„ნაციონალური მოძრაობა“ უკანონო მიგრაციის სკანდალში გაეხვა

„ნაციონალური მოძრაობა“ უკანონო მიგრაციის სკანდალში გაეხვა

სუს-მა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ცანავა დააკავა,  რომელიც ბინადრობის უფლების სანაცვლოდ, ირანის მოქალაქეს თაღლითურად სძალავდა ფულს. ცანავა ყოფილი პოლიციელია, რომელიც 2009 წლის 15 ივნისს, შსს თბილისის მთავარ სამმართველოსთან, ხელკეტით გაუსწორდა საპროტესტო აქციის მშვიდობიან მონაწილეებს. ამასთან, ცანავამ 2024 წელს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 50 000 ლარიც შესწირა.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, ლაშა ცანავა უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს, თავისი კავშირების მეშვეობით, საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც, მას 5 600 აშშ დოლარი მოსთხოვა.

2025 წლის 21 მაისს, უცხო ქვეყნის აღნიშნულმა მოქალაქემ, ცანავას მოთხოვნით, მის ანგარიშზე თანხის ნაწილი ჩარიცხა. ამის შემდგომ, ცანავა მას სისტემატურად უკავშირდებოდა და დარჩენილი თანხის გადახდას დაჟინებით სთხოვდა. შედეგად, აღნიშნულმა პირმა, 2025 წლის 30 მაისს და 12 ივნისს, თბილისში, ცანავასთან შეხვედრებისას, მას დამატებით 2 500 აშშ დოლარი გადასცა. ამრიგად, ცანავა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მის მიერ მოთხოვნილი 5 600 აშშ დოლარიდან, მოტყუებით დაეუფლა უცხო ქვეყნის მოქალაქის 2 650 აშშ დოლარს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო-ვიდეო მტკიცებულებები. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირკვევა, რომ ეს არ არის ერთჯერადი შემთხვევა. გამოძიება ამ მიმართულებით გრძელდება და ახლა უნდა გაირკვეს, ვინ იყო ცანავას თანამზრახველი, უკვე სამოქალაქო რეესტრში. დაკავებული ცანავა არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის მარჯვენა ხელი. ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ცანავას სუს-მა პროვოკაცია მოუწყო.

„ეს კაცი ჩემი ძმაკაცია და არც ერთ ბრძოლაში არ დავუტოვებივარ კი არა, ჩემს წინააღმდეგ „ტიტუშკის“ მოქნეულ - ქვას, ხელს, ხელკეტს, მის თავსა და მუშტს უშვერდა! სიცოცხლის ფასად მეფარებოდა ყველა ჯერზე და მხოლოდ ამიტომ მოუწყვეს პროვოკაცია! დაცვაში მუშაობდა, ღამეებს ათენებდა, მძღოლადაც მუშაობდა, რიგ შემთხვევაში და შეხება ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან... დახმარებას თუ სთავაზობდა საბუთების მოწესრიგებაში, ამაში დანაშაული სად არის?!

იუსტიციის სახლთან, ასეთი დახმარების შეთავაზებით, ასობით ადამიანი დგას და მუშაობს, მაგრამ ლაშას „სუს-ის“ აგენტ-პროვოკატორი მიუგზავნეს და კამერით გადაუღეს. საზოგადოება კარგად ხედავს ჩემს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას - შიდა თუ გარე მტრის მიერ. არ დავიღლები და ვერც ამ ფორმით გამტეხთ! თუ ვინმეს ჰგონია, რომ ლაშა ცანავას სახელს და გვარს დავემალები, ძალიან შემცდარა! ძმობა, მეგობრობა და კაცობა, უპირველეს ყოვლისა“, - წერს ლევან ხაბეიშვილი.

ცანავას დაკავებას „ნაციონალური მოძრაობის“ მზარდ რეიტინგს უკავშირებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა. ბოკუაჩავა აცხადებს, რომ სუს-ის მიერ პარტიაში იმ ფილტრაციას არ დაუშვებს, რაც ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

„პარტიაში სუს-ის ხელის ფათურის მცდელობის შესახებ პრეზიდენტი სააკაშვილი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ საუბრობდა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, არ დავუშვებ სუს-ის მიერ პარტიაში იმ ფილტრაციას, რომელიც მიზნად ისახავს ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგის დისკრედიტაციას და მარგინალიზაციას. „ნაციონალური მოძრაობა“ შედგა, როგორც პოლიტიკური ძალა, რომელიც წარსულის სწორი გააზრებით იხედება მხოლოდ და მხოლოდ წინ, ხვალინდელი, ნათელი, ევროპული დღისკენ“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

სუს-ის  მიერ უკანონო მიგრაციის გამოვლენის საქმეს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. მისი განცხადებით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩართულია უკანონო მიგრაციის ხელშეწყობაში, ძირს უთხრის ქვეყნის განვითარებას.

