კონსტიტუციის განხილვა – საყოველთაო–საჯარო, ანუ ნაციონალურ–ჩინოვნიკური

კონსტიტუციის განხილვა – საყოველთაო–საჯარო, ანუ ნაციონალურ–ჩინოვნიკური

[ნინო მიქიშვილი]
თვალთმაქცობა, ფორმალობა, თვალში ნაცრის შეყრა, ხალხთან ვითომ კომუნიკაცია – ასე აფასებენ პრესა.გე–სთან საუბრისას ქართველი ექსპერტები, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ, მიხეილ სააკაშვილზე მორგებული კონსტიტუციის პროექტის განხილვას, რომელსაც თავად “საყოველთაო–საჯარო” განხილვას უწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ ცვლილებების მიღების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს სურვილის შემთხვევაში, ხელისუფლების სათავეში დარჩენა შეუძლია – 2013 წლის შემდეგ მას პრემიერ–მინისტრის სავარძელში მოკალათების საშუალება ეძლევა.

“ამ პროცესს კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო–სახალხო განხილვასთან საერთო არაფერი აქვს. რეალურად ესაა თვალში ნაცრის შეყრა, მეტი არაფერი. ამა თუ იმ ქალაქში დადიან და ხალხს ანგარიშს აბარებენ – საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ხვდებიან და უყვებიან, რას აპირებენ, რაც ბუნებრივია, საყოველთაო–სახალხო განხილვა არ არის“, – აღნიშნავს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც ამავდროულად “რესპუბლიკური პარტიის“ წევრია. ჩვენს კითხვაზე – თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვა, ამბობს:

“უნდა გამოქვეყნდეს სრული ტექსტი. გაზეთებში სპეციალური გვერდი უნდა იყოს გამოყოფილი, სადაც დაიბეჭდება საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებები. ამასთან, რადიოში, ტელევიზიაში სპეციალური დროს გამოყოფა უნდა მოხდეს (ისე, როგორც არჩევნების წინ არის ხოლმე გამოყოფილი), სადაც საზოგადოება მუდმივად გამოხატავს თავის მოსაზრებას. კომისიაში გარკვეული ჯგუფი უნდა იყოს გამოყოფილი, რომელიც წარმოდგენილ მოსაზრებებზე რეაგირებას ახდენს. ყველა მოსაზრების მიღება და გათვალისწინება აუცილებელი არ არის, მაგრამ ამ სპეციალურმა ჯგუფი უნდა განმარტოს, რატომ არის ესა თუ ის მოსაზრება მისაღები, ან მიუღებელი“.

საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის ერთ–ერთი წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც ამავდროულად ასოციაცია “კანონი ხალხისთვის“ თავმჯდომარეა, აცხადებს, რომ პროცესს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ფორმალურად ჰქვია საყოველთაო–სახალხო განხილვა:

“იმის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობა დეტალურად არ აღწერს, რა იგულისხმება საყოველთაო–სახალხო განხილვაში, ესენი ფაქტიურად, სატელევიზიო შეხვედრების დონეზე ატარებენ საყოველთაო–სახალხო განხილვას. კონცეპტუალური მსჯელობა, თუ რატომ გვთავაზობენ სისტემის შეცვლას, ან მოსაზრებები, თუ რატომ ეხება ქვეყნის ძირითად კანონში შესატანი ცვლილებები მხოლოდ ხელისუფლების მოწყობის საკითხს და რატომ არ ეხება სხვა ძირითად საკითხებს, არ შემდგარა. საზოგადოებრივ–საკონსტიტუციო კომისიაში ამ განხილვას თვალთმაქცობა ვუწოდეთ. ესაა თვალთმაქცობა იმისთვის, რომ შეიქმნას საყველთაო განხილვის ილუზია“.

