„მეგობარი აქტი“, როგორც ოპოზიციის მორიგი, ფუჭი იმედი

„მეგობარი აქტი“, როგორც ოპოზიციის მორიგი, ფუჭი იმედი

ლობისტური ჯგუფები საქართველოს წინააღმდეგ „მეგობარი აქტის“ მისაღებად ძალებსა და რესურსებს არ ზოგავენ. მიუხედავად იმისა, რომ სენატში ეს აქტი სამმა გავლენიანმა სენატორმა - რენდ პოლმა, მაიკ ლიმ და მარკუეინ მალენმა დაბლოკა, რომლებიც ტრამპის გარემოცვის წევრებად მიიჩნევიან, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ერთ-ერთმა მათგანმა ბლოკი მოხსნა. ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ, წყაროებზე დაყრდნობით, წერს: „დიდი სიახლე MEGOBARI ACT-ზე - წყაროები მეუბნებიან, რომ სამიდან სენატის ერთ-ერთი ბლოკი მოხსნილია. წინ!“

ოპოზიციის წევრები კი ამტკიცებენ, რომ ეს უკვე დადებითი ნიშანია, რადგან მათ მიეცემათ შესაძლებლობა, „მეგობარი აქტის“ მიღება დააჩქარონ. მათი ინფორმაციით, სენატორები შეცდომაში შეიყვანეს ლობისტურმა ჯგუფებმა, რომ თითქოს აქტი მთელ ერს ასანქცირებდა.

„მეგობარი აქტი“ კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დიდი მხარდაჭერით მიიღო და სენატს გაეგზავნა. სენატიდან პრეზიდენტის მაგიდამდე ორი გზა არსებობს: პროცედურული და დაჩქარებული (hotline). „ჰოთლაინი“ გულისხმობს კანონის სენატში დებატებისა და ცვლილებების გარეშე მიღებას, რასაც ასივე სენატორის თანხმობა სჭირდება. საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ „ჰოთლაინის“ გამოცხადებისას, მას 50-ვე დემოკრატმა სენატორმა „საშვი მისცა“, თუმცა სამმა რესპუბლიკელმა სენატორმა (პოლი, ლი, მალენი) მას „ჰოლდი“ დაადო.

როგორც ცნობილია, რენდ პოლი, ზოგადად, სანქციების წინააღმდეგია, მათ შორის, რუსეთის სანქციების. რაც შეეხება მალენსა და ლის, მათი „ჰოლდი“, სავარაუდოდ, სხვა კანონებზე „ხმების გაცვლას“ ისახავს მიზნად, რაც ამერიკის კონგრესში გავრცელებული პრაქტიკაა. ეს „ჰოლდი“ მუდმივი არ არის და კანონმდებლობის ნაწილია მისი დადებაც და მოხსნაც.

ოპოზიციის  პოზიციით კი, „მეგობარი აქტი“ შეჩერებულია, რაც მხოლოდ „ჰოთლაინის“, ანუ დაჩქარებული მიღების შეჩერებას ნიშნავს. აქტის კანონად ქცევის მეორე გზაა, ის გახდეს NDAA-ის (ყოველწლიური ბიუჯეტის კანონპროექტის) ნაწილი, რა შემთხვევაშიც, მას ასევე სენატორის მხარდაჭერა აღარ დასჭირდება და მარტივი უმრავლესობით (51 ხმით) გავა. არსებული ინფორმაციით, კანონპროექტის ავტორები და თანასპონსორები უკვე მუშაობენ ამ ვარიანტზე.

