ლევან გაჩეჩილაძე, სოზარ სუბარი, ეროსი კიწმარიშვილი და კოკა გუნცაძე - ამ შემადგენლობით წარსდგა ახალი „ქართული პარტია“ საზოგადოების წინაშე. ერთიც – ირაკლი ოქრუაშვილი, ალბათ, პარიზიდან ადევნებს თვალ–ყურს ამ ყველაფერს. ბევრი არაფერი თქმულა, ჯერ, მხოლოდ პარტიის დაფუძნება ვიხილეთ. 22 ნოემბერს ყრილობასაც გამართავენ და „ლიდერიც სწორედ იქ აირჩევა“, – ასე თქვეს და ალბათ, იმასაც გაგვაგებინებენ, კონკრეტულად რას აპირებენ.
ამ ეტაპზე, მხოლოდ ლოზუნგები იყო. ისეთი, სხვებისგანაც უამრავჯერ რომ მოგვისმენია: „ქართული პარტია“ მზად არის, იმ ძალებთან ერთად, რომლებსაც რეალურად სურთ არსებული ხელისუფლების შეცვლა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს“; „ჩვენი პრიორიტეტია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, ტერიტირიული მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტა და ევროპულ ინსტიტუტებში ინტეგრაცია“;
და კიდევ, თავის მართლება: „ჩვენ, ყველამ ერთად ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ, მე ყველაფერი გავიღე და სასწორზე დავდე, მაგრამ ამ ხელისუფლებას ჭკუა ვერ ვასწავლეთ. ოპოზიციის მხრიდან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული, რაც უნდა გამოსწორდეს... პირველი, რაც შეცდომების ანალიზისას დავინახეთ, ის არის, რომ ოპოზიციამ არაფრით არ უნდა მიიღოს ხელისუფლების თამაშის წესები. ხელისუფლებასთან დიალოგზე ან რაიმე დათმობაზე წასვლით დასახული მიზანი ვერ მიიღწევა... მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის მტკიცებულების მიცემა კეთილდღეობის გარანტიისთვის. ამ მტკიცებულებას კი დისციპლინებული ძალა სჭირდება, რომელიც ძალადობას დაუპირისპირდება“, – ავტორი – ლევან გაჩეჩილაძე.
თავის ქებაც იყო: „ბრძოლის გზაზე იყო გამარჯვებაც: პრეზიდენტის გადაყენება, ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, მერის პირდაპირის წესით არჩევა... საქართველოს მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვს - დაწყებული ბრძოლა უნდა გაგარძელდეს“, – ავტორი – ისევ, ლევან გაჩეჩილაძე.
მოკლედ, პარტიის პრეზეტანციიდან გამომდინარე, ბევრი არაფრის თქმა შეიძლება გარდა ერთისა, რომ ერთ დროს, პოპულარული სახეები დაკარგული იმიჯის აღდგენას ახლებურად ცდილობენ. რამდენად მოახერხებენ მათზეა დამოკიდებული.
სახელგატეხილები გმირები
ვინაიდან „ქართულ პარტიის“ გეგმებზე ჯერ არაფერი ვიცით, შეფასებებსაც ვერ გავაკეთებთ თუმცა, მისი ცალკეულ დამფუძნებლის პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე, გარკვეული ვარაუდების გამოთქმა უკვე შეიძლება. მათ ცოტა რამ აერთიანებთ და ბევრი რამ განასხვავებთ ერთმანეთისგან.
ოქრუაშვილიც, გაჩეჩილაძეც და სუბარიც სხვადასხვა დროს სერიოზული ამბიციებით გამოჩნდნენ ოპოზიციურ ფლანგზე, რასაც საზოგადოების მხრიდან ასევე სერიოზული მოლოდინები მოჰყვა. თუმცა, მათმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა საზოგადოების ზუსტად ისეთი იმედგაცრუება გამოიწვიეს, როგორი მოლოდინებიც შექმნეს.
