მთავრობის შემადგენლობას არც "ნაციონალური მოძრაობა" გამოუცხადებს ნდობას. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მხარს არ დაუჭერენ იმიტომ, რომ აბსოლუტურად არ არის ცვლილება მთავრობაში არც კონცეპტუალური, არც შემადგენლობის კუთხით.
"ეს ხალხი ასოცირებულია ეკონომიკურ დაღმასვლასთან, რაც მთავრობის უპირველესი პასუხისმგებლობაა. ამავე დროს, ეს ადამიანები რჩებიან ქვეყნის რეალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის სურვილების შემსრულებლად, რაც საქართველოს საერთოდ აგდებს კონსტიტუციური სისტემის მახასიათებლებიდან, კანონიერების ველიდან. ქვეყანა იმართება არაფორმალური ლიდერის მიერ", -განაცხადა დარჩიაშვილმა და აღნიშნა, რომ სწორედ ივანიშვილის პირადი სურვილი იყო ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი "ასე მოულოდნელად გაქრა". "ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის წევრობის კანდიდატებთან შეხვედრაზე ყურადღებას არაფორმალურ მმართველობაზე გაამახვილებს.
"მე ვთვლი, რომ არაფორმალური მმართველობის სტილზეა სასაუბრო. როგორც ჩანს რიტორიკული კითხვები იქნება, რადგან ეს ხალხი არ აპირებს სერიოზულად ამ ყველაფერზე საუბარს. საუბარი შეეხება იმასაც, რომ პენსიების რეალური ზრდის არავითარი ნება არ გააჩნია ამ ხელისუფლებას, რომ ეკონომიკაში არის პრობლემები, რომ გაჩერებულია ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებსაც სამუშაო ადგილები და ინვესტიუციები უნდა უზრუნველეყო", -განაცხადა დარჩიაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში დღეს მთავრობის წევრობის კანდიდატებს მოუსმენენ. კერძოდ, საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტის კომიტეტებსა და პოლიტიკურ ჯგუფებში განიხილავენ.
კომიტეტები და სამინისტროები დაჯგუფებული იქნებიან თემატურ ბლოკებად. ამასთან, საკომიტეტო მოსმენებისთვის გამოყოფილია ორსაათნახევარი, შემდეგ კი დაიწყება შეხვედრები ფრაქცია "თავისუფალ დემოკრატებთან", საპარლამენტო უმცირესობასთან და უმრავლესობასთან. დღის ბოლოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.