 საქართველოს ხელისუფლება „მეგობარი აქტის“ სენატში მიმდინარე განხილვებს ყურადღებით აკვირდება და მათ საკუთარ ინტერპრეტაციას აძლევს. მათი მთავარი გზავნილია, რომ აქტი, სავარაუდოდ, ვერ მიაღწევს საბოლოო კანონის სტატუსს და ოპოზიციის მცდელობები, გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე, უშედეგო იქნება.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, სამი გავლენიანი სენატორის მიერ აქტის დაბლოკვა ადასტურებს, რომ კანონპროექტს სერიოზული წინააღმდეგობა ხვდება აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში. ისინი ხაზს უსვამენ, რომ ეს სენატორები ტრამპის გარემოცვის წევრებად ითვლებიან, რაც კიდევ უფრო ამყარებს მათ რწმენას, რომ დონალდ ტრამპი ხელს არ მოაწერს მსგავს კანონს. მათი აზრით, „მეგობარი აქტი“ საქართველოსთან ურთიერთობების გაფუჭებას ნიშნავს, რასაც ტრამპის ადმინისტრაცია არ ისურვებს, მით უმეტეს, ახალი ელჩის შერჩევისა და საქართველოს ელჩის მიღების ფონზე. 

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ „მეგობარი აქტი“ საქართველოში ე.წ. „დიფ სთეითისა“ და მისი აგენტურის მხრიდან პოლიტიკურ პროცესზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად, თუმცა მისი აზრით, ისინი ცდებიან.

„ეს პოლიტიკური ძალები დასავლეთში ცდილობენ, საქართველო ხელიდან არ გაუშვან, ამიტომაც ყველაფერს აკეთებენ ამისთვის. ოპოზიციამ კარგად იცის, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები არაფერს წარმოადგენს და მხოლოდ მათი მხარდაჭერა ვერ ახდენს ხელისუფლებაზე ზეწოლას. ამიტომ მიაჩნიათ, რომ „მეგობარი აქტი“ ბევრად დიდ დარტყმას მიაყენებს ხელისუფლებას და გავლენის ბერკეტი უფრო ძლიერი იქნება.

აქედან გამომდინარე, წინასაარჩევნოდ ოპოზიციის ლობისტებსა და მათ შემქმნელებს ეს აქტი საარჩევნო ბერკეტად სჭირდებათ. მიზანი ქვეყანაში არეულობის შემოტანა და არჩევნების ჩაშლაა, არჩევნების შემდეგ კი ქუჩის ხელახლა გააქტიურება. „მეგობარი აქტის“ მიღების ერთადერთი მიზანი ის არის, რომ ხალხს აჩვენონ, თითქოს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან ოპოზიციას მხარდაჭერა აქვს“, - ამბობს ჩიბურდანიძე.

მისივე თქმით, ეს მხოლოდ ოპოზიციის მხარდამჭერებზე ახდენს გავლენას, თუმცა მათი დიდი ნაწილი უკვე სახლში წავიდა და დაიღალა ოპოზიციის უაზრო და უშედეგო პოლიტიკით.

„ამიტომ, უცხოეთიდან მუდმივად ხდება ოპოზიციისთვის ჟანგბადის მიწოდება. თუმცა, მას ცეცხლად ვერ აქცევენ და ეს ერთგვარი პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელი აქტია, რათა ხალხი ისევ ქუჩაში დააბრუნონ. ოპოზიციის მანიპულაცია იმის შესახებ, თითქოს ამ სამ სენატორს ეს აქტი წაკითხული არ ჰქონდათ და ისინი ლობისტებმა შეცდომაში შეიყვანეს, დიდი აბსურდი და ტყუილია. წარმოიდგინეთ, რამხელა შეურაცხყოფის მიყენებაა, როცა სენატორმა რაღაც ისე დაბლოკა, რომ ის არ წაუკითხავს და თან ეგონა, რომ აქტში საუბარი ქართველი ხალხის დასანქცირებაზე იყო“, - ამბობს ანალიტიკოსი.

მისივე თქმით, სენატში ეს აქტი რომც მიიღონ, მის კანონად ქცევას დონალდ ტრამპის ხელმოწერა სჭირდება. ჩიბურდანიძე მიიჩნევს, რომ 80%-ით გამორიცხულია, ტრამპმა მას ხელი მოაწეროს, მით უმეტეს, ბოლო დროს, ადმინისტრაციის მხრიდან გადადგმული ნაბიჯების ფონზე. 