ჯერ ოქრუაშვილის აღიარებამ გადაასხა ცივი წყალი ყალყზე მდგარ საზოგადოებას, რასაც მოგვიანებით, გაჩეჩილაძის გაუთვლელი ნაბიჯები მოჰყვა. სოზარ სუბარი არც ისე დიდი ხანია, რაც ქართულ პოლიტიკაშია და შესაბამისად, მის მიმართ იმედგაცრუების ხარისხიც ნაკლებია, თუმცა, მაინც მოახერხა საზოგადოებაში „უმწიფარი პოლიტიკოსის“ სახელის მოხვეჭა. თუმცა, სუბარს ჯერ კიდევ აქვს შემორჩენილი მართალი და გულწრფელი პოლიტიკოსის იმიჯი, რაც დანარჩენებისგან გამოარჩევს.
ეჭვის შეტანა არც ლევან გაჩეჩილაძის გულწრფელობაში შეიძლება, მითუმეტეს, რომ ყველაზე მეტი მიზეზი აქვს მიხეილ სააკაშვილთან დასაპირისპირებლად, თუმცა მისმა სააკაშვილთან შავნაბადაზე შეხვედრამ ბევრი მითქმა–მოთქმა გამოიწვია. არა იმიტომ, რომ შეხვდა, არამედ იმიტომ, რომ თავად არწმუნებდა საზოგადოებას, პირდაპირი ეთერის გარეშე სააკაშვილთან დიალოგზე არცერთი ლიდერი არ წავიდოდა, მაგრამ წავიდა და თანაც, საზოგადოებისგან ფარულად.
თავისთავად გულუბრყვილო იყო პოლიტიკოსისგან პირობის დადება, რომ ხელისუფლებასთან კამერების გარეშე არ დაილაპარაკებდა, მაგრამ ყველაზე ცუდი ის იყო, რაც თავად დიალოგს მოჰყვა. დღესაც გაჩეჩილაძე შეცდომად დიალოგზე წასვლას მიიჩნევს და არა იმ წინდაუხედაობას, რაც მაშინ მთლიანმა პოლიტიკურმა სპექტრმა გამოიჩინა – არავინ იცოდა თუ გეგმა–A არ იმუშავებდა გეგმა–B რა უნდა ყოფილიყო, რადგან… გეგმა–B ბუნებაში არ არსებობდა. ამიტომ, ცოტა რთულია იმის მტკიცება, გააანალიზა და მიხვდა თუ არა რეალურად გაჩეჩილაძე საკუთარ შეცდომებს.
ოქრუაშვილზე იმის თქმა შეიძლება, რომ მან მართლაც გარდამტეხი როლი შეიტანა პოლიტიკურ პროცესებში. გასაკვირი არც ისაა, რომ სააკაშვილს ებრძვის, მაგრამ მათი დაპირისპირება პოლიტიკურ ჩარჩოებს სცილდება. თუმცა, საკააშვილთან თუნდაც პიროვნული დაპირისპირება საზოგადოების მხარდაჭერას სულაც არ ნიშნავს.
რაც შეეხება ეროსი კიწმარიშვილს, მის მიმართ საზოგადოებას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს – ბევრი მას ჭკვიან და პიარში გამოცდილ სპეციალისტად მიიჩნევს, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი გამოცდის წინაშე დგას.
