„ლელო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატს ოფიციალურად, 31 ივლისს დაასახელებენ. პოლიტიკურ წრეებში აქტიურად განიხილება, რომ მათი საერთო კანდიდატი, შესაძლოა, ალეკო ელისაშვილი იყოს, თუმცა, ინფორმაციას ამის შესახებ მხარეები არ ადასტურებენ. როგორც პარტიებში ამბობენ, ამ დროისთვის, ჯერ კიდევ მიდის მსჯელობა კანდიდატზე და ამასთან დაკავშირებით, ერთგვარ სოციოლოგიურ კვლევებსაც ატარებენ, რაც თბილისელების გამოკითხვას გულისხმობს, თუ ვინ არის მათთვის სასურველი მერობის კანდიდატი. ანალიტიკურ წრეებში ამბობენ, რომ ელისაშვილის კანდიდატურის წარდგენა თავად ამ პარტიებისთვის იქნება წამგებიანი, რადგან ელისაშვილი არ არის ის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც „ქართული ოცნების“ კანდიდატს არჩევნებში დაამარცხებს, მით უმეტეს, თუკი მმართველი პარტიის კანდიდატი ისევ კახა კალაძე იქნება.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ალეკო ელისაშვილს არ აქვს ის პოლიტიკური წონა, რაც მას 2017 წლის თბილისის მერობის არჩევნების დროს ჰქონდა, რა დროსაც მან სერიოზული შედეგი დადო. ანჯაფარიძის შეფასებით, დღეს ელისაშვილის რეიტინგი დაეცა, რადგან „იაფფასიან პოპულისტად“ გადაიქცა.
„არის იმის ალბათობა, რომ ალეკო ელისაშვილის კანდიდატურა იყოს წარდგენილი - 2017 წელს ის მონაწილეობდა თბილისი მერის არჩევნებში და მეორე შედეგი დადო, შედარებითი მწირი რესურსების პირობებში, მაგრამ აქ არსებობს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: მაშინდელი და დღევანდელი ელისაშვილი ძალიან მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მაშინ ელისაშვილი იყო სამოქალაქო აქტივისტი, თბილისზე შეყვარებული ადამიანი, რომელიც იბრძოდა ისტორიული ადგილების გადასარჩენად და ა.შ. ის აურა, რაც მას დღეს აქვს, ძალიან სერიოზულად განსხვავდება, უარყოფითი კუთხით, იმ აურისგან, რაც მას მაშინ ჰქონდა ამომრჩევლის თვალში.
აქედან გამომდინარე, თუკი მაინც ალეკო ელისაშვილი დასახელდა მერობის კანდიდატად, მას მაინცდამაინც დიდი შანსი არ ექნება. ელისაშვილს ის უარყოფითი შლეიფი, რაც მოჰყვება მას შემდეგ, რადგან სერიოზულ პოლიტიკოსად ვერ ჩამოყალიბდა და გადაიქცა ჩვეულებრივ, იაფფასიან პოპულისტად, არ მგონია, ამან არჩევნებში გამარჯვების საშუალება მისცეს.
ამასთან, თუკი ელისაშვილი დასახელდა, ეს წინააღმდეგობასთან მოვა თანამშრომლობის იმ მემორანდუმთან, რაც გახარიასა და ხაზარაძის პარტიებმა გააფორმეს: იქ ცალსახად იყო ნათქვამი, რომ დასახელებული იქნებოდა უპარტიო კანდიდატი. თუ ელისაშვილი გამოვიდა მისი პარტიიდან, მაშინ რაღაც დაშვებით, კიდევ შეიძლება ამ მომენტს ყურადღება არ მივაქციოთ, მაგრამ ყველამ იცის, რომ ის არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი. ამდენად, არ გამოვრიცხავ, რომ ეს მოხდეს, მაგრამ თუ მოხდება, ის იქნება სუსტი კანდიდატი და ვიხილავთ მონაწილეობას მონაწილეობისთვის“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.
კიდევ ერთი ანალიტიკოსი, რამაზ საყვარელიძე ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ თუკი „ლელოსა“ და გახარიას პარტიები ელისაშვილის კანდიდატურაზე მართლაც შეჯერდებიან, ეს არ იქნება დადებითი შედეგის მომტანი პარტიებისთვის.
„პოლიტიკაში წასვლამ თავად ელისაშვილს კარგი საქმე არ გაუკეთა, ის პოლიტიკური ტიპაჟი ნაკლებად არის და პოლიტიკურ კონტექსტში არ აღიქმება, როგორც სერიოზული შედეგის მომტანი ფიგურა. რაც შეეხება სამეურნეო ასპექტს, მას საერთოდ არანაირი რეიტინგი არ აქვს - ამ ნიშნით, მისი კანდიდატურის გაყვანა და გამარჯვება გართულდება, ხოლო მხარეების შეფარდებით, ვგულისხმობ „ქართული ოცნების“ შესაძლო კანდიდატს, მეეჭვება, რომ ელისაშვილმა გადაწონოს კალაძე. კიდევ ვინ შეიძლება იყოს ასეთი მეურნე, მიჭირს თქმა“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ, For.ge-სთან საუბარში.