ბოლო პერიოდში ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ნამდვილი სერიალი გაჩაღდა, სადაც მთავარ როლს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ასრულებს. მას შემდეგ, რაც ხაბეიშვილმა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების შესაძლო დაკავებები იწინასწარმეტყველა, ახლა უკვე საკუთარი დაპატიმრების „აფიშას“ აქვეყნებს, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას უკავშირებს. ანალიტიკოსებისა და მმართველი გუნდისთვის, ყველაფერი ეს, ხაბეიშვილის პოლიტიკურ თამაშსა და შესაძლო „აგენტურულ“ წარსულზე მიანიშნებს.
ლევან ხაბეიშვილის მტკიცებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე, ღამის 12.00 საათისთვის, გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც მისი დაკავების გეგმაზე იყო საუბარი. როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, პოსტში ეწერა ისეთი ფრაზები, როგორებიცაა „ციხის კარები გაიხსნა“ და „ყოველ საღამოს დაიღალნენ ჩემი მოსმენით“. ის ამას „ოცნებასა“ და შსს-ში აბსოლუტურ დეზორგანიზებას უკავშირებს და აცხადებს, რომ „მარტივად არ არის საქმე, ვინ ვის დაიჭერს, მაგასაც ვნახავთ“.
„ღამის 12-ის ნახევარზე დადეს ეს პოსტი, რომ ხაბეიშვილი უნდა დაიჭირონ. ეს არის შს სამინისტროს ოფიციალური გვერდი. ყველამ კარგად იცის, რომ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი მართავს ამ გვერდს. სხვათა შორის, ასეთი სიგიჟე არასდროს არ დაუწერიათ, რომ ციხის კარები გაიხსნა, რომ ყოველ საღამოს დაიღალნენ ჩემი მოსმენით და ა.შ. ეს ყველაფერი აჩვენებს აბსოლუტურ დეზორგანიზებას „ოცნებაში“, შსს-ში და რაღაცნაირად ცდილობენ, ახლა თითქოს ფსიქოლოგიურად ხაბეიშვილზე იძალადონ, რომ დამაკავებენ. ძალიან ცუდი წარმოდგენა გქონიათ ჩემზე, ბიჭებო, ასე მარტივად არ არის საქმე, ვინ ვის დაიჭერს, მაგასაც ვნახავთ, დაგველოდეთ, ძალიან ბევრი საინტერესო რამ ვიცი თქვენს შესახებ. მესმის მათი ისტერიკის და აბსოლუტურად სწორად არიან ისტერიკაში, აბსოლუტურად სწორად ღელავს მინისტრად წოდებული გელა, გეკა თუ ჯეკა. ვწუხვარ, მაგრამ აბსოლუტურ სიგიჟეში ხართ, ბიჭებო“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ამ განცხადებას მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის სკანდალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სუს-ი ლევან ხაბეიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერშიპის დაკავებასა და შეიარაღებული გადატრიალების მცდელობისთვის ბრალის წაყენებას აპირებს, ფალსიფიკაციის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. სააკაშვილი კატეგორიულად უარყოფს ყოველგვარ ძალადობრივ ქმედებებს და აღნიშნავს, რომ მათი ამოცანა „მაქსიმალურად ფართო საპროტესტო ფრონტის შექმნა და შემტევითი, ოღონდ მშვიდობიანი ქმედებებით ხელისუფლების შეცვლაა“.
ხელისუფლებისთვის ლევან ხაბეიშვილის განცხადებები იმის დასტურია, რომ ის „აგენტია“. მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, ხაბეიშვილმა დაადასტურა პრემიერ-მინისტრის მიერ რამდენიმე კვირის წინ გაკეთებული განცხადება, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ხაბეიშვილი, ბიძინა ივანიშვილს, შუამავლის საშუალებით, მოლაპარაკებას სთავაზობდა.
ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ხაბე არ იცვლება და ანიტობას ადასტურებს, ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს აგენტი ვარ, ჩემი პატრონები არ დაიჭიროთ, მოსალაპარაკებლად მზად არიან, ამისთვის კი საჭირო კაცი გვჭირდება, ვინც კორუფციას არ ებრძვის და რაღაცებზე თვალს დახუჭავსო“. ჩიხელიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კორუფცია „წითელი ხაზია, სადაც კომპრომისს ციხე ცვლის“, - ამბობს ანალიტიკოსი.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი კი მიიჩნევს, რომ ლევან ხაბეიშვილს „აბსოლუტურად არ აინტერესებს, რა მდგომარეობაა საზოგადოებაში, ვინაიდან მათი გეგმა არ შეცვლილა“. ვოლსკის თქმით, არსებობს დახურული გეგმები:
„დესტაბილიზაცია მათი მთავარი მიმართულებაა, მათ შორის მათთვისაც, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ. ოპოზიციის მხარდამჭერი საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ გულწრფელები არიან ისინი, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ. ლევან ხაბეიშვილს აბსოლუტურად არ აინტერესებს, რა მდგომარეობაა საზოგადოებაში, ვინაიდან მათი გეგმა არ შეცვლილა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
ექსერტების ნაწილს მიაჩნია, რომ ლევან ხაბეიშვილი ჩვეულებრივი მარიონეტია, რომელიც პიარისთვის იბრძვის. ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, „მყვირალა განცხადებებით“, საკუთარი პოლიტიკური პიარის გაკეთებას ცდილობს. მისი თქმით, ხაბეიშვილი იმის ილუზიას ქმნის, თითქოს ლიდერია და მოძრაობას სათავეში უდგება, რითაც ცდილობს პოლიტიკური ქულების დაწერას და საკუთარი იმიჯის განმტკიცებას საზოგადოების თვალში.
„სახელმწიფო გადატრიალების მუხლი უმძიმესია და ძალიან სერიოზული მტკიცებულებები სჭირდება. ამიტომ, ნებისმიერი ადვოკატი ადვილად გაამართლებინებს ბრალდებულს, თუ რეალური და ხელჩასაჭიდი მტკიცებულებები არ იარსებებს. მე არ ვიცი, რასთან გვაქვს საქმე და რამდენად რეალურია „ქურქუმალ ვაითის“ ტრაბახი სპეცრაზმელების საკითხზე და 4 ოქტომბრის გეგმასთან დაკავშირებით, მაგრამ თუ სუს-ს რამე რეალური ხელჩასაჭიდი აქვს, მაშინ ხაბეიშვილზე გამოხმაურებას „ვივამედის“ კლინიკიდან მართლაც საფუძველი აქვს. სააკაშვილის განცხადება აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, ის ვინმეს იარაღად იქნეს გამოყენებული და ციხისთვის გაწირონ. თუმცა, ბოლო დროს ვაკვირდებით ჩვენი პოლიტიკური ლიდერების ციხეში მოხვედრის სერიოზულ სწრაფვასა და სურვილს. ხაბეიშვილიც რაღაც ამ სტრატეგიით მოქმედებს და ვნახოთ. ვინც კანონს დაარღვევს, ის პასუხსაც აგებს“, - აცხადებს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს „ფეიკი“ და საკუთარი თავის საზოგადოებისთვის შეხსენებაზე ორიენტირებული ქმედება. ქართველიშვილი ეჭვობს, რომ ხაბეიშვილს სურს, პოლიტიკური ლიდერობის ხელში აღება და ყურადღების მისაქცევად, ყოველდღე, „ათას სისულელეს“ ამბობს:
„არაფერი არ არის გასაკვირი და გამოსარიცხი. რა თქმა უნდა, არსებობს ეჭვი და ვარაუდი, რომ შესაძლოა, ხაბეიშვილი კონკრეტული პირების დაკვეთით საუბრობს. ის ამაში, როგორც პრემიერმა თქვა, გასამრჯელოსაც იღებს. თუმცა, არც ის გამოვრიცხოთ, რომ რომელიმე საელჩოს ხელდასმითაც მოქმედებდეს, ან ეს ერთგვარი, კოორდინირებული სტრატეგია იყოს, რომელშიც შესაძლოა, ჩართულები იყვნენ ყოფილი მაღალჩინოსნები, რომელთა მიმართაც ლეგიტიმური კითხვები კორუფციაზე დაისვა.
ამიტომ, ხაბეიშვილი არის ფიგურა, მარიონეტი, რომელსაც კაცმა არ იცის, ვინ მართავს. მისი განცხადებებისა და რაღაც ბოდვების უკან, ყოველთვის სხვა ხელი უნდა დავინახოთ. რაც შეეხება 4 ოქტომბერს, არჩევნები ჩატარდება მაღალ დონეზე. არანაირი არეულობა და არჩევნების ჩაშლის მცდელობა არ გამოვა, მითუმეტეს, ხაბეიშვილის ხელით“, - ამბობს ქართველიშვილი.