ხათუნა ლაგაზიძე, ანალიტიკოსი, პოლიტიკური ექსპერტი: „ამ ეტაპზე, ეროსი კიწმარიშვილის ფიგუარსთან დაკავშირებით იმედგაცრუებაზე საუბარი არ არის. ის როგორც პოლიტიკოსი არ არის ქმედითი და ცნობილია, როგორც დღემდე ყველაზე ძლიერი მედიამენეჯერი, ძალიან ძლიერი პოლიტიკური კონსულტანტი და ანალიტიკოსი, რის გამოც, მის მიმართ მოლოდინები ჯერაც არსებობს. თუმცა, ის, როგორც პოლიტიკური ფიგურა, სრულიად ახალია და შესაბამისად, მისი, როგორც პოლიტიკოსის რესურსიც უცნობია საზოგადოებისთვის. აქედან გამომდინარე, ამ პარტიის მიმართ თუ რაიმე მოლოდინი არსებობს, მისი დიდი წილი მოდის ეროსი კიწმარიშვილზე. თუ იგი შეძლებს იყოს ისეთივე წარმატებული პოლიტიკური მენეჯერი და პოლიტიკური ლიდერი, როგორც აქამდე, პარტია, რომელშიც ის იქნება იქნება ძლიერი“.
თუ ახალი პარტიის წარმარტება რეალურად კიწმარიშვილს უკავშირდება, მის მიმართ მოლოდინები საინფორმაციო რესურსებსაც უნდა უკავშირდებოდეს. დღევანდელი სატელევიზო სივრცის დიდი ნაწილი ოპოზიციისთვის პრაქტიკულად დახურულია. „კავკასია“ და კიწმარიშვილი? – წარმოუდგენელია. „მაესტროსთან“ დაკავშირებით, კიწმარიშვილმა კარგა ხნის წინ გააკეთა განცხადება, რომ მასსა და ტელეკომპანიას შორის ურთიერთობა დასრულდა.
თუმცა, „მაესტროს“ ირგვლივ საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება. საუბარია არხის გაყიდვაზეც. თუ ეს ინფორმაცია ყურით მოთრეული არ არის, ცოტა რთულია იმის წარმოდგენა, რომ „მაესტროს“ შეძენის სურვილი პროსახელისუფლებო ძალის გარდა ვინმე სხვამ გაბედოს.
გარა ამისა, თვალშისაცემია, რომ ნინო ბურჯანაძესა და „მაესტროს“ შორის ურთიერთობა გაცივდა, რასაც პოლიტიკურ კულუარებში, სწორედ ამ ახალი ძალის გამოჩენას უკავშირებენ. არის ეჭვები, რომ „მაესტრო“ ბურჯანაძის და „სახალხო კრების“ წინააღმდეგ იმუშავებს. სხვათა შორის, ანალიტიკოსებს არც ის დარჩენიათ შეუმჩნეველი, რომ „ქართულმა პარტიამ“ სახალხო კრების ყრილობამდე 3 დღით ადრე, 22 ნოემბერს დანიშნა ყრილობა. ამ ყველაფრის ერთმანეთთან დაკავშირება რა თქმა უნდა შესაძლებელია, თუმცა, ჯერ, მოვლენათა განვითარებას დაველოდოთ.
მოკლედ, ასეა თუ ისე, „ქართულ პარტიას“, ისევე, როგორც სხვა ოპოზიციურ პარტიებს მედიასივრცე დასჭირდება და ალბათ, ვინ ვისთან და სად არის, უკეთ გამოჩნდება. ეს ეხება თავად „ქართულ პარტიასაც“.
ზაზა ფირალიშვილი, ფილოსოფოსი: „როდესაც ასეთი შეუთავსებელი სუბიექტები ერთად იყრიან თავს, იქ წინააღმდეგობაც დიდი იქნება. ვნახოთ, რამდენ ხანს გაძლებს ეს პოლიტიკური ძალა და რა შედეგების მომტანი იქნება, მაგრამ მე ვთვლი, რომ განსაკუთრებულად დიდი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ვერ ვგრძნობ იმ დიდ საზოგადოებრივ მხარდაჭერას, რომლითაც მათ თავიანთი იდეების განხორციელება შეეძლებათ. რა თქმა უნდა, არსებობს ეროსი კიწმარიშვილი, რომელსაც ადამიანებზე სატელევიზიო ზემოქმედების უზარმაზარი გამოცდილება აქვს, მაგრამ არის მეორე რამ – ერთი და იგივე ხერხი ორჯერ არ ჭრის. რამაც 2003 წელს გაამართლა, ვგულისხმობ სატელევიზიო, ვირტუალური გზით ძალაუფლების მოპოვებას, მეორედ, დიდი ალბათობით, არ გაჭრის. ჩვენი საზოგადოებისთვის ეს ძალზედ ნაცნობია“.
არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – ფინანსები, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ბედს. „ქართული პარტიის“ ლიდერები ჯერჯერობით, არც ამ საკითხზე საუბრობენ. თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, სადაც ოქრუაშვილია იქ ხალვაშია. ოქრუაშვილსა და ხალვაშს კი თუ მართლა გადაუწყვეტიათ ბრძოლა, ალბათ, ფულსაც გაიღებენ. წესით, არც კიწმარიშვილს უნდა გაუჭირდეს ფინანსების მოძიება, მაგრამ საიდან – ამაზე საუბარიც სამომავლოდ გადავდოთ.
ღერძი
ძველი ალიანსების დაშლა, ახლის შექმნა, ერთი ფიგურის ერთ პოლიტიკურ ჯგუფში გადასვლა ან გადმოსვლა, როდესაც ამ ყველაფერს პოლიტიკური იდეოლოგიის ღერძი არ აქვს, არაფრის მომტანია და ეს უკვე ვნახეთ. როგორც ზაზა ფირალიშვილი ამბობს, მთავარია პროექტი და არა პიროვნებები, რომლებიც იკრიბებიან.
„დღეს ქართული პოლიტიკური ცხოვრება არის პიროვნებათა დაპირისპირება და ბრძოლა ძალაუფლების მოსაპოვებლად. პოლიტიკა კი ინტელექტუალური ასპექტის გარეშე ძალაუფლებისთვის შიშველი ბრძოლაა და მეტი არაფერი. ის პასიურობა და ნიჰილიზმი, რაც ჩვენს საზოგადოებას დაეუფლა, სიმპტომია იმისა, რომ ჩვენი საზოგადოება ვერ ხედავს გამოსავალს, იდეას. სამწუხაროდ, ჩვენმა პოლიტიკოსებმა პოლიტტექნოლოგიების გამოტანა შინაარსის გარეშე ისწავლეს“, – ამბობს ფირალიშვილი.
იგივე აზრს ავითარებს ხათუნა ლაგაზიძეც და ამბობს, რომ „ქართული პარტიის“ მიმართ სიახლის მოლოდინი იმ შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს, თუ ისინი შეძლებენ ამ პარტიის გარშემო ორი რამის მობილიზებას:
„პირველი: ახალი იდეა, რომელიც არ უნდა ჟღერდეს, მხოლოდ – „ჩვენ არ გვინდა სააკაშვილის რეჟიმი“, ანუ, უნდა იყოს – „არ გვინდა“, მაგრამ ამავე დროს უნდა ითქვას რა გვინდა სანაცვლოდ. და მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია: “როგორ გვინდა?” თუ ეს არ განხორციელდა, მაშინ, ეს პოლიტიკური სუბიექტი იქნება ისეთივე იმედგაცრუების მომტანი, როგორც ყველა დანარჩენი“.
მიხეილ სააკაშვილი რომ არ უნდათ, ეს უკვე ვიცით, მაგრამ გვპირდებიან, რომ გვეტყვიან ამას რა გზით მიაღწევენ. მაგრამ რაც შეეხება იდეოლოგიას, პარტიის პრეზენტაციაზე სლოგანი ჰქონდათ გამოტანილი: – „თვითმყოფადობა, პროგრესი, უსაფრთხოება“ – დიახ, სოზარ სუბარის „ქართული იდეიდანაა“, თუმცა ვერც იმას დავამტკიცებთ, რომ თავადაა ავტორი.
