საქართველოში ამოქმედდა დეზინფორმაციის „კრიმინალიზაციის“ კანონი, რომლის ფარგლებში, სასამართლოში 300-ზე მეტი საქმე განიხილება. ამ მხრივ, გამონაკლისი არც „ქართუ ჯგუფის“ საჩივარი იქნება „ტვ პირველის“ წინააღმდეგ, რომელსაც სასამართლოში, ცილისწამებისთვის უჩივიან. საქმე ეხება ინფორმაციას, რომელიც ოპოზიციურმა არხმა ფაქტების გარეშე გააშუქა. ბანკის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ გულუა ამბობს, რომ ტელევიზიამ მიზანმიმართულად გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ბიძინა ივანიშვილი, ქონების გადასამალად იყენებდა ბანკს და „ქართუ ბანკი“ ყველაზე გაუმჭვირვალე ინსტიტუტია დღეს, საქართველოში.
„ქართუ ჯგუფში“ თვლიან, რომ ტელეკომპანია რეპუტაციულ ზიანს აყენებს, როგორც ამ საქველმოქმედო ფონდს, ასევე ბიძინა ივანიშვილის ოჯახს, საიდანაც აღნიშნულ ფონდთან ტექნიკური შეხება მხოლოდ უტა ივანიშვილს აქვს და ისიც მხოლოდ ერთ-ერთი თანამფლობელის პოზიციიდან. რეალურად, უტა ივანიშვილი ფონდის საქმიანობაში მხოლოდ იმ ნაწილში ერევა, კონკრეტულად, რომელ საქველმოქმედო პროექტზე უნდა განაწილდეს თანხა. სხვა არანაირი კომერციული სარგებელი „ქართუ ფონდში“ ივანიშვილების ოჯახის არცერთ წევრს არ გააჩნია.
„ამ განცხადებებზე, რაც სრული სიცრუეა, მოხდა ბანკის მხრიდან რეაგირება, ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში. ჩვენ არაერთი სარჩელი გვაქვს წარდგენილი „ტვ პირველის“ წინააღმდეგ, მათ მიერ განხორციელებულ ცილისწამებასთან დაკავშირებით. ბანკი არის ფონდ „ქართუს“ მფლობელობაში და ემსახურება ფონდის პროექტებს, ბანკიდან მიღებული მოგება ემსახურება ფონდის პროექტების განხორციელებას და შემდგომში ეს თანხა ფონდის მიერ საქველმოქმედო მიზნებისთვის იხარჯება.
სხვა პირებზე ბანკის მოგების განაწილება კანონით აკრძალულია. ცილისწამების მიზანია, რომ ბანკი „ქართუს“ დისკრედიტაცია მოხდეს, ის წარმოჩინდეს, როგორც ერთი ჯგუფისა და ერთი პირის ინტერესების გამტარებელ ბანკად, რაც, რა თქმა უნდა, ასე არ არის. ბანკი იცავს ეროვნული ბანკის რეგულაციებს. დაკავშირებულ მხარეებთან საკმაოდ მკაცრი რეგულაციაა“, - განაცხადა ნიკოლოზ გულუამ.
„ბანკი ქართუს“ მიერ „ტვ პირველის“ წინააღმდეგ სასამართლოში წამოწყებულ სასამართლო დავას პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა, რომლის განცხადებით, სიცრუის გავრცელებას, რომელიც საზოგადოების სიკეთის დაზიანებას ემსახურება, რეაგირება უნდა მოჰყვეს.
„ავრცელებს „ტვ პირველი“ ინფორმაციას ისეთ კონტექსტში, რომ თითქოს, ივანიშვილის გამო, „სვიფტიდან“ გათიშვა ემუქრება ამ ბანკს. ბანკს აქვს თავისი ვალდებულებები, მათ შორის, იგივე საერთაშორისო გადარიცხვების სისტემასთან, ამიტომ ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში, ბანკი მოქმედებს არა ვიღაცის მითითებით, არამედ კანონით და წესდებით გათვალისწინებული საკუთარი კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით. ისეთ ცილისწამებას, რომელიც საზოგადო სიკეთეს ეხება და ამ საზოგადო სიკეთის დაზიანება სურს, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს იქნება ერთ-ერთი ხმაურიანი და უპრეცედენტო სასამართლო დავა, სადაც „ტვ პირველს“ მოუწევს ყველა იმ ბრალდების დასაბუთება, რომელსაც წლების განმავლობაში, მიზანმიმართულად ავრცელებდა.