ჩვენს კითხვაზე – სხვადასხვა ქალაქებში სტუმრობისა, ცვლილებების ავტორები ვის ხვდებიაან ხოლმე? ქუცნაშვილი პასუხობს:

“პარლამენტში თქვეს, საყოველთაო განხილვისას სამეცნიერო საზოგადოება შეიკრიბაო და იქ გია ნოდია და გიგი თევზაძე ისხდნენ. აი, ეგ არის ამათი სამეცნიერო საზოგადოება. უნივერსიტეტის საზოგადოებას შევხვდითო და რეალურად სტუდენტებს შეხვდნენ. მესტიაში ჩაუტარებიათ “საყოველთაო–სახალხო განხილვა“ და იქაურებს რაზე ელაპარაკნენ და რა გამოძახიოლი მოჰყვა ამ განხილვას, ეს არ ვიცი“.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ეს პროცესი საბჭოთა პერიოდს აგონებს, როცა საბჭოთა მმართველები, გაწერილი პროცედურებითა და გრაფიკით, ამა თუ იმ პროცესში ხალხის ჩართულობის იმიტაციას ქმინდნენ.

“ესაა ფორმალური პროცედურა; ვითომ რაღაც შეხვედრებს მართავენ. საყოველთაო–სახალხო განხილვა ძალიან მარტივად წარმომიდგენია – ფორმალურად კი არ უნდა აკეთებდნენ რაღაცის ორგანიზებას და მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში კი არ უნდა მართავდნენ შეხვედრებს, რეალურად უნდა ცდილობდნენ იმის გაგებას, თუ რას ფიქრობს ხალხი. როდესაც საქმე ფუნდამენტურ დოკუმენტს ეხება, ხალხის აზრის გაგების უნივერსალური მეთოდია რეფერენდუმის, ან პლებისციტის ჩატარება, რომლის მეშვეობითაც ნათელი გახდება, რამდენად იზიარებს მოსახლეობა წარმოდგენილ ცვლილებებს“, – ამბობს გია ხუხაშვილი.

მისივე აზრით, ეს განხილვა, მით უმეტეს იმ პირობებში, როგორიც დღევანდელ საქართველოშია, ძალიან არასერიოზულ, პაროდიულ ხასიათს ატარებს. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ამას პროპაგანდისტული სახე უფრო აქვს, ვიდრე შინაარსობრივი: “ამ პროცესს ფორმალური სახე აქვს, რაც ძალიან მაგონებს საბჭოთა კავშირის პერიოდში ვითომ ხალხთან კომუნიკაციის და ხალხის გადაწყვეტილების ილუზიის შექმნის მცდელობას. სინამდვილეში, ბუნებრივია, ხალხს არავინ არაფერს ეკითხება. არც კი უხსნიან, რაზეა საუბარი. უბრალოდ, გაწერილი აქვთ რაღაც პროცედურა, გრაფიკი აქვთ შედგენილი და ქმნიან ილუზიას, რაღაც ტიპის ხალხის ჩართულობის იმიტაციას. მისტიფიკაციასთან გვაქვს საქმე“.

ის, თუ როდის და სად მოხდა “საყოველთაო–სახალხო“ განხილვა, პრესა.გე სააგენტო “პირველზე“ დაყრდნობით გთავაზობთ.

სააკაშვილზე მორგებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 18 აგვისტოს თელავში განიხილეს. ჩენ დავინტერესდით როგორ ვითარებაში განიხილეს ცვლილებები და ამ მიზნით, ტელეფონით დავუკავშირდით ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს, რომელიც ამავდროულად, ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის კოორდინატორია.

მისი განმარტებით, თელავის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე, დარბაზში იმყოფებდონენ: პარლამენტარები: გია არსენიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, გოკა გაბაშვილი; კახეთის რეგიონში სააკაშვილის რწმუნებული, გიორგი ღვინიაშვილი, საკრებულოს წევრები, მხოლოდ თელავში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, თელავის უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები და ის სტუდენტები, რომელთა შეგროვება შეძლეს.

“დარბაზიდან დაისვა კითხვა – “რატომ ამოიღეთ კონსტიტუციიდან ორგანული კანონი?“ რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ მიუგო, რომ ეს ვენეციის კომისიის რჩევით გააკეთეს. 19 აგვისტოს თელავში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, თამარ ხიდაშელი ჩამოვიდა და აქ მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წარმოდგენილ ცვლილებებში არსებულ ხარვეზებზე ესაუბრა. ხიდაშელმა განმარტა, რომ ორგანული კანონის ამოღების თაობაზე ვენეციის კომისიას რჩევა კი არ მიუცია, პირიქით, ორგანული კანონის ამოღებაზე შენიშვნა მისცა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას. გამოდის, რომ ბაქრაძემ იცრუა“, – გვითხრა გელა მთივლიშვილმა.