„ჩვენ ვნახეთ, ადმინისტრაციაში ჩვენი ელჩი როგორი გულდასმით მიიღეს. რამდენი ხანი გაგრძელდა ეს კომუნიკაცია და როგორი მნიშვნელოვანი ფაქტია, ასე სწრაფად გადასცა ელჩმა რწმუნებულები პრეზიდენტს. შესაძლოა, ეს დროში დიდი ხნის განმავლობაში გაწელილიყო, ამიტომ მე არ ველი, რომ ამ პოზიტიური ნაბიჯების ფონზე, ტრამპმა მას ხელი მოაწეროს. ეს იქნება საქართველოსთან ურთიერთობის დასრულების გადაწყვეტილება. ასევე, ძალიან დიდი გულდასმით ხდება ახალი ელჩის შერჩევა, რომელიც საქართველოში უნდა გამოგზავნონ. შესაბამისად, არ ველი ასეთ ხისტ გადაწყვეტილებას ტრამპისგან“, - ამბობს ჩიბურდანიძე.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურად გაკოტრებული და საკუთარ ამომრჩეველშიც კი რეიტინგდაკარგული ოპოზიცია ყველაფერს ებღაუჭება. ანალიტიკოსი for.ge-სთან აცხადებს, რომ ახლა ნებისმიერი ამბავი ოპოზიციისთვის გამოსაყენებელია, რადგან არასწორი ტაქტიკის შედეგად, მათ უმძიმესი სიტუაცია შეუქმნეს საკუთარ თავებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ყველა ბერკეტს, ყველა განცხადებას დასავლეთიდან სათავისოდ იყენებს, იქიდანაც არ აყოვნებს დახმარება და ცეცხლის შეკეთება, ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე ეს გავლენას არ ახდენს. ეს ყველაფერი ისევე გაცვდა, როგორც „ოცნების“ პრორუსულობა და საუბარი იმაზე, თითქოს ქვეყანას რუსეთისკენ აქვს აღებული გეზი.

რა თქმა უნდა, ლობისტები მუშაობენ და „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონის წყალობით გავიგეთ, ჯო უილსონს ფულს როგორ უხდის „ნაციონალური მოძრაობა“ და ამ ხელშეკრულებას პეტრე ცისკარიშვილი როგორ აწერს ხელს. ისედაც ცხადი იყო, რომ ჯო უილსონს და სხვა კონგრესმენებსაც ფულს უხდიან. წარმოიდგინეთ აბსურდი, რაზეც უილსონი საუბრობს, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლებას ჩინური კომუნისტური პარტია და ირანის აიათოლები მართავენ. ხომ ცხადია, რომ ეს ადამიანი ამ ყველაფერში ფულს იღებს. ასეთ სიბინძურესთან გვაქვს საქმე და, რა თქმა უნდა, მათგან ყველაფერია მოსალოდნელი“, - ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, როგორც ევროპარლამენტში არსებობს „სახალხო ფრაქცია“, რომელიც „ნაციონალებთან“ იმდენად არის დაკავშირებული, რომ დღემდე მათი ასოცირებული წევრია, ასევე არიან კონგრესსა და სენატში „ნაციონალების“ მხარდამჭერები და ლობისტები.

„გავიხსენოთ კონგრესმენები - ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი. უილსონზე ხომ საერთოდ აღარ არის საუბარი. შაჰინი და რიში კომიტეტების ხელმძღვანელებიც არიან, ამიტომ მათი გავლენა დიდია. შესაბამისად, კონტაქტების მეშვეობით, ისინი ცდილობენ, ქვეყნის ინტერესები მაქსიმალურად დააზიანონ. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს აქტი კანონის სახეს მიიღებს. ის გაიყინება და შემოიდება თაროზე, როგორც ეს რეზოლუციების შემთხვევაში მოხდა. ამიტომ, ეს პროპაგანდაა, რომლითაც საკუთარ თავისა და ამომრჩევლისთვის იმედის მიცემას ცდილობს ოპოზიცია. მასზე ფუჭ და გადაჭარბებულ იმედებს ამყარებენ“, - ამბობს მამრაძე.