ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" მთავრობის შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს. როგორც "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მთავრობის შემადგენლობაში სიახლე არაფერი არ არის და მხარს ზუსტად იმ მიზეზების გამო არ დაუჭერენ, რა მიზეზების გამოც არ გამოუცხადეს რამდენიმე თვის წინ მთავრობას ნდობა.
"თუმცა, გვექნება შეკითხვები მწვავე საკითხებზე, რომელიც ქვეყანაშია და გვაინტერესებს, რამდენად რეალურად იღებენ ეს ადამიანები პასუხისმგებლობას იმ პროცესებზე, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს", - განაცხადა ჩიქოვანმა.
ამასთან, ირაკლი ჩიქოვანის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ კითხვები მიაწოდონ "თავისუფალი დემოკრატების" წევრებს და ისინი ამ კითხვებს მთავრობის წევრობის კანდიდატებს დღეს, შეხვედრის დროს დაუსვამენ.
"ძალიან ბევრი შეკითხვაა შემოსული. ამიტომ, ასევე გამოვიყენებთ ჩვენი თანამოქალაქეების შეკითხვებს, რომლებიც საზოგადოებას საშუალებას მისცემს დასვან კითხვები და მათ მიმართ მთავრობამ ანგარიშვალდებულად იგრძნოს თავი", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა და აქვე აღნიშნა, რომ ამ ხელისუფლებას აბსოლუტურად არანაირი კონტაქტი არ აქვს ხალხთან და ყოველგვარი ხმა აქვს დაკარგული საკუთარ ამომრჩეველთან.
საქართველოს პარლამენტში დღეს მთავრობის წევრობის კანდიდატებს მოუსმენენ. კერძოდ, საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებში განიხილავენ. კომიტეტები და სამინისტროები დაჯგუფებული იქნებიან თემატურ ბლოკებად. ამასთან, საკომიტეტეო მოსმენებისთვის გამოყოფილია ორსაათნახევარი, შემდეგ კი დაიწყება შეხვედრები ფრაქცია "თავისუფალ დემოკრატებთან", საპარლამენტო უმცირესობასთან და უმრავლესობასთან. დღის ბოლოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.