ეს იყო იდეა, რომლის სათაურის პრეზენტაცია სუბარმა ქართველ ექსპერტებთან გამართა, თუმცა, მათ გარდა, შეხვედრას კიწმარიშვილი და გაჩეჩილაძეც ესწრებოდნენ. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ, იდეის სათაური ოქრუაშვილთან აფრინეს პარიზში და მაშინ კიდევ უფრო გაღრმავდა სკეპტიციზმი ამ კეთილშობილური იდეის მიმართ. იმ დროისთვის ქართველი ანალიტიკოსები საჯაროდ საუბრობდნენ, რომ თუ სუბარი ახალ კოლაიდერზე საუბრობდა, პოლიტიკოსთა ამ პროექტში ჩართვა იდეის დისკრედიტაციას გამოიწვევდა, ხოლო ოქრუაშვილის ფაქტორმა საერთოდ წერტილი დაუსვა ამ თემის ექსპერტულ წრეებში განხილვას და თავად სუბარის მიმართაც იმედგაცრუების პირველი ნიშნები გაჩნდა.
ზაზა ფირალიშვილი: „სუბარის და ოქრუაშვილის ერთ პოლიტიკურ გაერთიანებაში ყოფნა აბსოლუტურად ალოგიკურია. სოზარი ვიცი, რომ შინაგანად მართალი ადამიანია, ის არ არის პოლიტიკური ფიგურა და მაინც მგონია, რომ სხვები მისი საზოგადოებრივი ავტორიტეტის გამოყენებას ცდილობენ. სოზარის ამ ახალ ალიანსში გამოჩენა ისეთი ნაბიჯი იყო, რომელსაც მისგან არავინ ელოდა, მაგრამ, ამის შემდეგ, როგორც ჩანს, მისგან კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ველოდეთ. თუ ამ გაერთიანებაში გამოჩნდა ზურაბ ნოღაიდელი მთელი თავისი გარემოცვიანად, მაშინ ამ გაერთიანების იდეაც გასაგები იქნება“.
იმის მიუხედავად, რომ ახალი პარტიის ირგვლივ ბევრი „მაგრამ“ და „თუ“ იყრის თავს, ხათუნა ლაგაზიძე იმ რესურსებსაც ხედავს, რამაც შესაძლოა ხორცი შეასხას ახალ მოძრაობას: „მათ აქვთ რესურსი, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩათ – ქარიზმატულობა. საუბარი მაქვს გაჩეჩილაძესა და ოქრუაშვილზე. იმედგაცრუება თავისთავად ქარიზმას არ კლავს და მათი ეს ქარიზმა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, მაგრამ სხვა საქმეა რამდენად შეძლებენ ამ ქარიზმის გამოყენებას“.
წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ სანამ ქარიზმატულები ქარიზმებით მოგვხიბლავენ კიდევ ერთ თემას უნდა შევეხოთ, რომელიც შესაძლოა, დღეს ჰიპოთეტურად გამოიყურებოდეს, მაგრამ ხვალ რეალობად იქცეს. დიდი ხანია ექსპერტულ წრეებში ახალი ძალის გამოჩენაზე მიდის საუბარი, რომლის გამოჩენასაც ხელისუფლების წიაღიდან ვარაუდობენ და არის მოსაზრება, რომ „ქართული პარტია“ სწორედ ამ ძალის თავშესაფრად იქცევა.
