქსიმალური ხელშეწყობა.