რუსეთი თურქეთის წინააღმდეგ ახალი ზომების მიღებას გეგმავს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის ვიცე პრემიერმა არკადი დვორკოვიჩმა ტელეკომპანია "Россия 24"-თან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება სანქციების გაფართოებას იქამდე გააგრძელებს, სანამ თურქეთის მხრიდან "ადეკვატურ რეაქციას" არ მიიღებს.
"მიგვაჩნია, რომ საჭიროა ადეკვატური პასუხი არამეგობრულ ქმედებებზე. ასეთი პასუხის გაცემა რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ. იქნება შემდგომი ნაბიჯებიც, რომლის შესახებ განცხადება გაკეთდება", - აღნიშნა დვორკოვიჩმა.
ურთიერთობა მოსკოვსა და ანკარას შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასულ თვეს თურქულმა ავიაციამ რუსული ბომბდამშენი "სუ-24" ჩამოაგდო. თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო სივრცეში სირიის მხრიდან შეიჭრა.