„ზოგადად, ფაქტი რასაც ეხება და ბრალდება, რომელიც წარდგენილია, შეეხება უკანონო მიგრაციას. ერთი მხრივ, ეს არის დღევანდელი გამოწვევა მსოფლიოში და მეორე მხრივ, ზუსტად ეს საკითხია სინამდვილეში, რაც მნიშვნელოვანია უვიზო მიმოსვლისთვის ევროკავშირთან, რომ საქართველომ არ დაუშვას უკანონო მიგრაცია. ასე რომ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩართულია უკანონო მიგრაციის ხელშეწყობაში, ჩათვალეთ, რომ ძირს უთხრის საქართველოს საერთო განვითარებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნების“ წევრის, თენგიზ შარმანაშვილის მოსაზრებით, ოპოზიციაში ახლა მაინც არ იტყვიან, რომ ამას რაღაც პოლიტიკური მოტივი ჰქონდა. მისი თქმით, რომელი პოლიტიკური პარტიის წევრიც არ უნდა იყოს - „ქართული ოცნების“, თუ სხვა პარტიის, როდესაც პირი სისხლის სამართლის კონკრეტულ დანაშაულს ჩაიდენს, ის პასუხისმგებლობას ვერ ასცდება.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ვურჩევ, საქმე პოლიტიკურ ჭრილში არ გადაიყვანონ. ეს პიროვნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თაღლითობის ბრალდებით დააკავა. იმედია, ახლა მაინც არ იტყვიან, რომ ამას რაღაც პოლიტიკური მოტივი ჰქონდა - არ ვურჩევ! ამავე განცხადებაში, სუს-ის მიერ მითითებული იყო, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და თუ რაღაცების მტკიცებას დაიწყებენ, მის ნამოქმედარს, ალბათ, საჯაროს გახდიან“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, რომ აღნიშნული საქმე ბოლომდეა მისაყვანი და ფიქრობს, დიდი ალბათობით, ეს არის შორს წასული ქსელი და მხოლოდ ერთი ცანავა არ კურირებდა უკანონო მიგრაციას.

„აუცილებლად ბოლომდეა გამოსაძიებელი, რომელსაც, ალბათ, სუს-ი გააკეთებს. ნახეთ, რა განცხადება გააკეთა ეკა კვესიტაძემ - „იმდენად დაბალ თანხაზეა ლაპარაკი, რომ კიდევ ერთ პოლიტპატიმართან გვექნება საუბარია“- ო. მე, ვფიქრობ, რომ ამ ძალის, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“, გამოსწორება არ იქნება. ამათ მიმართ მოხლოდ და მხოლოდ კანონის უზენაესობა და უმკაცრესი მოპყრობა არის საჭირო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, ედიშერ გვენეტაძე.

პოლიტიკის დოქტორის, პოლიტოლოგ ირაკლი გოგავას განცხადებით, საერთოდ, უკონტროლო ემიგრაცია და მიგრაციული პოლიტიკა არის პრობლემა. მისი თქმით, დაახლოებით ორნახევარჯერ გაიზარდა უცხოელების დეპორტაცია, რაც, რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა მოგვარდა.

„კარგია, რომ გაიზარდა დეპორტაციის ფაქტები. როგორც ჩანს, ხალხის აზრი მოისმინეს და ნახეს, რომ განწყობები არის უარყოფითი. რაც შეეხება ამ ფაქტს, ვინმე ცანავა, რომელიც „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრია, ერთ-ერთი პარტიული ლიდერია, 6 000 აშშ დოლარად ირანელებს უკეთებდა პირადობის მოწმობას. იმ 6 000 აშშ დოლარს ვის უხდიდა? ვიღაცასთან ხომ ალაგებდა, ანუ ცანავა მარტო არ მოქმედებდა. საქმეში, დიდი ალბათობით, ჩართულია ვიღაც სახელმწიფო ჩინოვნიკი, ეს არის პრობლემა, როცა ასეთი ფორმით ხდება უცხოელების „გაპრავება“, რისი საჭიროებაც, ჩემი აზრით, არ არის. ამიტომ, ამ ცანავას მეშეობით უნდა მიჰყვნენ და ბიუროკრატებიც უნდა გვაჩვენონ, ვისთანაც მიჰქონდა ეს კორუფციული ფული. ეს მარტო ცანავა არ იქნებოდა. ის, რომ პოლიტსაბჭოს წევრი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, არ გამიკვირდა, მთელი მათი კორპორაცია სავსეა ასეთებით. უფრო ღრმად რომ გაქექონ, თითქმის ყველაზე იპოვიან მსგავს რამეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, ირაკლი გოგავა.

მისი თქმით, ზოგადად, მისასალმებელია, რომ კორუფციასთან დაიწყეს აქტიური ბრძოლა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სელექციური.

„რა თქვა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის წინ, რომ დაჭაობების რისკები არისო და რატომ თქვა? როგორც ჩანს, ჩაფიქრებული ჰქონდა, როცა მოვა შესაბამისი დრო, წმენდას დაიწყებს და, ფაქტია, დაიწყეს. თუმცა, ეს პროცესი სელექციური არ უნდა იყოს. სტალინი რატომ უყვართ დღემდე იმ ადამიანებს, რომლებიც მოესწრნენ მის მმართველობას? იმიტომ, რომ სამართლიანი იყო ამ მიდგომაში. თავისი უახლოესი თანამებრძოლებისა და მეგობრების შვილების დანაშაულს არ პატიობდა, ანუ სამართლიანად თუ მიუდგებიან, ხალხი ამას დაინახავს და დააფასებს. თუ ეს შიდა კლანური გარჩევაა და არასასურველი კონტიგენტის მოშორება, ესეც სასარგებლოა, მაგარამ არა იმ დოზით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას, ირაკლი გოგავამ.

 

 

Gami ნამეტანი სამგლე გოჭივით არის ატეხილი ეს დეგენერატი; გული მიგრძნობს ეს ამის ბოლო "ატეხვაა", კატასტროფა სულ ორ ნაბიჯზეა მისგან.
15 საათის უკან