წრედი
იმ დღეს, როცა ქალაქის ერთ უბანში „ქართული პარტიის“ პრეზენტაცია მიმდინარეობა, მეორე უბანში 8 ოპოზიციური პარტია დიპლომატიურ კორპუსთან ერთად ხელისუფლებასთან გასამართი დიალოგის თემას – „საარჩევნო გარემოს ცვლილებას“ განიხილავდა. საინტერესოდ გამოიყურებოდა თავად კონტექსტი, რომელშიც ეს ახალი კონგლომერატი გამოიკვეთა. ანუ, თუ პროცესს მთლიანობაში განვიხილავთ შესაძლოა შემდეგი სურათი მივიღოთ:
ხათუნა ლაგაზიძე: „პარტიათა ნაწილი (მათ გარდა, ვინც დღეს ამ ორბიტაზე უკვე ტრიალებს, ვგულისხმობ „ქრისტიან დემოკრატებს“ და ალასანიას პარტიას) დაჯგუფდება ხელისუფლების ორბიტაზე. ესენი იქნებიან პარტიები, რომლებიც ამ ეტაპზე, პოლიტიკაში დარჩენის გზად ხედავენ ხელისუფლების საფარქვეშ არჩევნებში მონაწილეობას. მათ ამისკენ უბიძგა დასავლეთმა, რომელიც რადიკალიზმს ემიჯნება და მათაც ეს ერთადერთი გზა ეჩვენებათ პოლიტიკაში საკუთარი თავის შესანარჩუნებლად. ამ ქოლგის ქვეშ ბრძოლა უკვე დაიწყო ბევრი პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან.
მეორე მხარეს კი ახალი გაერთიანებაა, რომლის ლიდერები ადრეულ ეტაპზე, სააკაშვილის კარზე, გავლენით, პირველი თუ არა მეორე–მესამე პირები მაინც იყვნენ. რატომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლებიდან წამოსული ახალი ოპოზიციური ნიშა სწორედ ამ ახალმა ძალამ დაიკავოს, რომელიც საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე სერიოზულ განაცხადს გააკეთებს? და თუ, ხელისუფლების შიგნით ძვრები მართლა დაიწყო, რატომ არ შეიძლება ეს ახალი პარტია გახდეს მათი თავშესაფარი?“
ამ ყველაფერში ლოგიკა მართლაც არსებობს, მითუმეტეს, რომ თავის დროზე, ყველანი ვადევნებდით თვალს, წლების განმავლობაში „მოქალაქეთა კავშირის“ წევრები როგორ ფორმირდებოდნენ ახალ ოპოზიციურ ძალად. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ხელოვნურია ეს პროცესი თუ ბუნებრივი, ამის თქმა ჭირს, მაგრამ ეს არსს მაინც არ ცვლის.
მართლია, „ნაციონალური მოძრაობას“ ერთი უნიკალური თვისება გამოარჩევს სხვა პოლიტიკური სუბიექტებისგან – როგორც კი გარედან მომავალ ძლიერ საფრთხეს ხედავენ ერთ მუშტად იკვრებიან – მაგრამ თუ ახალი პოლიტიკური ძალა იმდენად ძლიერი იქნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საპირწონედ დაფიქსირდება, შესაძლოა, ხელისუფლების დაშლის და ახალ ძალასთან მიკედლების პროცესი ღიად დაიწყოს.
ყოველივე აქედან გამომდინარე, მაშინ კიდევ ერთი წინდაუხედაობა იქნებოდა ლევან გაჩეჩილაძის მხრიდან იმის გაცხადება, რომ ისინი არავითარ შემთხვევაში არ ილაპარაკებენ ხელისუფლებასთან, მითუმეტეს, რომ საკუთარი ქვეყნის დამპყრობთან აპირებენ დალაპარაკებას.
„ისინი ხელისუფლებასთან დიალოგზე ისეთი ფორმით არიან წასულები, რომ... საზოგადოების იმედგცრუებაც იმან გამოიწვია, რომ უდროო დროს და არაეფექტური ფორმით წავიდნენ ხელისუფლებასთან დიალოგზე. ამიტომ, გადამწყვეტ მომენტში რას იზამენ – არავინ იცის“, – ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.
