"ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი"

ვიცე პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, იმ დიდ ოჯახში გაწევრიანება, რასაც ევროპა ჰქვია, არც ვიზლიბერალიზაციით იწყება და არც ამით მთავრდება.

ამის შესახებ კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე და ასევე გიორგი კანდელაკი საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ეწინააღმდეგებიან.

"იმ დიდ ოჯახში გაწევრიანება, რასაც ევროპა ჰქვია, არც ვიზლიბერალიზაციით იწყება და არც ამით მთავრდება. ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ, რომ რაც შეიძლება უახლოეს მომავალში გავხდეთ ამ დიდი ოჯახის წევრი. განხორციელებულ რეფორმებს ძალიან მაღალი და კარგი შეფასებები მოჰყვა, როდესაც ქალბატონი მოგერინი საქართველოში იმყოფებოდა. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსნებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ევროპაში საქართველოსთვის ძირგამომთხრელ პოლიტიკას აწარმოებენ და ისინი საქართველოს უვიზო მიმოსვლას ეწინააღმდეგებიან.