ანალიტიკოსის, ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ არხებს არ მოსწონთ, როცა დეზინფორმაციის გამო, მათ წინააღმდეგ სარჩელს ნახავენ, ასე მოუვიდა „ტვ-პირველს“, „ქართუ ბანკზე“ დეზინფორმაციის გამო სასამართლოში რომ მოუწევთ პასუხისგება და ალბათ, გვარიანი ჯარიმის გადახდაც.
„თუმცა, საქმე უფრო უარესად არის, მათი ეთერებიდან ხშირად ისმის სხვადასხვა ჯურის ოპოზიციური „ბაბლის“ მოწოდებები, რომ თურმე მათთვის არასასურველი ტელეარხები, მაგალითად, „იმედი“, „რუსთავი-2“, „პოს ტვ“ უნდა დადუმდნენ, არსებულ მდგომარეობაზე არ ისაუბრონ და მხოლოდ ხაზარაძე-კეზერაშვილ-ქუმსიშვილის მედიას უნდა დაუთმონ მედია-ასპარეზი. დიახ, ასე თვლიან! ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ამ „ბაბლმა“ თავი საზოგადოების პრივილეგირებულ კასტად წარმოიდგინა. არადა, პლინტუსს ქვემოთ უნდა იმალებოდნენ და რადგანაც ჯეროვან რეაგირებას არ აწყდებიან მათ თავხედობებზე, კიდევ უფრო აუწიეს პატრუქს“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
ანალიტიკოსის, ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, „ტვ პირველი“ რომ სიცრუით, დეზინფორმაციითა და ცილისწამებით გაჯერებული, ჯონჯოლიებით დაქოქილი მანქანაა, ეს საზოგადოებისთვის უკვე კარგა ხანია ცნობილია. მისი თქმით, მათ კვლავ გაავრცელეს მორიგი ცილისწამება და ტყუილი - თითქოს, ბანკი „ქართუ“ SWIFT-ის სისტემიდან გათიშეს და თითქოს ბიძინა ივანიშვილი ამ ბანკს ქონების გადასამალად იყენებს.
როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, საბედნიეროდ, ამუშავდა კანონი ცილისწამების წინააღმდეგ. ამიტომაც, „ტვ პირველს“ პასუხის გაცემა სასამართლოს წინაშე მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიზანმიმართულ მატყუარებსა და ცილისმწამებლებს სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
„უნდა დაიწყოს ის, რაც აუცილებლად დასაწყებია. ნახეთ, რა ვითარებაა - „ტვ პირველი“ იქნება, „ფორმულა“, თუ სხვა საინფორმაციო საშუალებები, ადამიანს შეიძლება დააბრალონ კაცის მკვლელობა; შეიძლება, ცილი დასწამონ, რომ ამ პიროვნებას ამან შვილი მოუკლა; შეიძლება დააბრალონ, თქვან, ჩვენ ვართ ამის მომსწრენიო და ამაზე პასუხს არ აგებენ. გახსოვთ, ალბათ, გადაცემა იყო „60 წუთი“ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, როდესაც ყოფილი კულტურის მინისტრს, ვალერი ასათიანს საზიზღარი რამ დააბრალეს. მოხდა რეაგირება? - არა. იმიტომ, რომ კანონი არ არსებობდა ჩვენთან. ვისაც, რაც უნდოდა, იმას იტყოდა. როგორც უნდოდათ, ისე შეიძლება მოქცეოდნენ ადამიანს. ეს იწვევს ადამიანის არა მარტო ნერვულ დავადებას, არამედ, ხშირ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს აბრალებენ გაუგონარ რამეს, შეიძლება ლეტალურად დამთავრდეს მისი სიცოცხლე.
„დათა თუთაშხიაში“ კარგადაა ასახული, ასინეთას რომ ავალებს სეთური - „მიდი კოკინაშვილ პელანგიასთან, ის ვერ იგებს და უკუღმა ილაპარაკეო“. ზუსტად ამას აკეთებს „ტვ პირველი“. ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს საჯარო პროცესი და ამ ქვეყანაში ტყუილი, ცილისწამება და ადამიანების აბუჩად აგდება სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. იმედი მაქვს, ამ პროცესს მოიგებს ქართული საზოგადოება. ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში დასრულდება ის ვაკხანალია, რასაც აღნიშნული მედიასაშუალებები მიმართავენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, ედიშერ გვენეტაძე.