ერაყის სამხედრო ძალებმა ქალაქ რამადის სამთავრობო კომპლექსზე კონტროლი დაიბრუნეს. ამის შესახებ "ბიბისი" ადგილობრივ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. აღნიშნულ ტერიტორიას ბოლო თვეების განმავლობაში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები აკონტროლებდნენ.
ტერორისტულმა დაჯგუფებამ დედაქალაქ ბაღდადიდან 90 კილომეტრში მდებარე რამადი მიმდინარე წლის მაისში დაიკავა. ბოლო რამდენიმე დღეა, ერაყის არმია ქალაქის გათავისუფლებისკენ მიმართულ მასშტაბურ ოპერაციას ატარებს.