ეკონომიკის სამინისტროში უმაღლეს თანამდებობაზე მალე, ალბათ, სტუდენტები, აბიტურიენტები ან სულაც სკოლის მოსწავლეები დაინიშნებიან. 28 წლის მინისტრმა გუშინ ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 26 წლის გოგონას გადააბარა. კონკურსის შედეგებმა სპეციალისტები უკმაყოფილო დატოვა.
“დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი სპეციალისტების ნაცვლად, ტურისტებმა შეარჩიეს”, - ასეთ კომენტარს აკეთებს ტურიზმის დეპარტამენტში ახალი ხელმღძღვანელის კონკურსის წესის არჩევასთან დაკავშირებით კომპანია “თრეველ ტურის” დამფუძნებელი.
სიკო გეგიაძე კონკურსში თავადაც მონაწილეობდა და აცხადებს, რომ კომისია ტურისტებით უფრო იყო დაკომპლექტებული, ვიდრე ტურიზმთან დაახლოებული პირებით. გეგიაძე დეპარტამენტში მუშაობის შესახებ ეკონომიკის მინისტრის შეთავაზებაზეც უარს ამბობს.
შეიძლება გეგიაძე კონკურსის შედეგების გამო განაწყენებულია, მაგრამ როდესაც ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელად 26 წლის გამოუცდელი გოგონა ინიშნება, რა თქმა უნდა, კითხვები არათუ სპეციალისტებს, უბრალო მოქალქაეებსაც უჩნდებათ.
მით უმეტეს, რომ მაია სიდამონიძე (ტურიზმის ახალი შეფი) ამჟამად ლონდონში ცხოვრობს და საქართველოში აგვისტოს შუა რიცხვებში დაბრუნდება; ანუ ეს ადამიანი საქართველოში ბოლო წლებში მაინც არ იმყოფებოდა, არ იცნობს გარემოს, ეკონომიკას, იმ სფეროსაც კი, რომელსაც უნდა უხელმძღვანელოს.
სამაგიეროდ, მის წარმატებებში დარწმუნებულია მდგრადი მინისტრი ვერა ქობალია. ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგან იგი ასაკით, სამუშაო გამოცდილებითა და საქართველოსთან “მჭიდრო კავშირით” სიდამონიძისთვის ღირსეული ეტალონია.
“საკონკურსო კომისიის წევრები რთული ამოცანის წინაშე ვიდექით. ჩვენ გავეცანით 109 ძალიან საინტერესო პროექტს და არჩევანი კარგებს შორის საუკეთესოებზე უნდა გაგვეკეთებინა. ვფიქრობ, კონკურსის მეორე ტურში 109 პროექტიდან 10 საუკეთესო შევარჩიეთ, საიდანაც უკვე გამარჯვებული შეირჩა. მისი ავტორი ლონდონში მცხოვრები მაია სიდამონიძეა”, - ამაყად განაცხადა ქობალიამ და აქვე განმარტა, რომ სიდამონიძის პროქტი ყველაზე დეტალურად იყო გაწერილი და სხვებზე ეფექტური აღმოჩნდა.
მინისტრის ინფორმაციით, მაია სიდამონიძეს ტურიზმის სფეროში ბაკალავრის ხარისხი - შვეიცარიაში, ხოლო მაგისტრის ინგლისში აქვს მიღებული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახლადდანიშნულმა მინისტრმა ამ თანამდებობაზე კონკურსი 21 ივლისს გამოაცხადა.
მეტად საინტერესო აღმოჩნდა საკონკურსო კომისიის შემადგენლობა: ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი, ჟურნალისტი ეკა ხოფერია, “აჭარა გრუფის” გენერალური დირექტორი ივა დავითაია, ჟურნალ “ტაბულას” მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის მარკეტინგის პროფესორი ზურაბ ლილუაშვილი, “24 საათის” თანადამფუძნებელი პაატა ვეშაპიძე, გაეროს ასოციაციის მიმართულების ხელმძღვანელი რამაზ აფციაური და არასამთავრობო ორგანიზაციის “ალპეს” საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მედიაპროგრამების დირექტორი მერაბ ბასილაია.
ტურიზმის დეპარტამენტის ახალ თავმჯდომარესთან პირველ ეტაპზე ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდება. რაც შეეხება კონკურსში მონაწილე სხვა პირებს, მინისტრის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რამდენიმე ადამიანს ტურიზმის დეპარტამენტში გარკვეული თანამდებობები შესთავაზონ.