და კიდევ: გვრჩება განსახილველი ერთი ფაქტორი – დასავლეთი. თუ პროცესები იმ გზით განვითარდება, რა გზითაც – დღეს, შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთის ფაქტორი გადამწყვეტ როლს ითამაშებს და 2012 წელს მშვიდად მივალთ არჩევნებამდე. მაგრამ თუ ახალმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა საზოგადოებაში სერიოზული შფოთის ჩამოგდება შეძლეს, საზოგადოებრივ აზრს და ძალას ვერც დასავლეთი და ვერც ჩრდილოეთი ვერ გადაწონის. მართალია, ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, რომ საზოგადოებაში ნიჰილიზმია გაბატონებული, მაგრამ ხალხის პროტესტი არსად წასულა. ამიტომ, არავინ იცის ნიჰილიზმის საფარქვეშ დაგროვილი პროტესტი როდის ამოხეთქავს.
„დასავლეთი და, პირველ რიგში, ამერიკელებს ვგულისხმობ, ყოველთვის ძალას უწევენ ანგარიშს. თუ დაინახავენ, რომ ამ პოლიტიკურ ძალას შეუძლია სერიოზული ცვლილების მოხდენა ქვეყანაში, დასავლეთი აუცილებლად წავა მათთან დიალოგზე. შემდეგ, თავად დასავლეთი ან იმაზე წამოვა, რომ პროცესების რადიკალური განვითარება ააცილოს ქვეყანას და ობიექტური არჩევნები ჩაატაროს, ან შეეგუება იმას, რომ საქართველოში კიდევ ერთხელ, არასაარჩევნო გზით შეიცვალოს ხელისუფლება“, – ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.
მოკლედ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვინ დაანახებს საზოგადოებას საკუთარ ძალას. ჯერჯერობით, ხელისუფლებასთან მოდიალოგეებსაც უჭირთ საკუთარ პოზიციების მართებულობაში საზოგადოების დარწმუნება და ისიც გასათვალისწინებელია, რომ იქ შეკრებილი სუბიექტების ნაწილსაც აქციებსა და ვადამდელ არჩევნებზე უჭირავთ თვალი. არც ისაა გამორიცხული, რომ მოდიალოგეთაგანაც ზოგი „ქართულ პარტიას“ ამოუდგეს გვერდში, მითუმეტეს, რომ უკვე კონკრეტული პარტიებიც სახელდებიან. მოკლედ, ყველამ იცის, რომ მიშას პოლიტიკური მზე ესვენება და ახლა ნიადაგს სინჯავენ, საიდან უფრო ადვილი იქნება ხელისუფლებაში მოსვლა.
სააკაშვილის მმართველობით დღეს საზოგადოება ისეა გაბითურებული, რომ არანაირი პროტესტის გრძნობა არ უჩნდება და თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა შეძლებს ამ ცოცხალი მკვდრის გაცოცხლებას, რასაც ჩვენი საზოგადოება ჰქვია, იგი ამ ძალას აუცილებლად გაყვება, იმის მიუხედავად, რომ საზოგადოების დათრგუნვა სწორედ ოპოზიციის გამყიდველობამ გამოიწვია.
თუმცა, ამ ეტაპზე, ქართულ პოლიტიკაში რაიმე ძვრების მოხდენის ნიშნები ნაკლებად ჩანს. ერთადერთი იმედი შესაძლოა ის იყოს, რომ სააკაშვილის ვირტუალურ მმართველობას და ცინიზმსაც ეწურება რესურსები, რასაც თავად „ნაციონალებიც“ აცნობიერებენ. მერაბიშვილის რუსულ მედიასთან კეკლუციც არ უნდა იყოს შემთხვევითი და როგორც ჩანს, ისიც ახალ პატრონს ეძებს. ბოლოს და ბოლოს ყველაფერს აქვს დასწყისი და დასასრული, მათ შორის ავტორიტარიზმსაც, რომლითაც სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ მართავდა ქვეყანას.