მისივე აზრით, იმ ღონისძიებას, რომელიც 18–ში თელავის უნივერსიტეტში გაიმართა, საერთო არაფერი აქვს საყოველთაო–სახალხო განხილვასთან, რადგან “ამ შეხვედრაზე ისხდნენ ის ადამიანები, რომელთაც ისედაც მიუწვდებათ ხელი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე; თუ საყოველთაო–სახალხო განხილვაა, მაშინ, ამგვარ შეხვედრებს უნდა ესწრებოდნენ: გლეხები, მევენახეები, მეფუტკრეები...“

მთივლიშვილის თქმით, თელავში გამართულ შეხვედრაზე, დასმულ კითხვებს შორის მიუღებელი რომელიც იყო, აღარ აცდიდნენ აზრის ბოლომდე ჩამოყალიბებას – აწყვეტინებდნენ და იქ მყოფი საზოგადოების ყურადღება სხვა მიმართულებით გადაჰქონდათ.

საკონსტიტუციო ცვლილებები 16 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროში განიხილეს. იქაც, ისევე, როგორც თელავში, ცვლილებები დავით ბაქრაძემ წარუდგინა: თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიას, შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნებს და თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებს.

16 აგვისტოს არასაპარლამენტო ოპოზიციასთანაც იყო დაგეგმილი ცვლილებების საჯარო განხილვა, მაგრამ 13 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ეს ღონისძიება გაურკვეველი ვადით გადაიდო. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა, პავლე კუბლაშვლმა კი “პირველთან“ ასეთი კომენტარი გააკეთა: “საკონსტიტუციო პროექტს აუცილებლად განვიხილავთ იმ პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად, რომელთაც ამ პროცესში მონაწილეობის სურვილი გააჩნიათ“. არც კუბლაშვილს და არც სხვას არ განუმარტავს, ვინ იგულისხმება არასაპარლამენტო ოპოოზიციაში.

13 აგვისტოს ცვლილებების პროექტი პარლამენტში 15 არასამთავრობო ორგანიზაციას წარუდგინეს. იმავე დღეს გახდა ცნობილი, რომ კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვა საქართველოს მასშტაბით მთელი აგვისტოს განმავლობაში ინტენსიურად გაგრძელდება, ხოლო სექტემბრიდან ეს პროცესი საპარლამენტო სესიაზე გადაინაცვლებს.

წინა დღეს, 12 აგვისტო, პარლამენტის თავმჯდომარე, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მივიდა და განმარტა, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტი საპრეზიდენტო და საპარლამეტო მმართველობის მოდელებს შორის შუალედურ ვარიანტს წარმოადგენს.

იმავე დღეს, 12 აგვისტოს საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა გორის უნივერსიტეტში მოაწყვეს. “პირველის“ მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ “საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრები შეხვედრებს მარნეულისა და ახალქალაქის მოსახლეობასთან გამართავენ“.

გორის უნივერსიტეტში ცვლილებების საჯარო განხილვას, “პირველის“ ინფორმაციით, დაესწრნენ: პროფესორ-მასწავლებლები, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ადგილობრივი მოსახლეობა. საჯარო შეხვედრის ორგანიზაციულ მხარდაჭერას საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფს.

9 აგვისტოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს. პრესა.გე–ს ინფორმაციით, ცვლილებების ავტორებს კითხვებს ძირითადად იურისტები უსვამდნენ, რაზეც პასუხებს ავთანდილ დემეტრაშვილი, პავლე კუბლაშვილი და თენგიზ შარმანაშვილის სცემდნენ. როგორც პროფესორ–მასწავლებლებმა გვითხრეს, ეს შეხვედრა შეიძლება ითქვას რომ იყო საქმიანი. 6 აგვისტოს იგივე პროცედურა ქუთაისის უნივერსიტეტში მოეწყო.