პარლამენტში დღეს მთავრობის წევრობის კანდიდატებს მოუსმენენ

პარლამენტში დღეს მთავრობის წევრობის კანდიდატებს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტში დღეს მთავრობის წევრობის კანდიდატებს მოუსმენენ. კერძოდ, საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტის კომიტეტებსა და პოლიტიკურ ჯგუფებში განიხილავენ. კომიტეტები და სამინისტროები დაჯგუფებული იქნებიან თემატურ ბლოკებად. ამასთან, საკომიტეტეო მოსმენებისთვის გამოყოფილია ორსაათნახევარი, შემდეგ კი დაიწყება შეხვედრები ფრაქცია "თავისუფალ დემოკრატებთან", საპარლამენტო უმცირესობასთან და უმრავლესობასთან.
დღის ბოლოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. ახალი მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამისთვის - "ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის" - ნდობის გამოცხადების საკითხს კი პარლამენტი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დასახელდა, რომელმაც, თავის მხრივ, პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად მთავრობა თითქმის უცვლელი შემადგენლობით წარუდგინა. მინისტრობის ერთადერთი ახალი მიხეილ ჯანელიძეა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე არის წარდგენილი.