გამოძიება ჯუანშერ ბურჭულაძეზე გავიდა?

გამოძიება ჯუანშერ ბურჭულაძეზე გავიდა?

ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, კორუფცია ქვეყნის ღალატად უნდა შეფასდეს. ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კორუფციაში ჩართულობას გამორიცხავს, თუმცა დასძენს, ეს არ ნიშნავს, რომ ამ კუთხით გამოძიება უნდა გაჩერდეს. ვიცე-სპიკერის განცხადება ადასტურებს, რომ ხმაურიანი გამოძიებების ფინალიც არანაკლებ სკანდალური და ხმაურიანი იქნება. ამავე კონტექსტში, ვოლსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არა აქვს არც ერთ გვარსა და თანამდებობას, თუკი სახელმწიფოს ინტერესებს უპირისპირდება.

„რასაკვირველია, ვინმეს დაჭერა-დაკავება თვითმიზანი არ არის. კორუფცია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ის საკითხია, რაც ქვეყანას ანგრევს. ეს იმ დონეზე უნდა იქნას განხილული, როგორიცაა ქვეყნის ღალატი და პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს ნებისმიერი ადამიანი, რა წარმომავლობისაც არ უნდა იყოს და რომელ პოლიტიკურ გუნდშიც არ უნდა იყოს. ეს პასუხისმგებლობა ოპოზიციაში ითარგმნება, როგორც კლანებს შორის დაპირისპირება.

არის არა კლანების დაპირისპირება, არამედ საქართველოს ინტერესების დაპირისპირება იმასთან, რასაც კორუფცია ჰქვია. აქ სხვა არაფერი არ არის. ვის გვართანაც არ უნდა მიდიოდეს - რა გვარისა და რა წარმომავლობის ადამიანიც არ უნდა იყოს, ქვეყნის წინაშე ღალატის ეს დონე, რასაც მასშტაბური კორუფციის ხელშეწყობა და მასში ჩართულობა ჰქვია, დაუსჯელი არ დარჩება! გადახედეთ რეიტინგებს - კორუფციასთან ბრძოლაში საქართველო, მათ შორის, ევროკავშირის არაერთ ქვეყანას მნიშვნელოვნად უსწრებს წინ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, მის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის გარემოცვის პასუხისმგებლობაზე საუბარი ნიშნავს თუ არა იმას, რომ ამ მიმართულებით, ჯუანშერ ბურჭულაძისა და ირაკლი ღარიბაშვილის პასუხისმგებლობაც არის საკვლევი, ვოლკიმ განაცხადა, რომ უყურადღებოდ არავინ დარჩება.

„გამომძიებელი არ ვარ, მაგრამ კლასიკა იმას მოითხოვს, რომ ყველაფერი შეფასდება. რასაკვირველია, არავინ უყურადღებოდ არ დარჩება, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართულებით კითხვების დასმა, გვარების წამოწევა, რასაკვირველია, გარკვეულ პოლიტიკურ მიზანს ემსახურება. ეს რამე მზაკვრული გეგმა არ არის - ეს ჩვეულებრივი ამბავია და კრიტიკულმა მედიამ ასე უნდა ისაუბროს, მაგრამ ამის უკან არის გარკვეული აზრი და გეგმა, რომ როგორმე, ხელისუფლების მიმართ უნდობლობა შეიქმნას.

ჩვენთვის არც ერთ გვარს, არც ერთ თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს, თუკი ეს სახელმწიფოს ინტერესებს უპირისპირდება. საერთოდ, არასდროს არაფერი არ უნდა გამორიცხო! პირადად მე გამოვრიცხავ, რომ ამაში კიდევ ვიღაც ადამიანები შეიძლება იყვნენ ჩართული, მაგრამ ჩემი გამორიცხვა იმას არ ნიშნავს, რომ გამოძიება ამ მიმართულებით უნდა გაჩერდეს. პირადად მე გამოვრიცხავ იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შეიძლება რამე ცუდ საქმეში იყოს ჩართული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოძიებამ წესები უნდა დაარღვიოს. თუკი საჭიროა გია ვოლსკის, ირაკლი ღარიბაშვილის, თუ ვისიც გინდა, გამოკითხვა, ამაზე გამოძიება უკან არ დაიხევს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

არაოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება უკვე გავიდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის კვალზე. გახმაურებული საქმის პროკურორი ადასტურებს, რომ გამოძიების პროცესში შეფასდება ჯუანშერ ბურჭულაძის ქმედებებიც. როგორც ირაკლი მარშანიამ აღნიშნა, საქმეზე გამოძიება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.

„ამ ეტაპზე, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ აღნიშნულში მონაწილეობდნენ, კერძოდ, ეს მოხდა 2023 წელს, იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა, შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის ნათესავი ვასილ მხეიძე. მათ შექმნეს არაკონკურენტული გარემო და შესყიდულ იქნა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა. ეს არის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და გაფლანგულ იქნა, დაახლოებით, 1 300 000 ლარზე მეტი, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხა.

სავალდებულო არ არის, კონკრეტულ კორუფციულ საქმეზე ვიღაცა მოვიდეს და განაცხადოს კონკრეტული ფაქტის შესახებ. მოცემულ საქმეზე იყო შესაბამისი ოპერატიული ინფორმაცია. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. მოპოვებულ იქნა არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, გაყალბებული დოკუმენტები, ექსპერტიზის დასკვნა, რაც ადასტურებს ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას. იმის თქმა, რომ მტკიცებულება საქმეში არ არის, დაუსაბუთებელი პოზიციაა“, - განაცხადა ირაკლი მარშანიამ.

კითხვაზე, გამოიკითხა თუ არა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, პროკურორმა აღნიშნა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კითხვას ვერ უპასუხებს.

„ყველა საგამოძიებო ვერსია შემოწმდება, მათ შორის, ჯუანშერ ბურჭულაძის ქმედებებიც იქნება შეფასებული გამოძიების პროცესში. ვინ გამოვკითხეთ, რა მიმართულებით მივდივართ, რა ვერსიებს ვამოწმებთ, ამასთან დაკავშირებით სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ირაკლი მარშანიამ.

თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურსა და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. ღუდუშაურსა და ხაინდრავას - განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებიან, მხეიძეს კი - გაფლანგვაში დახმარებას.

ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში, მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით, გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება. საბოლოოდ, ბრალდებულებმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებით სარგებლობენ. თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ სასამართლოზე აღნიშნა, რომ ბრალდებას გაეცნო და არ ეთანხმება. სასამართლოზე დაკავებულების ადვოკატებმა გირაო მოითხოვს და გირაოს თანხად, თითოეულმა 100 000 ლარი დაასახელა. ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი. როგორც მან განმარტა, მხეიძის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმეა, რომელმაც მას ხელი დაადო, რათა საკუთარი თავი ბორკილების დადებისგან ეხსნა.

„100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დავაყენეთ. თუკი, სასამართლო თანხის მეტ ოდენობას ჩათვლიდა საჭიროდ, აღნიშნულის უზრუნველყოფას უძრავი ქონებით მოვახდენდით“, - აღნიშნა ტარიელ კაკაბაძემ.

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა ადვოკატმა, დიმიტრი მჭედლიშვილმა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც სასამრთლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა. როგორც ადვოკატი აცხადებს, ბრალდების მხარის მიერ გაჟღერებული ბრალდებები უსაფუძვლოა.

დოი გამოდგება ახლა შმოპოზიცია...ვინც დამნაშავეა,პასუხი აგოს,ნავია,ქოცია თუ სხვა!
19 საათის უკან