გვსურს გამოვეხმაუროთ რეალ TV -ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც შეეხებოდა NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს. რეალ TV-ის სიუჟეტში არაერთი ფაქტობრივი შეცდომა და ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაცია იყო წარმოდგენილი. გვინდა ავღნიშნოთ შეცდომები, რომლებიც სიუჟეტში იქნა დაშვებული და წარმოგიდგინოთ სწორი ინფორმაცია.
- სიუჟეტში აღინიშნა, რომ კვლევა ჩატარდა ხუთ დიდ ქალაქში. გვინდა ავღნიშნოთ, რომ კვლევა ჩატარდა მთელი საქართველოსმასშტაბით წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, მათ შორის წარმომადგენლობითი შერჩევა მოხდა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, რუსთავში, თელავის ოლქში, სხვა ქალაქებსა და სოფლის ტიპის დასახლებებში.
- სიუჟეტში აღინიშნა, რომ მოქალაქეების უმეტესობისთვის პრიორიტეტული საკითხები არის: ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, სოფლისმეურნეობა, საპენსიო რეფორმა და ტერიტორიული მთლიანობა. გვინდა ავღნიშნოთ, რომ როგორც კვლევის პრეზენტაციის დროს, ისე ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ პრეს-რელიზში ნათქვამი იყო, რომ კვლევის თანახმად, მოსახლეობისთვის სამ უმთავრეს პრიორიტეტს სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა წარმოადგენს.
- სიუჟეტში აღინიშნა, რომ მოქალაქეების 71% მიიჩნევს, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შეინიშნება ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება. გვინდა ხაზგასმით ავღნიშნოთ, რომ NDI-ის არასოდეს გაუზომავს საზოგადოებრივი აზრი ცალკე ინფრასტრუქტურის განვითარებასთან მიმართებაში. NDI-ის კვლევა საუბრობს საზოგადოების დამოკიდებულებაზე გზების, გაზიფიკაციისა და წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება მოვიაზროთ, როგორც ინფრასტრუქტურის ნაწილი, თუმცა, რეალTV -ის სიუჟეტი ფაქტობრივად დამახინჯებულ ინფორმაციას წარმოადგენს და საზოგადოებას აცნობს ახალ თემას და ციფრს, რომელიც კვლევაში საერთოდ ნახსენები არ ყოფილა.
- სიუჟეტში აღინიშნა, რომ მოსახლეობის 62% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კორუფციის დონემ საკმაოდ დაიწია. გვინდა აღვნიშნოთ, რომ კვლევას მსგავსი ინფორმაცია არ წარმოუდგენია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჟურნალისტი სავარაუდოდ გულისხმობდა შემდეგი შინაარსის კითხვაზე პასუხს, 2008 წლის იანვართან შედარებით როგორ შეიცვალა მდგომარეობა საქართველოში სხვადასხვა საკითხების მიმართ, სადაც კორუფცია წარმოდგენილია, როგორც ერთერთი საკითხი და რომელზეც გამოკითხულთა 57% აცხადებს, რომ მდგომარეობა საქართველოში გაუმჯობესდა.
- სიუჟეტში აღინიშნა, რომ მოსახლეობის 67% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს მონაცემი სინამდვილეში 62%-ს შეადგენს და წარმოადგენს შემდეგი პასუხების ჯამს: საქართველო ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება (7%) და საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება(55%).
- სიუჟეტში აღინიშნა, რომ ძალიან ბევრი მოქალაქე აცხადებს, რომ მათთვის აბსოლუტურად მისაღებია განათლების გაუმჯობესებულისისტემა. NDI-ის არ დაუსვამს არც ერთი კითხვა, რომელიც გაზომავდა ხალხის განწყობას განათლების ახალი სისტემის მიმართ და, შესაბამისად, არც წარმოუდგენია ისეთი ინფორმაცია, რაც ჟურნალისტს აღნიშნული დასკვნის გაკეთების საშუალებას მისცემდა.
- სიუჟეტში აღინიშნა, რომ 84% თამამად აცხადებს, რომ მათთვის არის მისაღები პრეზიდენტის ახალი ინიციატივა ქალაქ ლაზიკისაშენებასთან დაკავშირებით. გვსურს აღვნიშნოთ, რომ 84% გახლავთ გამოკითხულთა ის ნაწილი, ვისთვისაც ცნობილია პრეზიდენტის განცხადების შესახებ, რომ ააშენებს ახალ ქალაქ ლაზიკას. რაც შეეხება აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერას, გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ იმ 84%-დან ვისთვისაც ცნობილია პრეზიდენტის ინიციატივის შესახებ, ინიციატივას მხარს უჭერს 59%.
გთხოვთ, რომ საზოგადოებას გააცნოთ შესწორებული ინფორმაცია. აგრეთვე, გვსურს ავღნიშნოთ, რომ NDI მუდამ მზადაა უპასუხოს ჟურნალისტების კითხვებს ჩვენს მიერ ჩატარებულ კვლევებთან დაკავშრებით.
დასასრული-
NDI არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატიის განმტკიცებისა და გავრცელებისთვის მსოფლიოში. NDI მუშაობს დემოკრატებთან მსოფლიოს ყველა რეგიონში, რათა გააძლიეროს პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციები, ხელი შეუწყოს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მთავრობის ანგარიშვალდებულებას. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე www.ndi.org